უეინ რუნი აცხადებს, რომ ინგლისის თასიდან გავარდნა რთულად გადასატანია.
მეოთხედფინალურ ეტაპზე "ერთმანეთს" "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" შეხვდნენ - გუნდები, რომელთაც ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ აქვთ მოგებული მსოფლიოს უძველესი სათასო ტურნირი.
პირველ ტაიმში ნაჩო მონრეალის გოლს უეინ რუნიმ თავურით უპასუხა, თუმცა კაპიტნის მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ანტონიო ვალენსიას შეცდომით დენი უელბეკმა ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გასვლის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ გამარჯვებისთვის საკმარისი შანსები შევქმენით. მეორე ტაიმში გოლის ისე გაშვება, როგორც ეს ჩვენ შემთხვევაში მოხდა, ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ თამაშის მიმდინარეობას უნდა მივყოლოდით. საქმე გაგვირთულეს და თავს კარგად იცავდნენ.
ჩაკეტილი თამაში იყო. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. შეცდომები ხდება, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა სწორედ შენ უშვებ შეცდომას, რომელიც გოლად გიჯდება. რთულად გადასატანია, მაგრამ მტვერი უნდა ჩამოვიფერთხოთ და კვირისთვის მოვემზადოთ." - განაცხადა რუნიმ.
კაპიტანი ჯერ კიდევ რჩება ინგლისის თასის გარეშე, მაგრამ ის იმით უფრო არის იმედგაცრუებული, რომ გუნდმა თასის მოპოვების მე-12 შანსი გაუშვა ხელიდან.
"მინდა თასი გუნდისთვის და გუნდთან ერთად მოვიგო. საქმე მხოლოდ იმას არ ეხება, რომ ინგლისის თასის მოგება მე მსურს. სწორედ ამიტომ გვიჭირს დღეს ტურნირის დატოვების გადატანა. ვიცოდით, თუ დღეს გავიმარჯვებდით, თასის მოპოვების კარგი შანსი გვექნებოდა." - დაასრულა რუნიმ.