17-02-2015, 13:50
ნანახია: 4735,
კომენტარები: 13
როგორ გავხდეთ წარმატებული?! ანუ ოქროს 12 წესი სერ ალექსისგან
"თუკი მოთამაშე იგრძნობს ძალაუფლებას გასახდელში, ეს შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს..."
"მანჩესტერ იუნაიტედი" ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც უკანასკნელ 26 წლის განმავლობაში - ამას ყველა აღიარებს და დავაც კი არ ღირს. ამ წარმატებას კი სათავეში გენიალური პიროვნება და უმაღლესი დონის მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი ედგა. რუსული სპორტული-ინტერნეტ გამოცემა Sovsport.ru შოტლანდიელის სხვადასხვა ინტერვიუებზე დაფუძნებით ცდილობს ჩამოაყალიბოს ის მთავარი პრინციპი, რომლითაც "იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა.
წესი №1. მოტივაცია
"ვარჯიშის დროს არ არის კრიტიკის დრო" - ამბობს ფერგიუსონი - "მოთამაშისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნოა საქები სიტყვების მოსმენა. "ყოჩაღ" - ეს არის საუკეთესო სიტყვა, რომელიც კი მოუფიქრებიათ, სპორტში. არ შეიძლება გამუდმებით ყვირილი. ეს არ ამართლებს.
მართალია არავის უყვარს კრიტიკა, თუმცა გასახდელში აუცილებელია მოთამაშეს მიუთითო დაშვებულ შეცდომაზე. მე ამას პირდაპირ თამაშის მერე ვაკეთებდი და არ ველოდებოდი ორშაბათის ვარჯიშს."
მატჩის შემდგომი "გარჩევის" საუკეთესო მაგალითი დაახლოებით 10 წლის წინანდელი შემთხვევა იქნება. გაცეცხლებული მწვრთნელს ხელში დევიდ ბექჰემი შერჩა. სათასო მატჩში, რომელშიც "იუნაიტედი" ლონდონის "არსენალს" უპირისპირდებოდა და 0-2 დამარცხდა. მეორე გოლის მომენტში ბექჰემმა შეცდომა დაუშვა და მეურვეს საშუალება მისცა სახიფათო მომენტი შეექმნა. სერ ალექსმა ინგლისელი მაშინვე შეცვალა, ხოლო მატჩის შემდეგ განრისხებულმა ყვირილი დაუწყო. ფეხბურთელს კრიტიკა არ მოეწონა და მთავარ მწვრთნელს უხეშად უპასუხა, რის გამოც ფერგიუსონმა დევიდს ბუცი ესროლა, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მის ხელში. სეზონის ბოლოს "იუნაიტედის" 7-ანმა გუნდი დატოვა და "მადრიდის რეალს" შეუერთდა.
წესი №2. ახალგაზრდები და ვეტერანები
"ახლადდანიშნული მწვრთნელების 99 პროცენტი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს, რათა სამუშაო ადგილი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. ისინი ძირითადად აქცენტს გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებენ. ჩემი აზრით კი, საჭიროა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება და არა გუნდის. არაფერია ახალგაზრდა ფეხბურთელების ყურებაზე უკეთესი, რომლებიც ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ ძირითად შემადგენლობაში. მთავარია ისინი განვითარდნენ და მიაღწიონ იმ დონეს, რომელიც მისმა წინამორბედმა ვეტერანებმა დააწესეს."
წესი №3. კონტროლი
"ჩვენ ვაჯარიმებთ მათ, თუმცა ყველაფერი კლუბის შიგნით რჩება. არ შეიძლება კონტროლის დაკარგვა, როდესაც გუნდში 30 პროფესიონალი-მილიონერი გყავს. როგორც კი ვინმე არ გემორჩილება, საკუთარ თავს უწერს ჯარიმას."
წესი №4. ტალანტი
"მე ყოველთვის ვამბობ, რომ საქმის კეთების უნარის ქონა - ესეც კი ტალანტია, ამიტომ თუკი შენ ვერ აკმაყოფილებ "მანჩესტერ იუნაიეტდის" მოთხოვნებს, გარეთ რჩები. მე მაინტერესებს ის მოთამაშეები, რომლებსაც ნამდვილად სურთ წითელი ფორმის ტარება და არასდროს შეეგუებიან მარცხს. არ აქვს მნიშვნელობა რა ანგარიში იქნება ტაბლოზე, მოთამაშეები ყოველთვის ღირსეულად მოქმედებდნენ."
წესი №5. შემადგენლობის მიღმა დარჩენა
"ამას ყოველთვის თავად ვაკეთებდი. დიახ, ეს რთულია, თუმცა ვიცი რასაც ვამბობ. ფეხბურთელობისას, ეს ბევრჯერ მაქვს გამოცდილი. წარმოიდგინეთ, ის, რომ შოტლანდიის თასის ფინალში არ მივიღებდი მონაწილეობას, მატჩის დაწყებამდე 50 წუთით ადრე გავიგე. არ ვიცი, რას ფიქრობენ ამ მომენტში ფეხბურთელები, მაგრამ მე მათ ვეუბნები: "მისმინე, შესაძლოა მე შეცდომას ვუშვებ. თუმცა ჩემი აზრით, ზუსტად ეს შემადგენლობა არის საუკეთესო დღეისთვის." ამ სიტყვებით ვცდილობ გავამხნევო და ავუხსნა, რომ ისინი საჭირო მოთამაშეები არიან."
წესი №6. საუბარი შესვენებაზე
"8 წუთი - ზუსტად ამდენი დრო გაქვს გასახდელში შესვლიდან იმ მომენტამდე, როცა არბიტრი შენს გუნდს მოედანზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამიტომ საჭიროა დროის სწორად განაწილება. რა თქმა უნდა, თუკი იგებ - ყველაფერი მარტივადაა. შენ მოთამაშეებს ეტყვი რომ არ დაკარგონ კონცენტრაცია და გააგრძელონ იგივე რიტმში თამაში. აი თუკი, ანგარიში არ არის შენს სასარგებლოდ ყველაფერი რთულდება.
პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მე ვიწყებ ფიქრს, იმაზე თუ რა უნდა ვთქვა გასახდელში შესვლის შემდეგ. მწვრთნელების გარკვეული ნაწილი წიგნაკში იწერს იმას, რაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუმცა მე არ ვაკეთებ ამას, რადგან არ მსურს თამაშის რომელიმე ეპიზოდი შეუმჩნეველი დამრჩეს. ვერ წარმოვიდგენ ალექს ფერგიუსონს, რომელიც შუა გასახდელში დგას და კითხულობს რაღაცას ფურცლიდან, უბრალოდ ასეთი რამ არ შემიძლია."
წესი №7. ტაქტიკა
"ტაქტიკა იცვლება იმის მიხედვით, თუ ვის წინააღმდეგ გვაქვს სათამაშო. მე ვცდილობ ყურადღება გავამახვილო მოწინააღმდეგის ერთ ან ორ ლიდერზე. ვინ ასრულებს სტანდარტებს? ვის შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება? პარასკევობით ჩვენ ვაკეთებთ ვიდეოს, რომელიც მოიცავს მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს. შაბათს კი ამ ვიდეოს ფეხბურთელები უყურებენ, რათა მიახლოებითი წარმოდგენა შეექმნათ. "
წესი №8. ძალაუფლება
"ზოგიერთი ინგლისური კლუბი ისე ხშირად ცვლის მთავარ მწვრთნელებს, რომ გასახდელში ძალაუფლებას გარკვეული ფეხბურთელები ფლობენ - ეს ძალიან სახიფათოა. სამწვრთნელო საქმიანობა მეტწილად დამოკიდებულია ფეხბურთელებზე. შენ ფიქრობ რომ მათზე უკეთ თამაშობ, ხოლო ისინი ფიქრობენ, რომ შენზე უკეთესი მწვრთნელები არიან.
ერთხელ მე მოვისმინე ერთ-ერთი მწვრთნელის დიალოგი ფეხბურთელთან: "ამას უკვე ალბათ მეათასედ გეუბნები", რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა: "მათგან ნახევარზე ალბათ მეძინა"."
წესი №9. აგრესია
"ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ჩემს გუნდში ირიცხებოდა, ხშირად იღებდა წითელ ბარათს. ის ვარჯიშებზეც კი გიჟივით მოქმედებდა. შემიძლია მე მისი ხელახლა აღზრდა? არა. მსურს, რომ მან შეიცვალოს სათამაშო სტილი? ისევ არა. თუკი მე მისი აგრესიის მკურნალობას დავიწყებ, ის აღარ დაემსგავსება საკუთარ თავს. ის ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის, რადგან სწორედ ეს აგრესია ხდის მას განსაკუთრებულს და სხვისგან გამორჩეულს."
სავარაუდოდ, მისტერ ინკონგიტო პოლ სქოულზი უნდა იყოს, რომელსაც 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული კარიერაში და ერთ-ერთი ყველაზე "გაყვითლებული" მოთამაშეა. წითურა პინცი 95-ჯერ არის გაფრთხილებული პრემიერ ლიგაში.
წესი №10. ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან
"გუნდში საუკეთესო ურთიერთობა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორთან, დევიდ გილთან" მქონდა. დიახ, იყო საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრს. რაც შეეხება კლუბის მფლობელებს, გლეიზერები ძალიან თავშეკავებულები იყვნენ. მე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელი ვყოფილიყავი და გუნდს პრემიერ ლიგა მოეგო ალბათ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიქნებოდი.
მახსოვს, როდესაც "რეინჯერსში" ვთამაშობდი და ჩვენ შოტლანდიის ჩემპიონები გავხდით, გუნდის პრეზიდენტი სიხარულისგან ცეკვავდა და ხტოდა, ხოლო გლეიზერები მოგილოცავენ, ხელჩამორთმეული სურათს გადაიღებენ და მორჩა."
წესი №11. შთაგონება
"მახსოვს, ოპერის მომღერლის, ანდრია ბოჩელის, გამოსვლას დავესწარი. ადრე არასდროს ვყოფილვარ კლასიკური მუსიკის საღამოზე. როდესაც მას შევხედე, დავფიქრდი საოცარ ურთიერთქმედებაზე და ჯგუფურ მუშაობაზე - ყველაფერი როგორ არის "მიბმული" ერთმანეთზე . ამიტომაც ვესაუბრები ჩემს მოთამაშეებს ამ ყველაფერზე - რამდენად აწყობილია გუნდი.
წესი №12 კოლეგები
"ჟოზე მოურინიო - ქარიზმატული, ინტელიგენტი ადამიანი და ამავდროულად ძალიან "მოდური". ვფიქრობ მეც მაქვს ყველა ეს თვისება, არამგონია, უარესად ვიცვამდე. "მე გამორჩეული ვარ" და "ჩვენ დღეს გავიმარჯვებთ " ჟოზე მოურინიოს ნათქვამი ეს ფრაზები, პორტუგალიელის თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. მე, მაგალითად, მსგავსი ფრაზების თქმა მოთამაშეებისათვის არ შემიძლია. შეიძლება ამის მიზეზი ჩემი შოტლანდიური წარმომავლობა იყოს.
ხოსე გვარდიოლა- ძალიან ემოციურია. მან შეძლო შეეცვალა "ბარსელონას" თამაში, ასწავლა მოთამაშეებს ბურთის მიღებისთანავე პრესინგზე გადასვლა. გვარდიოლამ გაამყარა თავისი ფეხბურთელების სტატუსი და "დააწინაურა" ისინი. შეხედეთ, როგორი ნიჭიერი ფეხბურთელები შეიკრიბნენ კატალონიურ კლუბში, მაგრამ ამასთანავე როგორ თავდაუზოგავად შრომობენ ისინი. ფანტასტიურია ეს ყველაფერი."