მეკარესა და მწვრთნელს შორის უთანხმოებაა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერი, დავიდ დე ხეა ჯერ კიდევ ახალი კონტრაქტის გაფორმების მოლოდინშია.
"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს კი მეკარესთან თვეების განმავლობაში არ უსაუბრია.
მიუხედავად იმისა, რომ პრესა აცხადებდა, დე ხეა ახლოს იყო ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან, ესპანური გამოცემა AS ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალსა და დავიდ დე ხეას შორის დაძაბული ურთიერთობაა.
AS იმასაც წერდა, რომ მადრიდის "რეალი" დავიდ დე ხეას მიმართ ინტერესს იჩენდა და მის აგენტთან, ხორხე მენდეშთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.
თუმცა მენდეშმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს არა მადრიდულ კლუბთან, არამედ "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებდა.
დე ხეას მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება და გულშემატკივარი მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას მოითხოვს.
24 წლის მეკარე ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა.
ასეთი შედეგი კი დე ხეას ფორმიდან გამომდინარე აქვს, რადგან მან მიმდინარე სეზონში "იუნაიტედი" არაერთხელ იხსნა მარცხისა თუ ქულების დაკარგვისგან.
თუმცა ასე არ ფიქრობს ლუი ვან გაალი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა:
"არ ვფიქრობ, რომ ბევრი ქულა მოგვიპოვა, რადგან ის ჩემი მაკარეა და მისი მოვალეობა სწორედ ბურთების შეჩერებაა.
და თუ ფიქრობთ, რომ სხვა მეკარეების შემთხვევაში ასე არ ხდება და ეს გამონაკლისია, ძალიან ვწუხვარ."წყარო:
M.E.N.