"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში "კემბრიჯთან" დაპირისპირების შემდეგ მსაჯის მისამართით ნათქვამი სიტყვების გამო საფეხბურთო ასოციაციის მიერ წაყენებული ბრალდება უარყო.
ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის განმეორებით შეხვედრის შემდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" 3-0 მოიგო, ვან გაალმა თავის სიტყვებს ნათელი მოჰფინა და განაცხადა, რომ ეჭვქვეშ არ დაუყენებია პირველ მატჩში მთავარი მსაჯის, კრის ფოის პროფესიონალიზმი.
ჰოლანდიელის თქმით, მისი სიტყვები მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მსგავს დაპირისპირებაში ყველა აუტსაიდერს ემხრობა.
ბრალდების წაყენების შემდეგ, ვან გაალს საფეხბურთო ასოციაციისთვის პასუხი ჯერ კიდევ გუშინ უნდა გაეცა, მაგრამ მწვრთნელმა დამატებითი 24 საათი მოითხოვა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიელმა ბრალდება უარყო და მოითხოვა საქმის მოსმენა მისი თანდასწრებით ჩატარდეს.