ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ უეინ რუნი ინგლისის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მოტივირებას შეძლებს, რადგან კაპიტანი ცდილობს აღნიშნული ტიტული კარიერაში პირველად აღმართოს.
2005 წელს ინგლისელმა "მეთოფეების" წინააღმდეგ ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ პენალტების სერიაში 11-მეტრიანის რეალიზება მოახერხა, დამარცხებული გუნდის რიგებში აღმოჩნდა.
ორი წლის შემდეგ კი მისი გუნდი კიდევ ერთმა ლონდონურმა გრანდმა, "ჩელსიმ" დაამარცხა.
"დარწმუნებული არ ვარ როგორ აპირებს რუნი გასახდელ ოთახში გუნდის მოტივირებას, მაგრამ ვიცი, რომ შეძლებს. როგორც კაპიტანი და მოთამაშე, ის ძალიან მოტივირებულია. მას ტიტულის მოგება სურს და ინგლისის თასი ჯერ არ მოუგია. ჩემი პირველი ტიტული ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უდიდესი ემოციები განვიცადე. "ნიუკასლთან" მატჩში ნახავდით, როგორი მოტივაციით თამაშობდა, დარბოდა და პრესინგს მიმართავდა, ის ფანტასტიურია." - განაცხადა ვან გაალმა.
ფეხბურთში წარმატებას ხანდახან მეორე წარმატება მოსდევს და ვან გაალი შესანიშნავად აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს გუნდისთვის 11 წლის განმავლობაში თასის პირველად მოგება.
"ყოველთვის გინდა რამის მოგება: მოთამაშეებს, მენეჯერებს, ქომაგებს. როცა იგებ რამეს, ინგლისის თასის მსგავსს, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ ბიძგს გაძლევს, როცა იღებ იმას, რისთვისაც იბრძვი, ნასიამოვნები რჩები." - დაასრულა ვან გაალმა.