"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი აცხადებს, რომ ანხელ დი მარია არავითარ არასაკმარის თავდაჯერებულობას არ განიცდის და მომავალში აუცილებლად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს.
გასულ ზაფხულს "წითელმა ეშმაკებმა" არგენტინელი ვინგერი პრემიერ ლიგისთვის სარეკორდო თანხად, 59.7 მლნ. ფუნტად იყიდეს.
საწყის 5 მატჩში სამი გოლის გატანის შემდეგ არგენტინელმა თამაშს და შედეგებს მკვეთრად მოუკლო.
ბოლო 19 მატჩში 27 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა თავის გამოჩენა, თუმცა რაიანს მიაჩნია, რომ დი მარია თავის უმაღლეს კლასს ჯერ კიდევ გამოავლენს.
"ვფიქრობ, მისი თავდაჯერებულობა მწყობრშია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი იმედი გვექნება, რადგან ახლა ერთ დიდ მატჩს მეორე მოსდევს.
მოთამაშეები ახალ ლიგას ეჩვევიან - ეს ხან სწრაფად ხდება, ხან მცირე დროს მოითხოვს. სეზონი მართლაც კარგად დაიწყო, მაგრამ ისეთი ფეხბურთელების შემთხვევაში, რომლებიც რისკავენ და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან რთულია, რადგან ცდილობენ გააკეთონ ისეთი რამ, რასაც სხვები ვერ აკეთებენ.
მათ ასეთი რამ შეუძლიათ, ამიტომ მოაქვთ გამარჯვებები და ითვლებიან საუკეთესოებად." - განაცხადა გიგზმა.