"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პეტერ შმეიხელი თვლის, რომ თუ მისი ყოფილი გუნდი დავიდ დე ხეას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, საუკეთესო გუნდთა რიცხვში დაბრუნებისთვის სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.
დე ხეას შესანიშნავი ფორმა, რომელსაც ესპანელი მიმდინარე სეზონში ავლენს, მადრიდის "რეალის" ყურადღებას იპყრობს.
ესპანელ კიპერს მოქმედი კონტრაქტით "იუნაიტედთან" წელიწადნახევარი აკავშირებს და შმეიხელი თვლის, რომ აუცილებელია მისი შენარჩუნება, რათა "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისსა და მთელს ევროპას უჩვენონ, რომ საუკეთესო გუნდების რიცხვს არ გამოეთიშნენ.
"სიგნალის გაგზავნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება.
ეს აჩვენებს, რომ მათ "მანჩესტერ იუნაიტედის" პროექტის სჯერათ და აჩვენებენ არა მარტო პრემიერ ლიგას, არამედ მთელს ევროპას, რომ ტოპ-გუნდების რიცხვებს დაუბრუნდნენ.
თუ დე ხეა კონტრაქტს გააფორმებს, ეს ძალიან დიდი სიგნალი იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც კლუბი უყვარს, სწორედ ეს უნდა.
თითები გადავაჯვარედინოთ, ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს." - განაცხადა შმეიხელმა.