"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, "ნიუკასლის" წინააღმდეგ სწორედ ის სქემა გამოიყენა, რაც "ოლდ ტრაფორდზე", "სანდერლენდთან" მატჩში. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ უეინ რუნიმ გამოკვეთილი ფორვარდის როლი შეითავსა, ხოლო მისი ადგილი მარუან ფელაინიმ დაიკავა.
შეცდომები
თუკი დი მარიას შეცდომის შემდეგ წარმოქმნილ მინი-საფრთხეს არ ჩავთვლით, "ჯორდებმა" დავიდ დე ხეას კართან 3 მართლაც სახიფათო შეტევა განახორციელეს და სამივე მათგანი შეხვედრის მეორე ნახევარში.
49-ე წუთი
მასპინძლებმა მოედნის ცენტრთან ახლოს დანიშნული ჯარიმის მოედანში ჩაწოდება და მეორე სართულზე ბრძოლა გადაწყვიტეს, რამაც ნაწილობრივ გაამართლა. ანდერ ერერამ წააგო საჰაერო დუელი, მასზე გაცილებით მაღალ და ძლიერ ფაბრისიო კოლოჩინისთან, რომელმაც იდეალური გადაცემა გაუკეთა რივიერს, რომელსაც წესით მარუან ფელაინი მეურვეობდა, თუმცა ბელგიელს შემტევი გაექცა და ძალიან სახიფათო მომენტიც შეიქმნა. დე ხეამ სიმშვიდე შეინარჩუნა და მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყვიტა ბურთზე თამაში, ჩანაფიქრი იდეალურად შეასრულა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
67-ე წუთი
სახიფათო ეპიზოდი ამჯერადაც სტანდარტს მოჰყვა, თუმცა წინასგან განსხვავებით ჯარიმა "იუნაიტედის" სასარგებლოდ იყო დანიშნული.
ჩაწოდების განეიტრალება "კაჭკაჭებმა" ძალიან ადვილად მოახერხეს და მაშინვე პრესინგს მიმართეს. ბურთი ერერას მიუვიდა, რომელიც შეცდა და "ნიუკასლის" ფეხბურთელები კონტრ შეტევაზე გაიქცნენ.
მოდით, კარგად დავაკვირდეთ ეპიზოდს, რა სიტუაციაში აღმოჩნდა ესპანელი ნახევარმცველი.
ანდერმა ბურთი მიიღო, თუმცა ერთი შეხებით პასის გაკეთება არ შეიძლება არც ერთ ფლანგზე, რადგან მეტოქის პრესინგი ძალიან ახლოსაა და ეს ძალიან სახიფათო კონტრ-შეტევას გამოიწვევს.
ერერა სწორ გადაწყვეტილებას იღებს, როდესაც უკან ტრიალდება და ევანსისკენ გადაცემის გაკეთებას ცდილობს.
თუმცა უკნიდან მეტოქის ხელისკვრამ ანდერს წონასწორობა დააკარგვინა და იგი დაეცა, რის შემდეგაც მასპინძლები ორი-ერთზე გარბიან შეტევაში. ამ ეპიზოდში შეხვედრის არბიტრის მიმართ პრეტენზიაც სამართლიანი იქნება, თუმცა ეს ესპანელს არ ამართლებს- უნდა იყო მზად ყველანაირი კონტაქტისთვის, რადგან შეიძლება თამაში არ შეჩერდეს. ეს ინგლისია.
90-ე წუთი
გაშვებული გოლის შემდეგ, "ნიუკასლის" ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება გადაწყვიტეს და პირველივე შეტევა შეიძლება გოლით დასრულებულიყო.
მატამ და იანგმა არასაკმარისად კარგად ითამაშეს სისოკოს წინააღმდეგ, რომელმაც მოახერხა ფლანგიდან ბურთის ჩაწოდება. დავაკვირდეთ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს, რომლებიც უპატიებელ შეცდომას უშვებენ. საჯარიმოში ერთადერთი სახიფათო ფეხბურთელია და ისიც უმეთვალყურეოდ არის დატოვებული, ასევე დიდი სივრცე აქ გუფრანს, რომელიც სიღრმიდან შერბის საჯარიმოში. ძალიან არაორგანიზებული თამაში დაცვაში უკანასკნელ წუთებზე.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი უკანსკნელ წუთზე გავიდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდმა ბოლო 10 წუთი გაცილებით ცუდად ჩაატარა, ვიდრე წინა 80.
პანიკის მომენტები
ხანდახან "იუნაიტედის" მოთამაშეები არ არიან ცივსისხლიანები. სურათზე ნაჩვენებია მოგერიების მომენტი, რომელიც აუცილებელი გახდა საჯარიმოში მოგებული საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ. ბურთთან პირველი ერერაა, რომელსაც ახლოს არცერთი მოწინააღმდეგე არ ჰყავს და იმის მაგივრად, რომ წყნარად და მშვიდად შეტევა წამოიწყოს, ძლიერი დარტყმით იგერიებს ბურთს წინ და მისი მოპოებისთვის ბრძოლა ახლიდანაა საჭირო.
დაკვირვება
დაცვიდან ამოსვლა
ტიპური სურათი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" - მეტოქის მაღალი პრესინგი. ასეთ მომენტებში მეტოქე ძალიან ერთობა ამ კომპონენტით, რისთვისაც საჭიროა მისი დასჯა სწრაფი კონტრშეტევის საშუალებით.
ერთ-ერთი ვარიანტი დაცვიდან სწრაფი ამოსვლის არის ფლანგების გამოყენება. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელ "იუნაიტედში" ირიცხებიან იანგი, იანუზაი, დი მარია და ვალენსია, ვფიქრობ, ეს ძალიან ეფექტური იქნება.
მაგალითად.
სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში დი მარია არ იყო მზად წინ გაქცევისთვის, რადგან უკან დაიხია ბურთის მისაღებად.
ვარიანტები შეტევაში
აქტიური ფლანგები, ცენტრიდან დახმარება ბლინდისა და ერერას სახით, ძლიერი შემტევები საჯარიმოში - ეს არის ის, რამაც "იუნაიტედს" მისცა შეტევის განვითარების სხვადასხვა ვარიანტები.
თვალსაჩინო მაგალითი. დი მარია იღებს ბურთს ფლანგიდან, მის უკნიდან საჯარიმოში შერბის ერერა, ცენტრიდან დასარტყმელად დეილი ბლინდი ემზადება, ხოლო საჯარიმოში ორი მოთამაშე იხსნება, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქის კარის აღება.
სამწუხაროდ, ანხელმა ყველაზე გამოცნობადი ვარიანტი აირჩია - ჩაწოდება ფელაინიზე - პასმა ადრესატამდე ვერ მიაღწია.
მეტოქის ტაქტიკური სისუსტე
დი მარიას - ცაცია მოთამაშისთვის, ვალენსიასთან ბურთის გათამაშების შემდეგ, ყველაზე გამოცნობადი შეტევის გაგრძელება არის ბურთის საჯარიმოში ჩაკიდება ცენტრისკენ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ.
რა უნდა გააკეთოს ამ დროს გუნდმა, რომელიც დაცვაში იმყოფება? აიყვანონ შემტევები, რომლებიც საჯარიმოში იმყოფებიან. სურათზეც კი ჩანს, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები იმყოფებიან მცველებს შორის და ძალიან დიდი სივრცე აქვთ. კარგი პასის შემთხვევაში ეს საგოლე მომენტია.
ასეც ხდება, ფელაინი იღებს ბურთს მარტოდმარტო და ურტყამს კარში.
კრულმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა, თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება, რადგან ბურთი საჯარიმოში მყოფ ეშლი იანგს მისდის. ვცადოთ გავაანალიზოთ, რატომ არ გავიდა ამ მომენტში გოლი.
რატომ არ დაარტყა ეშლიმ ერთი შეხებით?
მე რამდენიმე მიზეზს ვხედავ. პირველ რიგში, ბურთი ჰაერშია და ერთი შეხებით დარტყმა სახიფათოა, რადგან არავის სურს ასეთი მომენტის გაცუდება. ვფიქრობ, ცაცია შემტევი ამ ბურთს ნახტომში დაარტყამდა და ჩიჩარიტოს სტილში გაიტანდა. მეორე მიზეზად მიმაჩნია ის, რომ კუთხე საკმაოდ მახვილია.
ამიტომ, ეშლიმ გადაწყვიტა პრაგმატულად ემოქმედა და ბურთი დაამუშავა.
ბურთის მიღების შემდეგ, იანგს კვლავ ძალიან კარგი შანსი აქვს, თუმცა ,სამწუხაროდ, დარტყმა კარგი არ გამოუვიდა. უნდა გაეტანა.
ვარიანტი იყო ასევე რუნიზე პასის გაკეთება, თუმცა ჰკითხეთ საკუთარ თავს: "ნუთუ, ამ სიტუაციაში რომ ვყოფილიყავი, არ დავარტყამდი კარში?", როგორც ჩანს, ამ ეპიზოდში გადაცემას მხოლოდ მატა გააკეთებდა.
ერერას და ბლინდის პრესინგი
მოედნის ცენტრში ორი მოთამაშის ყოლა გაძლევს საშუალებას, ერთ-ერთი მათგანს პრესინგის თამაში დაავალო. უმეტესად მეტოქეს ერერა აწუხებდა, რომელიც ბლინდზე ოდნავ მაღლა მოქმედებდა, თუმცა არც დეილი უშინდებოდა უკნიდან "კაჭკაჭების" შეტევის ჩაშლას.
ერთ-ერთ ასეთ პრესინგს საკმაოდ სახიფათო მომენტიც მოჰყვა.
რატომ ფელაინი?
ერთ-ერთი კითხვა, რომელიც გულშემატკივარს ვან გაალის მიმართ უჩნდება: "რატომ გაამწესა მან ფელაინი და არა მატა"?
თუკი "ჯორდების" შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათ ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური გუნდი ჰყავთ. ვფიქრობ, ფელაინი სწორედ ამიტომ აირჩია ჰოლანდიელმა. მარუანს შეეძლო ბრძოლა გაემართა ფიზიკურად ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, როგორც მეტოქის, ისე საკუთარ საჯარიმოში. ასევე, იგი ძალიან კარგად თამაშობს მეორე სართულზე, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა 2 ძალიან სახიფათო მომენტი.
კაპიტანი
უეინ რუნი. კაპიტანი უეინ რუნი.
ფეხბურთელი, რომელმაც დი მარიასთან ერთად 2015 წელს ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა. შენელებული მოძრაობა, პოზიციების დაკარგვა, არაზუსტი გადაცემები, ჩვენ ვიხილეთ ეს ყველაფერი რუნის შესრულებით ბოლო მატჩებში. ახლა უეინი თითქოს ახლიდან დაიბადა, მას შემდეგ, რაც მან შეტევაში თამაში დაიწყო. ზედიზედ მეორე მატჩში შეგვიძლია, კაპიტანი საუკეთესოებს შორის ჩავწეროთ. "ნიუკასლთან" მატჩში რუნიმ აჩვენა ფალკაოს, თუ როგორ უნდა ითამაშოს თავდამსხმელმა ინგლისში. გამუდმებით მცველების შეწუხება, ბურთისთვის ბოლომდე ბრძოლა - სწორედ ეს არ გვყოფნიდა ბოლო ხანებში.
შეცვლები
მცველის ნაცვლად ჩამშლელი ნახევარმცველის შემოყვანა მაშინ, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0-0 იყო, ხუმრობების საბაბი გახდა, თუმცა ამ ქმედებაში ლოგიკის მარცვალი მაინც მოიძებნება. ცვლილებამდე რამდენიმე წუთით ადრე მარკოს როხომ, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, უხეშად ითამაშა და გაგდებას გადაურჩა, რა თქმა უნდა, არავის სურს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის გამოკლება, თანაც ისეთ საჭირო მატჩებში, რომელიც "იუნაიტედს" აქვს, სწორედ ამიტომ ვან გაალმა თავი დაიზღვია და მეოდანზე მაიკლ კერიკი შემოუშვა.
დასკვნა
ბოლო რამდენიმე შეხვედრაში მსგავსი სქემითა და მოთამაშეებით თამაშმა, "იუნაიტედს" შესძინა სტაბილურობა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის წინ. რაღაც კონტურები უკვე "სოუნსისთან" მატჩსიც გამოჩნდა, თუმცა შემტევი ფეხბურთის განვითარება "სანდერლენდთან" მოხდა. "ნიუკასლთან" შეხვედრაში, კი გუნდმა შეძლო თითქმის მთელი მატჩის შეტევაში გატარება და გამუდმებით მეტოქის კარზე ზეწოლა.
ამასთან, უახლოეს მატჩებში გადაადგილებებს უნდა ველოდოთ მოედნის ცენტრში. ახლადდაბრუნებულმა კერიკმა, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიკავოს ადგილი ,ძალიან კარგ ფორმაში მყოფ ანდერ ერერასთან ერთად. ბლინდი კი ფლანგზე გადაინაცვლებს და იანგთან ერთად შეეცდება შეტევების გამწვავებას.
ასე რომ, კერიკის დაბრუნების "მსხვერპლი" შესაძლოა ლუკ შოუ აღმოჩნდეს, რომელიც ბოლო 2 მატჩია ისედაც ვერ არხერხებს ასპარეზობას.
P.S
აი, რა მოხდა სინამდვილეში სათადარიგოთა სკამზე, გოლის შემდეგ:
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.