პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
ეს იყო მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. გვერდზე ჩამიარა და ფეხი გამოვუდე, მესი დაეცა. ეს მოხდა "ოლდ ტრაფორდზე", 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ჩვენ 1-0 ვიგებდით, ჩვენს საჯარიმოში წავაქციე.
როცა იმ მატჩში "ბარსელონას" დამარცხებაზე ვფიქრობ, როცა ვფიქრობ სერ ალექსის ეპოქაში ჩემპიონთა ლიგის მეორე ტიტულზე, ყოველთვის მახსენდება ის მომენტი. დიახ, მე ერთადერთი გოლი გავიტანე ორ მატჩში და ეს ჩემი საუკეთესო გოლიც იყო. მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის რამდენიმე წამი, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა მასზე დაჯარიმება მაიძულა და სამყაროს დაქცევას ველოდი.
"ბარსელონას" სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო და გასვლაზე გატანილი გოლით ისინი მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, მსაჯს პენალტი არ დაუდია და თამაში გაგრძელდა, არც მესის გამოუხატავს პროტესტი. თვალზე ბინდი რამდენიმე წამში მომშორდა და მეც თამაშში დავბრუნდი.
ბოლოს მაინც გაიტანა თავისი. ჩემი კარიერის განმავლობაში მესის ოთხჯერ დავუპირისპირდი, ორჯერ 2008 წელს და თითოჯერ 2009 და 2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეცვლაზე შესვლის დროს, როცა "ბარსელონამ" ორივეჯერ კომფორტულად დაგვამარცხა. მესი მანჩესტერში მომდევნო კვირაში ბრუნდება, რათა "მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე და ცუდი დღე არასდროს გექნება, თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის თვალის დევნება შეგეძლება.
მესის კარიერის აღსაწერად იმდენი აღმატებითი ხარისხის სიტყვები მოიძებნება, რომ იფიქრებ, სიტყვების მარაგი არ გყოფნის. ასე რომ, ეს მხოლოდ მცირედია იმისგან, რასაც სწავლობ ადამიანზე, რომელსაც ალბათ ტელევიზორიდან ყურებისას ვერასდროს შეიცნობ. პირველ რიგში, ის მოედანზე არასდროს საუბრობს. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს გამიგონია მისი ხმა. მეორე რიგში, ვერც კი დაიჯერებთ რამდენად ძლიერია პატარა კაცის კვალობაზე.
არ შემრცხვება იმის აღიარება, რომ "ბარსელონასთან" მატჩებში ძალიან დიდი იმედი მქონდა, ჩემს მახლობლად რაც შეიძლებოდა ნაკლებად მოუწევდა თამაში.
არ არსებობს სიტყვა, რომელიც მესის სათამაშო სტილს აღწერს. ფიქრობ, რომ მას თვალს ადევნებ და ჰოპ, ის ქრება, ბურთთან ერთად კი უცებ სხვა ადგილზე ჩნდება. როცა ცდილობ შეეჭიდო და ორთაბრძოლაში შეხვიდე, იცი, რასაც უზამს ბურთს. მის გვერდით დარჩენა პრობლემაა.
ის ფეხბურთის მწვერვალსა და ფსკერს გაურბის. იშვიათად თუ ნახავთ გოლის აღნიშვნისას ამაყს, რადგან ის ყოველთვის თავმდაბალია. ვფიქრობ, მეც ასეთი ვიყავი, როცა ვთამაშობდი. თამაში სწრაფად იცვლება და მენტალურად ისეთ პოზიციაზე უნდა იმყოფებოდე, რომ ყველაფერს გაუმკლავდე, რაც შეგხვდება.
"ოლდ ტრაფორდზე" "ბარსელონას" დამარცხებამდე არასდროს მინახავს "იუნაიტედის" ასეთი კონცენტრაცია. იმ თამაშისა და "კამპ ნოუზე" გამართული პირველი მატჩის ყოველი წამისთვის თავს არ ვზოგადით და ვინარჩუნებდით პოზიციას, რომელიც მათ საფრთხეს გაანეიტრალებდა როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. ამაზე სერ ალექსსა და შტაბთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა ყოველთვის. თანაც ეს ორი მატჩის განმავლობაში უნდა მოგვეხერხებინა.
ორი ფინალი განსხვავებული იყო. მომზადების დროს მათზე და ჩვენს გასაკეთებელზე ნაკლებად ვფიქრობდით. რომში კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი გვყავდა და გვჯეროდა, რომ დავამარცხებდით. ალბათ, არ დავაფასეთ.
როცა "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადები სისუსტეებს უნდა მიაქციო ყურადღება. ხერარდ პიკეს ტემპი აკლია. ხავიერ მასკერანო ნამდვილი ცენტრალური მცველი არ არის. მაგრამ ამ სისუსტეების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა ბურთი შენ გაქვს. 2011 წლის მატჩში ბურთის ფლობის 37% გვქონდა, უფრო მეტი გვჭირდებოდა.
მესის განეიტრალების არავითარი კონკრეტული გეგმა არ არსებობდა, ვინც მის სიახლოვეს იმყოფებოდა, ყველას უნდა ეთამაშა. 2008 წელს რიო ფერდინანდმა ორივე მატჩში შესანიშნავად ითამაშა მის წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის ვერავინ მოახერხებს ამას. როგორც დამაგვირგვინებელი, ნაკლებად თუ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც მესიზე უკეთესია. როცა იმდენი სახის გოლის გატანა შეგიძლია, რამდენიც მესის, ნამდვილად გაქვს თავდაჯერების მიზეზი.
ხალხი ამბობს, რომ ზეწოლის ქვეშ ვთამაშობდი, როგორც მანჩესტერის ბიჭი, რომელიც ყოველ კვირას მოგებას იყო მიჩვეული. მაგრამ ეს არაფერია იმ ზეწოლასთან შედარებით, რომლის ქვეშ მესი და რონალდუ არიან. ისინი თამაშს გატანილი გოლის გარეშე ასრულებენ და ხალხს აინტერესებს, რატომ მოხდა ასე. არა მარტო ქომაგს, არამედ ყოფილ თანაგუნდელებს, ვინც მათ უკეთ იცნობს. ამას მათგან მუდამ ველოდებით და საოცარია, რომ ახერხებენ.
მესი იმდენად ცნობილია, რამდენადაც არც ერთი სხვა ფეხბურთელი, მაგრამ ამის მიუხედავად, მის შესახებ მაინც ცოტა რამ ვიცით. წამიკითხავს, რომ კარგი მეოჯახეა და ძაღლთან ერთად სეირნობა მოსწონს, მაგრამ ამის გარდა ის ნამდვილი მისტიკაა. მომწონს. განსაკუთრებით დღეები, როცა ხალხი "თვითერზე" ან სხვაგან ყველაფერს კითხულობს. დაიტოვო რაღაც შენს მიღმა - სიძლიერეა.
მოუთმენლად ველოდები "ეტიჰადზე" მის ხილვას და თუ "მანჩესტერ სიტის" გამარჯვება სურს, იმდენად კარგი კონცენტრაცია და ფოკუსირება უნდა მოახდინოს, რამდენიც არადროს გამოუჩენიათ, რათა დარწმუნდნენ, რომ სწორ დროს სწორ ადგილზე 90 წუთის განმავლობაში იმყოფებიან. პატარა "ათიანს" მხოლოდ წამები სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ჩაიდინოს. და ყოველთვის იმის იმედი ვერ გექნება, რომ მსაჯი ამას ვერ დაინახავს.
რუნის რომც არ შეხებოდნენ, პენალტი იყოროცა უეინ რუნიმ "პრესტონ ნორტ ენდის" მეკარე, ტორსტენ შტუკმანი დაინახა, რომელიც კარის ხაზიდან გამოდიოდა, გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უნდა ჰქონოდა: ბურთი მის უკან გადააგდე და ჯარიმა აიღე. ასეთი რამ მეც ბევჯერ გამიკეთებია ჩემი კარიერის განმავლობაში.
ფეხბურთი სხვების შეცდომაზეა დამოკიდებული და შტუკმანს რაოდენ სწრაფადაც არ უნდა გამოსულიყო, უნდა გაეთვალა, რომ ბურთზე პირველი ვერ ითამაშებდა. მეკარე განუსჯელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუნის ფეხები უნდა შეეწირა, რათა შედეგი მიეღო. მიზანს ისედაც მიაღწია.
წესები არ მოიაზრებს, რომ ფეხბურთელს მაინცდამაინც უნდა შეეხონ იმისთვის, რომ სახიფათო ქმედება დადასტურდეს. რუნის მხრიდან ძალზედ მოსაწონი ქმედება არ იყო, მაგრამ მეკარის რეაქცია ნიშნავდა, რომ პენალტი იყო.
წყარი:
independent.co.uk