"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ "მონაკოს" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სეზონის ბოლოს რადამელ ფალკაოს გამოსყიდვის უფლებით არ ისარგებლებს.
29 წლის კოლუმბიელი ფორვარდის კონტრაქტის გამოსყიდვის ღირებულება 43.5 მლნ. ფუნტია - ეს ფასი კლუბებმა გასულ ზაფხულს ფალკაოს იჯარის წესით "იუნაიტედში" გადასვლისას შეათანხმეს.
მას შემდეგ ფალკაომ ყველა ტურნირის მასშტაბით მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყვიტა, რომ რადამელს არ გამოისყიდის.
ფრანგული გამოცემა L'Equipe ირწმუნება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება "პრესტონთან" სათასო მატჩის შემდეგ იქნა მიღებული.
პირველი ლიგის გუნდის წინააღმდეგ "წითელი ეშმაკები" 1:0-ით მარცხდებოდნენ, როცა ვან გაალმა რადამელი ეშლი იანგით ჩაანაცვლა, რის შემდეგაც "იუნაიტედმა" მატჩი 3:1-ით მოიგო.