"ლესტერთან" მატჩის ყველაზე საინტერესო კითხვა მოედანზე დეილი ბლინდის პოზიცია იყო იმის ფონზე, რომ ლუკ შოუ პირველივე წუთებიდან მზად იყო სათამაშოდ.
თუ ვიწინასწარმეტყველებდით, რომ კერიკი საყრდენ ზონაში დადგებოდა, დეილისთვის ერთადერთ ადგილად დაცვის ცენტრი რჩებოდა, სადაც ორგანიზაციის თავის ნიჭს აჩვენებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მაიკლმა ტრავმა მიიღო, ბლინდის პოზიციის თაობაზე დასმული კითხვა კი თავისთავად გაქრა. ნათელი იყო: დეილი საყრდენ ზონაში ითამაშებდა.
მათ, ვინც ჩვენს განხილვებს მუდმივად კითხულობს, ემახსოვრებათ როგორ ვაქებდით ბლინდს საწყის მატჩებში, როცა სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. შემდეგ მოხდა კერიკის დაბრუნება, დეილის ტრავმა და უკანასკნელ მატჩებში მოედანზე ორივე მათგანის გამწესება, რის შედეგადაც ბლინდი დაცვის ცენტრში აღმოჩნდა, ან ფლანგზე. ამ მოთამაშის საუკეთესო პოზიცია კი - მოედნის ცენტრია, სადაც მთელ მშვენიერებას აფრქვევს.
თუ არ გესმით რით არის ბლინდი ასეთი კარგი, ორი უკანასკნელი შეხვედრა იხილეთ და საყრდენად მოთამაშე სხვა ფეხბურთელებს შეადარეთ.
ბურთის ართმევისა და გუნდისთვის დაბრუნების რაოდენობა ბლინდს იმდენივე (თუ მეტი არა) ჰქონდა, რამდენიც დი მარიასა და რუნის ბურთის დაკარგვის რაოდენობა ერთად აღებული, რაც ცოტა ნამდვილად არ იყო.
მაგრამ ყველა ეპითეტზე უკეთ პირველი გოლის ვიდეო მეტყველებს. სპეციალურად დავტოვეთ ვიდეოს მონაკვეთი, რომელიც ვან პერსისთვის მიწოდებულ დეილის პასს წინ უღძოდა. ყურადღება მიაქციეთ პრესინგს, რომელსაც დეილი მოწინააღმდეგეზე ახდენს; საბოლოოდ ბურთს ართმევს და საგოლე გადაცემას აკეთებს.
ეს ბლინდის სახელობის გოლია. ჰოლანდიელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და "ლესტერის" დამარცხების პირველი მიზეზი გახდა.
რაც შეეხება თამაშგარეს, ის, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ როგორც ვან გაალმა თქვა, "მსაჯმა არ ჩასტვინა, ესე იგი, თამაშგარეც არ იყო."
საჰაერო ორთაბრძოლები
"ლესტერის" მიერ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთის ჩატანის თითქმის ერთადერთი საშუალება საკუთარი საჯარიმოდან გრძელი გადაცემის გაკეთება გახლდათ. აქ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საჰაერო ორთაბრძოლებს. ბლინდი, როხო და ჯონსი ამ კომპონენტში შესანიშნავები იყვნენ და პირველ ტაიმში მეორე სართულზე ყველაფერს იგებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი დუელის შემდეგ ჯონსმა შეტევაში ვან პერსის შესანიშნავი პასი მიაწოდა, რის შემდეგაც მწვავე კონტრშეტევა წარიმართა და მეორე გოლით დასრულდა.
კუთხურები
წარმატების მესამე შემადგენელ ნაწილად იქცა კუთხურები, უფრო სწორად კი გათამაშებული კომბინაციები, რომელსაც კუთხური თავისთავად წარმოადგენდა.
ვიდეოზე ჩანს პირველი კუთხური, რომელიც "იუნაიტედმა" მოაწოდა. ყურადღება მიაქციეთ ბლინდს: ახლო ძელთან დგას, შემდეგ კი უცებ გარბის წინ, რათა დასწრებაზე ითამაშოს და მეკარის ზონაში ჩააგდოს ბურთი. ოდნავ არ გამოუვიდა.
ეს კი მეორე კუთხურია, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ შედგა და ავტოგოლით დასრულდა. იპოვეთ 10 განსხვავება.
იგივე მოქმედი პირები, იგივე კომბინაცია.
მსგავსი გოლი გაიტანა ფალკაომ "სტოკ სიტისთან", როცა მეპასის როლში კერიკი მოგვევლინა. შეთამაშებული კომბინაცია, რომელმაც უკვე ორი გოლი მოიტანა.
მეორე ტაიმი
შეხვედრის მეორე ნახევარში "იუნაიტედმა" გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ არანაკლები შანსები ჰქონდა.
თუმცა გაჩნდა შეცდომებიც. თუ პირველ ტაიმში "ლესტერს" მხოლოდ ერთი შანსი მიეცა, როცა რუნიმ უკან მყოფ ვალენსიას მოუფრთხილებელი პასი მიაწოდა, მეორე ტაიმში "მელიებმა" გოლის გაქვითვაც კი მოახერხეს.
ბურთი სახეში მოხვდა ბლინდს, "იუნაიტედის" საჯარიმოში მცირე გაურკვევლობა მოხდა, რითაც ისარგებლა "ლესტერმა", გაითამაშა კომბინაცია, რომელიც ფლანგიდან ჩაწოდებით დასრულდა. მაკნერიმა და რუნიმ საჰაერო ორთაბრძოლა წააგეს, ხოლო ვასილევსკიმ კარები დაცხრილა.
აღსანიშნავია, რომ დე ხეამ რეაგირება მოასწრო და თითქმის მოედნის ძირიდან აიღო ბურთი. ოდნავ არ გაუმართლა. სწორედ ამიტომ გაბრაზდა გოლის შემდეგ ასე ძალიან.
***
როცა ანგარიშს შეხედავთ, მეორე ტაიმის თამაშის ხასიათმა არ მოგატყუოთ. "იუნაიტედს" კარის აღების ბევრი შანსი ჰქონდა და ბურთის ფლობაშიც დომინირებდა. გოლის გაშვების შემდეგ დარჩენილი 10 წუთი კი იმ ფეხბურთის მაჩვენებელი იყო, რომელსაც "იუნაიტედი" აშშ-ში აჩვენებდა. შეცვლაზე შესული მაკნეირი და უილსონიც კი შესანიშნავად ჩაეწერნენ სწრაფ კომბინაციურ ფეხბურთში, რომელსაც "იუნაიტედი" თამაშობდა, ხოლო დი მარიამ უცებ ბურთის დაკარგვა შეწყვიტა.
"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი ქომაგისთვის სასიამოვნო საღამო გამოდგა.
პერსონალები
იანუზაი
შესაძლოა ადნანის საუკეთესო მატჩი არ იყო, მაგრამ ძალიან სამაგალითო კი გამოდგა. თანაგუნდელები იანუზაის თითქმის არ უტოვებდნენ სივრცეს, სადაც მოტრიალებას მოახერხებდა. ადნანის ზონაში ქვემოდან თითქმის ყოველთვის ერთვებოდა შოუ, ხოლო ცენტრში დი მარია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში ბელგიელი ძალიან ზრდასრულად გამოიყურებოდა. პირველ რიგში, ყოველთვის შეტევისკენ მიიწევდა, მეორე რიგში, ძალიან ცოტაჯერ კარგავდა ბურთს, მესამე რიგში, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და არც გახსნილი დი მარიას იგნორირებას ერიდებოდა.
ასეთი განლაგების დროს შეტევის მარცხენა ფლანგი მაქსიმალურ ეფექტურობას შეიძენს, როცა შოუ, იანუზაი და დი მარია ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას ისწავლიან.
როხო და ჯონსი
ცენტრალურ მცველებს ამ მატჩში ნაკლები საქმე ჰქონდათ, მაგრამ დაცვა საიმედოდ გამოიყურებოდა. თუ ჯონსი საჰაერო ორთაბრძოლებში ყოჩაღობდა, როხო ქვემოთ თამაშობდა უკეთ. მარკოსის ვარსკვლავური მომენტი მაშინ დადგა, როცა ულოა ერთი-ერთზე გაქცევას ლამობდა, მაგრამ როხომ დაწევა და ბურთის ართმევა წესების დარღვევის გარეშე მოახერხა. მოკითხვა ჯონი ევანსს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯონსი მაინც შეცდა, მაგრამ დე ხეა საიმედო იყო.
აღსანიშნავია როხოს კიდევ ერთი პლუსი: მისი გამჭოლი პასები. სიტუაცია, როცა როხო წინ მიდის და შეტევაში მწვავე პასს აკეთებს, ხშირად ხდებოდა და "ლესტერ სიტის" დაცვის ხაზს არსებით უსიამოვნებას ანიჭებდა.
დი მარია
დი მარიას თამაშს ყველაზე უკეთ მის მიერ წინ გაკეთებული პასების ეს რუკა აჩვენებს. 50%-ანი სიზუსტე.
წინა მატჩებში ასეთი მაჩვენებლის გამართლება "მისთვის შეუსაბამო პოზიციით" შეიძლებოდა, თუმცა ამჯერად გამართლება არ აქვს. არაზუსტი პასების გარდა ბურთის დაკარგვის მთელი რიგი და წაგებული ორთაბრძოლები შემოგვთავაზა. პირველი ტაიმი მიმდინარეობდა სქემით: "დი მარია კარგავს, ბლინდი აბრუნებს."
მაგრამ აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს ანხელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. რამდენიმეჯერ შესანიშნავად გაამწვავა და მოედნის ნახევრიდან რუნის დიდებული პასის შემდეგ გოლის გატანაც შეეძლო.
დროთა განმავლობაში დი მარიამ თავისი თამაში უნდა იპოვოს, მაგრამ ახლა ძალიან ვწუხვარ, რომ ძიება მატას ხარჯზე უწევს.
მაკნეირი
მაკნეირით ვან პერსის ჩანაცვლების შემდეგ 3-5-2 სქემაზე გადასვლაზე ხუმრობები გრძელდება, მაგრამ თუ მოედანს შევხედავთ, 3 ცენტრალური მცველით თამაში არ გვინახავს. პატრიკი ვალენსიას პოზიციაზე გამოვიდა, რაც ვან გაალის მორიგი სიურპრიზი გამოდგა.
ამასთან ერთად, ანტონიო ფლანგზე დადგა და სქემა 4-3-3-ს დაემსგავსა და მატასა და უილსონის გამოსვლის შემდეგაც ასეთივე დარჩა.
მაკნეირი, როგორც ბლინდი, უნივერსალური ფეხბურთელია. ალბათ ლუი გააგრძელებს ჩრდილოირლანდიელის პოზიციით ექსპერიმენტების ჩატარებას. შესაძლოა ოდესმე პატრიკი საყრდენ ზონაშიც კი ვნახოთ.