"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი თვლის, რომ ლუი ვან გაალის დათხოვნა იმ შემთხვევაშიც კი დაუშვებელია, თუ ის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.
გასულ სეზონში მე-7 ადგილის დაკავების შემდეგ "წითელი ეშმაკები" მთელი ძალებით ცდილობენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დაბრუნებას, რაზეც კლუბის პრესტიჟი და სპონსორებთან შეთანხმება იქნებაა დამოკიდებული.
ამჟამად ლუი ვან გაალის გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება, მაგრამ გუნდის თამაში დიდ კითხვისნიშნებს აჩენს.
გარი ნევილი კი თვლის, რომ სეზონის ბოლოს რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს გუნდმა, ჰოლანდიელს დარჩენის საშუალება უნდა მიეცეს.
"ვან გაალი არ უნდა დაითხოვონ, თუნდაც "იუნაიტედი" ოთხეულში ვერ მოხვდეს. თუ ასე მოხდება, ვან გაალისა და "იუნაიტედისთვის" საშინელი სეზონი იქნება. ალბათ იტყვის, რომ დიდი ჩავარდნაა, რადგან თავისი დავალება და საქმე კარგად ესმის.
მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დააბრუნოს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ვერ შეძლებს, მისი გაშვება დაუშვებელია. რას მოუტანს ეს კლუბს?
უწყვეტობის გარკვეული დონე უნდა არსებობდეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი ამ უწყვეტობის დონეს გამოავლენს და ვან გაალის ერთგული დარჩება. მართებული სწორედ ეს იქნება." - განაცხადა ნევილმა.