ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ მოხარულია გუნდში სტანდარტულების საშუალებით გოლის გატანით და უხარია, რომ გუნდმა სეზონის პირველი პენალტი ბოლო ტურის მატჩში მიიღო.
ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე სეზონში სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ 11 გოლი აქვთ გატანილი, "ბარნლისთან" გამართულ შეხვედრაში კი სამივე გოლი ასეთი ვითარებიდან გავიდა - სმოლინგმა პირველი და მეორე გოლები კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიტანა, ხოლო რობინ ვან პერსიმ პენალტი დაარტყა.
ვან გაალმა თავისი შეგირდები შეაქო, რომლებმაც ბოლო პერიოდში საკმაო პროგრესი განიცადეს სტანდარტულების გათამაშების მხრივ და განაცხადა, რომ პენალტის დამრტყმელს თავად ირჩევს.
"ამას მე ვწყვეტ, დიახ. მე საიდუმლო ვიცი და ამ სახის სტანდარტულ მდგომარეობებს ვარჯიშებზე ყოველ კვირაში ვამუშავებთ. პენალტის ყველა დამრტყმელმა პენალტი უნდა შეასრულოს. ძალიან კარგია ამას რომ ვაკეთებთ, რადგან სტანდარტული მდგომარეობა თამაშის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ბოლო მატჩში პენალტი დაგვინიშნეს.
მატჩამდე ყოველდღე ვმუშაობთ სტანდარტულებზე. ამჟამად 11 გოლი გვაქვს სტანდარტული მდგომარეობიდან გატანილი, კარგი რიცხვია." - განაცხადა ვან გაალმა.