ლუი საა დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის მოგებას შეძლებს და ეს წარმატება ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.
"ეს ტურნირი თავდაჯერებულობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ვან გაალის თავდაჯერებულობისთვის კარგი იქნება თუ წარმატებას მიაღწევს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი ეპოქის შექმნისთვის კი კარგი პლატფორმაა."
"დიპდეილზე" "პრესტონის" დამარცხების შემდეგ ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "წითელი ეშმაკები" "არსენალს" დაუპირისპირდებიან.
"საოცარი მატჩი იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თამაშის ორი განსხვავებული სტილი გვაქვს. მათი მატჩები ყოველთვის სანახაობრივი გამოდის. ინგლისის თასზე ყოფნა და ის სულისკვეთება, რომელსაც გულშემატკივარი იძლევა, შეუფასებელია. "არსენალის" წინააღმდეგ თამაში ტურნირის ნებისმიერ ეტაპზე დიდებულია."
"მეთოფეების" რიგებში ყოფილი "წითელი ეშმაკი", დენი უელბეკი ითამაშებს.
"ძალიან უცნაურია, რადგან უპირისპირდები ფეხბურთელებს, რომლებთანაც არაერთი მოგონება გაკავშირებს. გსურს დაამტკიცო, რომ ტოპ-კლასის მოთამაშე ხარ. უელბეკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს აჩვენოს - ეს თამაშის ნაწილია, ჩვენ კი პროფესიონალები ვართ და გამოწვევები მოგვწონს."
ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაზე "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" პირველად ჩაატარებს მატჩს (გადათამაშების გარდა).
"ეს ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ფეხბურთის თამაში საოცარია. დარწმუნებული ვარ, უელბეკი დიდ პატივისცემას იგრძნობს."