"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აპირებს "კემბრიჯთან" პირველი მატჩის შემდეგ მის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო საფეხბურთო ასოციაციის მიერ წაყენებული ბრალდება გააპროტესტოს.
ზემოაღნიშნული მატჩის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ შეხვედრაში ყველაფერი მისი გუნდის წინააღმდეგ იყო, მათ შორის, მთავარი მსაჯი, კრის ფოიც.
ოთხშაბათს საფეხბურთო ასოციაცია ამ ფაქტს გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გააკეთა: "ვან გაალი ამტკიცებს/ფიქრობს, რომ მსაჯი მოსყიდული იყო და ამით ფეხბურთის რეპუტაციას ზიანს აყენებს."
ბრალდებაზე პასუხის გასაცემად ლუის ორშაბათს 6 საათამდე აქვს დრო, მაგრამ მან უკვე ისარგებლა პრეს-კონფერენციით.
"გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. მწვრთნელად მუშაობის 30 წლის განმავლობაში ჩემი მისამართით არასდროს წაუყენებიათ მსგავსი ბრალდებები. და არც ახლა ვთვლი, რომ რამე ცუდი ვთქვი.
მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ვახსენე, რომ ყველაფერი აუტსაიდერის მხარეს იყო და ეს უკვე დიდი ხანია ასეა. თქვენ, ჟურნალისტები, ამას დაეთანხმეთ. ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის.
ეს მატჩის წინ ვთქვი და მატჩის შემდეგ გავიმეორე, საერთო ჯამში კი შემდეგი რამ ვიგულისხმე: ყველაფერი აუტსაიდერის მხარესაა. ამიტომ ვერ ვიჯერებ, რომ საფეხბურთო ასოციაციას ჩემი დასჯა მხოლოდ ამის გამო სურს.
მაგრამ კარგი, რაც არის, არის. რა თქმა უნდა, მათ მიერ ნათქვამს გავასაჩივრებ. ცუდი არაფერი მითქვამს, თქვენ, პრესა, დაადასტურებთ იმას, რომ არასდროს ცუდს არაფერს ვამბობ მსაჯზე, რა მატჩიც არ უნდა იყოს. თუ ვიტყვი, სამართლიანადაც დამსჯიან, ამიტომ ჩუმად ვარ." - განაცხადა ვან გაალმა.