1999 წლის 7 მარტს რაიან გიგზის მიერ "მეთოფეების" კარში გატანილმა საოცარმა გოლმა "წითელ ეშმაკებს" ტრებლისკენ გაუკვალა გზა.
დენის ბერგკამპის მიერ დარტყმული პენალტი პეტერ შმეიხელმა მოიგერია. ამის შემდეგ "არსენალის" ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა, რითაც რაიან გიგზმა ისარგებლა და "ვილა პარკის" ნახევარი მოედანი გადათამაშების მატჩში ბურთთან ერთად მარტომ გაირბინა, რის შემდეგაც სიმენს საოცარი გოლი გაუტანა.
"ამ გოლმა მათი სეზონი გადაწყვიტა - 1999 წელი "იუნაიტედისთვის" სასწაული იყო." - განაცხადა ვენგერმა.
ვენგერი ინგლისის თასის იმ დაპირისპირებაზე წინა ღამით საუბრობდა.
მასა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის დაძაბული ურთიერთობა არავისთვის არ არის უცხო და ფრანგს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედი" გაცილებით სუსტი გუნდია.
"ძალიან ადრეა ამის თქმა - ვფიქრობ, ისინი ჯერ კიდევ ძლიერები არიან. ჩავდივართ იქ და "იუნაიტედისგან" არავითარ სისუსტეს არ ველოდებით.
ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გვინდა გასვლა, კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რადგან ბოლო 22 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ წააგეს.
ფერგისთან ერთად ისინი ხანდახან მაშინაც კი იგებდნენ, როცა სრულიად საოცარი არ იყვნენ. ვერც ერთი მწვრთნელი ვერ აჩვენებს ყოველთვის ერთსა და იმავე ხარისხს.
დღეს ყოველდღე შესანიშნავი უნდა იყო, მაგრამ ჩვენი პირველი დავალება მოგებაა.
"იუნაიტედის" წინააღმდეგ დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. უბრალოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ: "ნუ მივაქცევთ ყურადღებას "იუნაიტედს", მოდით ჩვენს თამაშზე ვიფიქროთ".
ვიცით, მათ მცირე უპირატესობა აქვთ. ისინი სახლში თამაშობენ, სადაც თავდაჯერებულობას გრძნობენ. ამის გადასალახად უფრო მეტი თავდადება უნდა ვაჩვენოთ და ტოპ-კლასის მატჩი ჩავატაროთ.
ეს არ არის ერთი უბრალო მატჩი, რადგან ეს არის ინგლისის თასის მეოთხედფინალი. აქამდე იქ ყოფნისთვის ვიბრძოდით და გვინდა ნახევარფინალშიც გავიდეთ.
წლების განმავლობაში ჩვენი მატჩები პრემიერ ლიგის გამარჯვებულის ბედს წყვეტდა. ახლა ასე არ არის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დიდი მატჩია."
"შეუძლიათ თუ არა ისევ დიდი გუნდი ჰყავდეთ? რა თქმა უნდა, შეუძლიათ."
და გიგზის გოლი? ვენგერმა განაცხადა: "ვფიქრობ, სწორედ იმ გოლმა მოიგო ტრებლი, რადგან დენის ბერგკამპს რომ გაეტანა თამაში დასრულებული იქნებოდა.
ეს იყო ნეგატიური სახის ზეწოლა ჩვენთვის, მათთვის კი პოზიტიური. ამის შემდეგ ბერგკამპს პენალტის დარტყმის სურვილი აღარ გასჩენია, იმ გოლმა კი მათ ტრებლი მოაპოვებინა.
ჯერ კიდევ მახსოვს იმ გუნდის ყვირილი, გამარჯვების შეძახილები - ამას ვერ იჯერებდნენ, რადგან კაცნაკლულები იყვნენ. ამან კი ისინი მწვერვალზე აიყვანა.
შემდეგ ტიტულიც მოიგეს - ისინი "ბლექბერნს" ეთამაშებოდნენ, ჩვენ კი "ლიდსთან" ბოლო წუთზე დავმარცხდით.
ამის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბოლო წუთებზე მოიგეს - '99 წელი "იუნაიტედისთვის" სასწაული იყო. სწორედ იმ გოლმა გადაწყვიტა მათი სეზონი." - დაასრულა ვენგერმა.