"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი დარწმუნებულია, რომ თუ მისი გუნდი ისეთი თამაშის ჩვენებას შეძლებს, როგორიც "სანდერლენდთან" მატჩში აჩვენეს, სეზონის ამ ეტაპზე ჩვეული გამარჯვებების სერიას აუცილებლად მიაღწევს.
"სუონსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რეაბილიტირება საკუთარი ქომაგის თვალწინ მოახერხა და "სანდერლენდი" 2-0 დაამარცხა. ოთხშაბათს კი "წითელი ეშმაკები" "შავი კატების" მოსისხლე მტერს "ნიუკასლს" ეწვევიან "სენტ ჯეიმს პარკზე".
"გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის ბოლოს მიზნის მისაღწევად. წლის გამოცვლის შემდეგ ქულების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება "იუნაიტედის" სტილია.
ვიცით, რომ ოთხშაბათს "ნიუკასლში" რთული მატჩი გველოდება - იქ არასდროს გამოგვდიოდა თამაში იოლად - მაგრამ თუ ისევე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც "სანდერლენდთან" და კიდევ უფრო მოვუმატებთ, დარწმუნებული ვარ, სამ ქულას ყოველთვის ავიღებთ."
ეშლი იანგი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ მისი დარტყმულის შემდეგ ჯონ ო'შიმ მოგერიების მცდელობისას ბურთი ხარიხას გაარტყა.
"კარგი იქნებოდა თავის გამოჩენა, ო'შიმ სიტუაცია განმუხტა. ვერაფრით ვხვდები როგორ მოახერხა ხარიხასთვის გარტყმა. მცირე შანსი მქონდა და დღეს ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავი გუნდური თამაში ვაჩვენეთ, რაც სამი ქულის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესია.
როგორც ფეხბურთელს, ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გსურს ყოფნა, არც მე ვარ განსხვავებული, მეც მინდა ყველა შეხვედრაში ვითამაშო. თითებს გადავაჯვარედინებ და იმედს დავიტოვებ, რომ ისევ მექნება თამაშის საშუალება და ვაჩვენებ ისეთ თამაშს, როგორიც დღეს მოვახერხე."
იანგი მოხარული იყო იმითაც, რომ მისმა თანამემამულემ დუბლი შეასრულა.
"პენალტის დროს მხოლოდ ფეხბურთელის გაძევებაღა იყო დარჩენილი და ის მსაჯის სასტვენს ელოდა, სწორედ ასე უნდა მოახდინო კონცენტრირება. მან შეინარჩუნა მხნეობა, ფოკუსირება და დაარტყა - სწორედ ეს არის რუნი. დღეს შესანიშნავად ითამაშა.
მეორე ტაიმში სრული მზადყოფნით გამოვედით. ყველას სურდა ბურთის მიღება. შანსი მივიღეთ, უაზამ პენალტი გაიტანა და უკან აღარ მოგვიხედავს."