"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილიევი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა ფალკაოს შეძენას სხვა უამრავი დიდი კლუბი ცდილობს.
"წითელ ეშმაკებს" იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ფალკაოს შეძენის უფლება აქვთ, თუმცა საეჭვო ხდება მანჩესტერში მისი დარჩენის საკითხი - ჩატარებულ 16 მატჩში რადამელს მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" მაინც მოისურვებს კოლუმბიელის შეძენას, ფრანგულ კლუბს 43.5 მლნ. ფუნტი უნდა გადაუხადოს.
ვასილიევი კი დარწმუნებულია, რომ თუ ლუი ვან გაალი არ მოინდომებს რადამელში ასეთი დიდძალი თანხის გადახდას, 29 წლის ფორვარდს სხვა კლუბი შეიძენს.
"ფალკაოს გამო არ ვღელავ, ის მსოფლიო დონის თავდამსხმელია.
თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის ბოლოს ფალკაოს შეძენას არ მოისურვებს, სხვა დიდი კლუბებისგანაც გვაქვს ინტერესი. ასე რომ, ნამდვილად არ ვდარდობ მასზე." - განაცხადა ვასილიევმა.