"სუონსის" მთავარმა მწვრთნელმა, გარი მონკმა ლუი ვან გაალის სათამაშო სქემა შეაქო.
ვან გაალის ტაქტიკას "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის შემდეგ ხშირად აკრიტიკებენ, ხოლო "ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა "ბოლეინ გრაუნდზე" ნათამაშები 1-1 ფრის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" გრძელი გადაცემებით თამაშში დასდო ბრალი.
ვან გაალმა დიდი სემის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მისი გუნდი გრძელი პასებით არ თამაშობს, რის დასტურადაც ტაქტიკური მონახაზები მოიშველია. "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ კი გარი მონკის სახით ლუის მხარდამჭერი გამოუჩნდა.
"იმ თამაშს ვუყურე და ვფიქრობ, გრძელ პასებს მხოლოდ ბოლო 5 წუთში თამაშობდნენ, როცა შეტევის გაძლიერებას თავდასხმაში ფელაინის დაყენებით ცდილობდნენ.
ამასთან დაკავშირებით ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს მხოლოდ აჩვენებს კარგ ძალას, რომელსაც ისინი ეგუებიან.
მესმის რაც ითქვა, მაგრამ დღესდღეობით თამაშში უნდა ეგუებოდე.
თამაშის ერთი დაწესებული სტილი არ უნდა გქონდეს და ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მხრივ მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება.
მათ ჰყავთ ფანტასტიკური ფეხბურთელები და თამაშობენ ფანტასტიკურ ფეხბურთს, ამის შერწყმა უნდა მოახერხონ და დიდი გუნდები სწორედ ასე იქცევიან.
თავიანთი სათამაშო სტილის დანერგვა მატჩის ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ და სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ერთი წააგეს, ასე რომ, ისინი ძალიან ეფექტურები არიან დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ აკეთებენ ამას.
როგორც მწვრთნელს, დრო გჭირდება იმისთვის, რომ იდეა დანერგო. ვან გაალმა რამდენიმე ახალი სისტემა შემოიღო და ეს დროს მოითხოვს.
მოგებათა სერია, რომელიც მათ აქვთ და ადგილი, რომელზეც ისინი იმყოფებიან აჩვენებს, რომ ვან გაალის მუშაობა ამართლებს." - განაცხადა მონკმა.