"ლესტერთან" გამართულ მატჩამდე ლუი ვან გაალს საკუთარი სქემის დაცვა მოუხდა, რადგან უკანასკნელი ექვსი შეხვედრიდან სამში გოლის ვერ გატანის გამო გულშემატკივარმა ჰოლანდიელის გუნდს მოსაწყენი უწოდა.
შედეგად, ვან გაალმა "მელიებთან" მატჩში მისთვის საყვარელ 3-5-2 სქემაზე უარი თქვა და სამი ცენტრალური მცველის ნაცვლად ოთხმცველიანი ტაქტიკა აირჩია.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" მატჩი დამაჯერებლად მოიგეს, ვან გაალი აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდება.
"ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ფეხბურთელები არიან ხელმისაწვდომნი. ამჟამად ლუკ შოუს ვათამაშებთ დაცვაში, მაგრამ ანტონიო ვალენსია მცველი არ არის.
ასე მხოლოდ იმიტომ ვითამაშეთ, რომ სახლში ვთამაშობდით და მინდოდა შეგვეტია.
მაგრამ როცა ვინგ-ბექად ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია გყავს, უკეთ თამაშობ.
უნდა ვნახოთ, როგორი თამაში დაგვჭირდება თითოეულ მატჩში." - განაცხადა ლუიმ.
ვან გაალი "ლესტერთან" შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლით დამწუხრებულია.
"ბოლო გოლი კუთხურიდან გავიტანეთ და კონცენტრირებულნი ვიყავით. საჯარიმოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მრავლად იყვნენ.
ამის შემდეგ თავი კარგად უნდა დაიცვა, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო.
როცა მატჩსა და ჩვენი გუნდის დომინირებას ხედავ, გოლს კი არაფრისგან იღებ, ძალიან იმედგაცრუებული რჩები." - დაამატა ვან გაალმა.