"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი თვლის, რომ ლუი ვან გაალმა ფეხბურთელებში შიში დანერგა და ისინი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას ვერ ახერხებენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს ლუი ვან გაალმა გუნდში 6 ახალწვეული მოიყვანა: მარკოს როხო, დეილი ბლინდი, ლუკ შოუ, ანდერ ერერა, ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო.
კოლუმბიელი ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სულ 4 გოლია, ანხელ დი მარია კი ვერაფრით ახერხებს პრემიერ ლიგის საწყისი ტურების შემდეგ ჩვეული თამაშის ჩვენებას.
მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის თანამემამულე, რობინ ვან პერსი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარიდია, არც მისი თამაშის ხარისხია რობინისთვის დამახასიათებელი დონის მაჩვენებელი.
რონალდ კუმანი ფეხბურთელების ასეთ ფორმას ვან გაალს აბრალებს და თვლის, რომ ლუი ფეხბურთელებს აშინებს.
"რა თქმა უნდა, როცა გუნდში ლუი ვან გაალი მოდის, მას ხარისხიც მოაქვს. ასევე ნერგავს აზრს, თითქოს ფეხბურთელების შესახებ ყველაფერი იცის. თავის შეგირდებში კი შიშს იწვევს, რაც ყოველთვის კარგი არ არის.
"ბარსელონაში" მისი დამხმარე ვიყავი და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მაგრამ ძალიან განსხვავებული მწვრთნელები ვართ.
ჩემს ფეხბურთელებს იმდენად დიდ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებ, რამდენსაც ლუი. მოთამაშეებს სჭირდებათ ისეთი სპეციალისტი, რომელიც სამუშაოს გამო შეაქებს და მხარზე ხელს დაჰკრავს. მათ სიმშვიდე უყვართ." - განაცხადა კუმანმა.