ჯიმი მერფი - ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან ცოტა იწერება, რომელიც თითქმის არასდროს მომხვდარა გაზეთებისა და ჟურნალების ყდაზე, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ "იუნიატედის" აღზევებაში მისი წვლილი ისეთივე დიდია, როგორიც მეტ ბასბის.
წარმოშობით უელსელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში" გაატარა, მეტ ბასბის ინიციატივით "მანჩესტერ იუნიატედის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დაინიშნა. მისი საფეხბურთო ხედვა, ახალგაზრდებთან მუშაობის განსაკუთრებული უნარი და ორატორული ნიჭი ყოველდღე უფრო და უფრო ხიბლავდა ლეგენდარულ მეტ ბასბის და სწორედ ამის გამო ტოვებდა მას თანამდებობაზე. ოქროს თაობა, რომელსაც "ბასბის ჩვილებად" მოიხსენიებენ სწორედ უელსელის სელექციით ჩამოყალიბდა. ჯიმი მერფი იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა მთავარი მწვრთნელი.
ჯიმი მერფის აღმოჩენილია დანკან ედვარდსი, ბობი ჩარლტონი, ტომი ტეილორი, დევიდ პეგი, ბილ ფოლკსი და სხვა მრავალი ნიჭიერი და გამორჩეული ფეხბურთელი. სამწუხაროა, რომ მისი აღზრდილი ფეხბურთელების დიდი ნაწილი სწორედ მიუნხენის კატასტროფაში დაიღუპა და ვეღარ შეძლეს მასთან ერთად მუშაობის გაგრძელება.
1958 წლის 6 თებერვალს ჯიმი მერფი არ იმყოფებოდა გუნდთან ერთად მიუნხენში, რადგან იმ დროისთვის ჯიმი უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო და საკუთარი სამშობლოს საფეხბურთო ნაკრებს ეხმარებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში. სანაკრებო თამაშების გამო, ჯიმი მერფი ვერ მოხვდა თვითმფრინავის ბორტზე. შეიძლება თვითმფრინავში რომ ყოფილიყო, მაინც გადარჩენილიყო, მაგრამ საბედნიეროდ ის არ გახდა ამ კატასტროფის მონაწილე, რაც მომავალში "იუნაიტედის" არსებობაზე დადებითად აისახა.
კატასტროფის შემდეგ უამრავმა სპონსორმა უარი თქვა "იუნიატედთან" თანამშრომლობაზე, რასაც მოყვა შემოსავლების შემცირება და კლუბი გაკოტრების პირას მივიდა. "მანჩესტერ იუნიატედის" მფლობელებს სურდათ კლუბის გაკოტრების შესახებ განცხადება გაეკეთებინატ და მისი არსებობა შეეწყვიტათ, მაგრამ ჯიმი მერფის წყალობით ეს არ მოხდა.
ვერც მოხდებოდა ! - ჯიმისთვის და ყველა დანარჩენისთვის "მანჩესტერ იუნიატედი" გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კლუბი. ეს იყო მათი სიცოცხლე, მათი სამსახური, მათი მიზანი და ერთადერთი რამ, რისი კეთებაც სიამოვნებას ანიჭებდათ.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბობი ჩარლტონმა შემდეგი სიტყვებით გაიხსენა ჯიმი მერფი :
"მე ვისწავლე ბევრი რამ მეტ ბასბისგან და ალფ რამსისგან, მაგრამ ყველაფერს რასაც ფეხბურთში მივაღწიე ერთ ადამიანს ვუმადლი : ჯიმი მერფის"ჯიმი მერფიმ გუნდის ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოსთხოვა თავიანთი გადაწყვეტილების გაუქმება და გარანტია მისცა, რომ უმოკლეს დროში შეძლებდა ფეხბურთელების შეკრებვას, გუნდის ფეხზე დაყენებას და წარმატებით ასპარეზობას. მან თავისი სიტყვა შეასრულა. დაუღალავი შრომისა და მონდომების შემდეგ შეძლო რამდენიმე გამოუცდელი, ახალგაზრდა ფეხბურთელების შეკრებვა, რომლებსაც მოტივაციას დღე-ღამის განმავლობაში აძლევდა. ის უხსნიდა მათ, რომ "იუნიატედი" საუკეთესო კლუბი იყო, რომ ამ გუნდის მაისურის ტარება უდიდესი ღირსება იყო !
ერთხელ, როდესაც მეტ ბასბი საავადმყოფოში იწვა, მას ჯიმი მერფი ესტუმრა. უკვე ვთქვი, რომ ბასბისთვის ჯიმი მერფი გამორჩეული პიროვნება იყო, სწორედ ამიტომ მან უელსელს უთხრა :
"გააგრძელე წითელი დროშის ფრიალი!" - ჯიმიმ ბოსის ბრძანება შეასრულა.
ხუთი თვის განმავლობაში იმუშავა ჯიმი მერფიმ "იუნიატედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ფაქტობრივად განადგურებული "მანჩესტერის" ინგლისის თასის ფინალამდე მიყვანა შეძლო. ეს იყო წარმოუდგენელი წარმატება იმ დროინდელი გუნდისთვის. ამ წარმატებამ დაამტკიცა, რომ "იუნიატედი" არასოდეს მოკვდება.
1989 წელს, 79 წლის ასაკში ჯიმი მერფი გარდაიცვალა. მისი სახელი სამუდამოდ დარჩა "მანჩესტერის იუნიატედის" ისტორიაში, როგორც ადამიანის, რომელმაც იხსნა "იუნიატედი" უდიდესი კატასტროფისგან.
სტატიის ავტორი : დიმიტრი სანაია