ვან გაალმა კლუბი არ უნდა დატოვოს.
ლუი ვან გაალის სამწვრთნელო საქმიანობით პუბლიკის უკმაყოფილება იზრდება და ეს ყველაფერი "მანჩესტერ იუნაიტედს" აზარალებს. განხეთქილება სულ უფრო ხმაურს იწვევს და ხმა შესაძლოა მარტსა და აპრილში გაძლიერდეს, სადაც "იუნაიტედს" ნამდვილი გამოცდა ელოდება.
აუცილებელია, გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინოს: გასულ სეზონში "იუნაიტედმა" ეს ვერ მოახერხა, რადგან დევიდ მოიესს სატურნირო ცხრილის მაღალ საფეხურზე გუნდის შენარჩუნება გაუჭირდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემის გადაწყვეტა დროს საჭიროებს. უკვე ნათელია, რომ ეს პრობლემა ერთ ღამეში არ გვარდება, თუნდაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 150 მლნ. ფუნტი დახარჯო. საჭიროა დრო და ისეთი პიროვნება, როგორიც ვან გაალია, რომლის თავდაჯერებას საზღვარი არ აქვს.
რეაბილიტაციისა და მწვერვალზე დასაბრუნებელ გზაზე მიმავალი პირველი ნაბიჯი სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრა იქნება, მაგრამ "იუნაიტედს" ურთულესი ბრძოლა ელის "საუთჰემპტონთან", "არსენალთან", "ლივერპულსა" და "ტოტენჰემთან".
არსებობს ალბათობა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედი" ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდება და თუ ეს მოხდა, დაიწყება საუბრები იმის შესახებ, თუ რამდენი ფული დახარჯა ვან გაალმა, რა მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს მისი გუნდი და როგორ ვერ შეასრულა დავალება.
"ბარნლისთან" გასულ კვირას ჩატარებული მატჩი მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ იყო ერთადერთი დაძაბული და სანერვიულო მატჩი. დენი ინგსის აქტიურობის გამო დაცვა გაოგნებული იყო. "იუნაიტედის" მოწინააღმდეგე ერთ ბურთზე მეტი გოლის გატანას ვერ ახერხებს და ეს უკვე ჩვეულებად იქცა. გუნდი მესამე ადგილს ინარჩუნებს და "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ჩამორჩება.
სამაგიეროდ ორი გოლის გატანა მოახერხა "სუონსიმ" და თანაც ორჯერ ერთ სეზონში. 19 მატჩის განმავლობაში "წითელი ეშმაკები" ერთადერთი მარცხით იწონებდნენ თავს, მაგრამ მე-20 მატჩი საბედისწრეო აღმოჩნდა. გუნდი თავისი სათამაშო სტილით ახალ ქომაგს ვერ იძენს და შედეგად, სამეულსაც ემშვიდობება, მდევარ "ლივერპულთან" სხვაობას კი ორ ქულამდე ამცირებს.
მაგრამ მოდით ერთი ცხადვყოთ, მიმდინარე სეზონში ყველაზე ბოლოს, რაც "იუნაიტედმა" უნდა გააკეთოს, დამოუკიდებლად იმისა, გააღწევს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ზონაში - ეს ვან გაალის გაგდებაა. ასეთი რამ გუნდს არ დაეხმარება. უფრო მეტიც, ჰოლანდიელის გაძევება ინგლისის პირველობაზე დაბრუნების იმედებს ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ვან გაალი არ არის დამნაშავე იმაში, რომ "იუნაიტედმა" მას სამსახური შესთავაზა იმის გაცნობიერების ფონზე, რომ მწვრთნელი ნაკრებში მუშაობის გამო საკლუბო სამსახურს ივლისამდე ვერ ჩაუდგებოდა სათავეში.
ვან გაალი დამნაშავე არ არის იმაში, რომ ამის შედეგი გახდა სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში შენაძენების გაკეთება, მათ შორის ისეთის, როგორიც რადამელ ფალკაოს პანიკური იჯარაა.
ის დამნაშავე არ არის იმაში, რომ ფალკაო აჩრდილია საკუთარი თავისა - ძლიერი, გამტანი ფორვარდისა.
იმაში, რომ ვან პერსის კიდევ ერთი წარუმატებელი სეზონი აქვს.
იმაში, რომ "იუნაიტედში" ტრავმების ეპიდემიამ იჩინა თავი.
იმაში, რომ ძვირადღირებული ფეხბურთელები შემადგენლობაში ჩაინერგნენ და ერთმანეთსა და ინგლისურ ფეხბურთს უნდა შეგუებოდნენ.
იმაში, რომ გუნდს მცველები არ ჰყოფნის, რის გამოც გუნდში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელების მოყვანა გახდა საჭირო, როგორიც პედი მაკნეირი და ტაილერ ბლეკეტი არიან.
იმაში, რომ ჰოლანდიელის კლუბში მოსვლის მომენტში ცენტრში არსებული სიცარიელის ამოვსება "იუნაიტედმა" ვერ შეძლო და მაიკლ კერიკის არყოფნის პერიოდში რუნი ერთადერთი კრეატიული ვარიანტია ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.
ეს ყველაფერი ვან გაალის ბრალი არ არის. სინამდვილეში, მან დაუჯერებელი სამუშაო გასწია. კლუბი სწორად მოიქცა, როცა მოიესი გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მოიესის მთელი შეცდომები სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ მომხდარ აურაცხელ ცვლიელებს მიეწერა. მოიესის მომხრეებისთვისაც კი ნათელი იყო, რომ ეს სამსახური მისთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა, რომ მისდამი გამოჩენილი ყურადღებისა და მაღალი მოლოდინით პარალიზებული იყო, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში მუშაობისას დამახასიათებელია.
გასულ კვირებში ვან გაალმაც კი ვერ გაუძლო. მისმა პრეს-კონფერენციამ ლეგენდარული გრემ ტეილორისა და კევინ კიგანის აფეთქება გაგვახსენა. მაგრამ ლუი უფრო კერკეტია. ის არ "ცურავს". დროის დიდ შუალედში გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მას არ აშინებს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა და მზადაა ინგლისური ფეხბურთის მწვერვალზე გუნდის დაბრუნებისთვის. ვან გაალი ყველაფერს თავისებურად აკეთებს და საზოგადოების აზრზე არ ზრუნავს. თამაშობს სამი ცენტრალური მცველით თუ აყენებს ლუის ნახევარდაცვაში - სხვების კრიტიკა მისთვის სულერთია.
ის "ბაიერნსა" და "ბარსელონაში" მუშაობდა. ამიტომ მისთვის უცხო არ არის ზეწოლა და კრიტიკა. 90-ან წლებში "ნოუ კამპზე" მისგან ინტერვიუ ავიღე (ავტორი). როცა მისი ოფისიდან გამოვედი, კატალონიელი ჟურნალისტები ჩემგან თუნდაც მცირე ინფორმაციის გაგებას ცდილობდნენ: ვან გაალი მათ საერთოდ არ ელაპარაკებოდა.
არ დავივიწყოთ, რომ მიუხედავად ბლეკეტისა და მაკნეირის აუცილებელი დებიუტისა, "იუნაიტედის" დაცვამ პრემიერ ლიგაში "საუთჰემპტონისა" და "ჩელსის" შემდეგ ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. ეს შვებას არ გვგვრის, მაგრამ პროგრესია.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გასულ სეზონში გუნდი მეშვიდეზე გავიდა და თითქოს ნაფლეთებად იქცა. გამარჯვებულის განწყობა მიიჩქმალა. თავდაჯერება ნულის დონემდე დავიდა. სასოწარკვეთილივით გვჭირდებოდა ახალი ფეხბურთელები.
ახლა ყველაფერი უკეთაა, არა ბრწყინვალედ, მაგრამ "იუნაიტედი" უფრო ძლიერია. შესაძლოა გაგაოცოთ, განსაკუთრებით ვან გაალის კრიტიკის მოსმენის შემდეგ, მაგრამ "სუონსისთან" მარცხამდე "იუნაიტედს" ბოლო 15 მატჩში პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა მოპოვებული. მეორე ადგილზე "ჩელსია" - 33 ქულით. ვან გაალს აკრიტიკებდნენ, მის გუნდს კი საუკეთესო სერია ჰქონდა.
კლუბი სწორი მიმართულებით მიიწევს, რომელსაც ხელძღვანელობს მწვრთნელი, ვინც იცის, რა ნაბიჯი გადადგას მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მას არ აშინებს სირთულეები. თუ გუნდი ვან გაალს შეინარჩუნებს, მაღლა მიმავალი გზა გაგრძელდება. თუ გაუშვებენ, კლუბში ქაოსი გაჩნდება... ისევ.
ავტორი: ოლივერ ჰოლტი, mirror