რაიან გიგზმა განაცხადა, რომ "ნიუკასლის" წინააღმდეგ ეშლი იანგის მიერ გატანილი გოლი აღნიშნა, მაგრამ ემოცია იმიტომ შეიკავა, რომ იცოდა, მატჩი ჯერ დასრულებული არ იყო.
იანგმა გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, კამერებმა კი გახარებული ლუი ვან გაალი და თავშეკავებული რაიან გიგზი გადაიღო.
ამას კი მედიაში მწვრთნელსა და ასისტენტს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ხმების გავრცელება მოჰყვა. თუმცა გიგზი აცხადებს, რომ ვან გაალთან ერთად მუშაობა იზიდავს და იანგის გოლიც აღნიშნა.
"აღვნიშნე, მაგრამ შემდეგ, როგორც მოთამაშედ ყოფნისას, მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა ავღელებულიყავი, რადგან მატჩი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
სწორედ ეს მოხდა სინამდვილეში. მედიას კი უყვარს პატარისგან დიდის შექმნა.
სიამოვნებას ყოველდღე ვიღებ. მსიამოვნებს ფეხბურთელებთან მუშაობა და მსიამოვნებს ისეთი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნა, რომელსაც მრავალი რამ აქვს მოგებული.
შესანიშნავად მექცევა და დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა.
მწვრთნელობა ძალიან განსხვავდება მოთამაშეობისგან. მსიამოვნებს ეს და ყოველდღე ვსწავლობ." - განაცხადა გიგზმა.