"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "ბარნლისთან" მატჩში შეცვლაზე შესული ანდერ ერერა და კრის სმოლინგი შეაქო.
კრის სმოლინგმა შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თამაშმა ვან გაალი იმედგაცრუებული დატოვა, ინგლისელისა და ერერას თამაშით ლუი კმაყოფილი დარჩა.
"არ ვფიქრობ, რომ შეცვლაზე შემოსულებმა ცუდად ითამაშეს! მომწონს სმოლინგი. მან ერთ მათჩში ორჯერ გაიტანა, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია.
გარდა ამისა, მეორე ტაიმში საკუთარი თამაში გააუმჯობესა. მისით ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე ერერამ, რომელიც ბლინდის ნაცვლად შემოვიდა, ჩემი აზრით, დიდებულად ითამაშა!" - განაცხადა ვან გაალმა.
ლუი ვან გაალს სურს მისმა გუნდმა უფრო სწრაფი პასები აკეთოს და ტემპში ითამაშოს, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში ეს ვერ შეამჩნია.
როცა ჰკითხეს, მოახერხა თუ არა მისმა გუნდმა მოლოდინის გამართლება, მან განაცხადა: "ვერა. რადგან "ბარნლი" ზეწოლას ახდენდა ჩვენზე და ბურთს ვკარგავდით. ყოველი მეორე პასი "ბარნლის" იყო და როცა ასე ხდება, უბრალოდ ვერ ითამაშებ სწრაფად. ამას უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ, როცა ბურთს პირველი ან მეორე პასის დროს კარგავ, ხვდები, რომ ეს ძალიან რთულია."