ლუი ვან გაალს სჯერა, რომ "ჩელსისა" და "სიტის" გადასწრება ჯერ კიდევ შეიძლება და ამის გაკეთება "იუნაიტედის სტილში" სურს.
"წითელი ეშმაკები" ამჟამად "სიტის" 5 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "ჩელსის" ათით.
"რა თქმა უნდა, გულშემატკივართათვის ფანტასტიური იქნებოდა "სიტის" გადასწრება.
მაგრამ ჩვენი მიზანი ლიგის ოთხეულში ადგილის დამკვიდრება და ინგლისის თასის მოგებაა, თუმცა იგივე სურს 16 გუნდს, ასე რომ, არც ეს იქნება იოლი. სეზონის ოთხეულში დასრულებაც რთული იქნება, რადგან რამდენიმე გუნდი კუდში მოგვდევს, თუმცა შევეცდებით.
"ჩელსის" გადასწრებაც ასევე ძნელი იქნება, მაგრამ მათემატიკურად შესაძლებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მჯერა. თუ ჩვენს უკანასკნელ 15 შეხვედრას გადახედავთ, მხოლოდ ერთი წავაგეთ და 8 გოლი გავუშვით, ეს კი ბევრი სულაც არ არის.
"ჩელსის" ვეთამაშეთ და ფრე დავასრულეთ, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვეთამაშეთ "მანჩესტერ სიტის" და 1-0 დავმარცხდით, 10 კაცით, თუმცა ბოლო 20 წუთში უკეთესი გუნდი ვიყავით და შანსებსაც ვქმნიდით, ასე რომ, ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი.
ტიტულისთვის ბრძოლაში ფსონს "ჩელსიზე" ჩავიდოდი, მაგრამ ამის გაკეთების უფლება არ მაქვს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა მატჩის მოგებას ვეცადოთ. ამის გაკეთების უნარი ნამდვილად გვაქვს." - განაცხადა ვან გაალმა.