მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ლუი ვან გაალს შენაძენების შესახებ კითხვებს მაინც უსვამენ.
ინგლისის თასის მატჩის წინ მან დაადასტურა, რომ ზაფხულში პრიორიტეტული პოზიცია ნახევარდაცვა იქნება. როცა ვან გაალს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მოედნის ცენტრის გაძლიერებას, მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.
ბალანსს ვეძებ და ბალანსი მჭირდება ნახევარდაცვაში. როცა ნახევარმცველად ადნან იანუზაისა და ანხელ დი მარიას ვაყენებ, ასეთი სახის კრეატიული ფეხბურთელებისთვის ბალანსია საჭირო.
ამასთან ერთად, რობინ ვან პერსი და რადამელ ფალკაოც კრეატიული ფეხბურთელები არიან და გამოდის, რომ შემადგენლობაში ოთხი შემოქმედი ფეხბურთელი გყავს, რაც შენი გუნდის ბალანსს მოითხოვს."
მაიკლ კერიკის ტრავმამ და დეილი ბლინდის არასრულფასოვანმა ჯანმრთლეობამ, მოედნის ცენტრში უეინ რუნის გადაყვანა გამოიწვია. როცა ვან გაალს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა რუნი იქ თამაშს, მან უპასუხა: "ის ბედნიერია. სხვა შემთხვევაში, მოვიდოდა და მეტყოდა: "ბედნიერი არ ვარ", მაგრამ ეს არასდროს გაუკეთებია. ჩემთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება აქვს და აკეთებს იმას, რაც მინდა.
ეს არის ის, რასაც ვფიქრობ მე, მაგრამ როცა მთელი სამყარო იმის შესახებ წერს, რომ რუნი თავდასხმაში უნდა იდგეს, ისიც იფიქრებს, "ჰეი", რადგან ისიც ადამიანია." - განაცხადა ლუიმ.