"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი ფინანსური ანგარიშის მიხედვით კლუბის შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, ვალები კი ძალიან გაიზარდა. ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.
მოცემული ანგარიში მოიცავს 2014 წლის მეორე ნახევარს. ამ ხნის განმავლობაში "წითელი ეშმაკების" ვალი თითქმის 24 მლნ. ფუნტით გაიზარდა (356.6-დან 380.5 მლნ. ფუნტამდე), რასაც კლუბი დოლარის კურსის ზრდით ხსნის.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით "იუნაიტედის" შემოსავალი 122.9 მლნ. ფუნტიდან 105.7 მლნ. ფუნტამდე დაეცა - მეტწილად ევროთასებზე არ ყოფნის გამო.
ამავდროულად, ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე "იუნაიტედმა" სახელფასო გადასახადი 5.6%-ით შეამცირა, რაც 2.9 მლნ. ფუნტამდე დაყვანას უდრის.
ეს კი იმის ხარჯზე მოხერხდა, რომ წინა სეზონთან შედარებით "იუნაიტედმა" პირველ გუნდში ფეხბურთელთა რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.