შოტლანდიელი ნახევარმცველის საუკეთესო მატჩები.
დარენის მიმართ ყველაზე კარგი კომპლიმენტი ალბათ ის იქნება, რომ ვთქვათ, ის გუნდისთვის ისეთივე საჭირო იყო, როგორც უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდო.
2008-2010 წლებში შოტლანდიელი ყველანაირად ცდილობდა გამუდმებით ტრავმირებული ოუენ ჰარგრივსი შეეცვალა. პარკ ჯი სუნი დიდი რეპუტაციით სარგებლობდა "იუნაიტედში", თუმცა ფლეთჩერის დადანაშაულება არ შეიძლება იმაში, რომ იგი არ ჩანდა დიდ მატჩებში, როგორც კორეელი ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში.
2009 წლის რომის ფინალში, დარენის არ ყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო. მან "არსენალთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და ამიტომ ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს. "იუნაიტედის" ნახევარდაცვა კი ვერ გაუმკლავდა ხავი-ინიესტას დუეტს.
2 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დაავადებამ უკვე თავი საკმაოდ იჩინა, სერ ალექსს არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა გარდა ბრიტანელისა.
ფრენკ ლამპარდმა ერთხელ თქვა, რომ დარენის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული ამოცანა იყო.
ფლეთჩერმა განაცხადა 2009 წელს:
"მე ძალიან მომწონს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში. როდესაც მოედანზე გავდივარ ჩემს თავს ვეუბნები: "კარგი, მოდი შევამოწმოთ რამდენად კარგები არიან. ფაბრეგას, ლამპარდ და ჯერარდ - მე თქვენს წინააღმდეგ ვთამაშობ და ვნახოთ როგორ მოგეწონებათ ეს. მაშინაც კი, როდესაც ბურთი არ გექნებათ, მე თქვენთან ახლოს ვიქნები და მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. მოგწონთ ეს? მოგწონთ ჩემი ვარდნები? მოგწონთ ის, რომ 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად ვირბენ. საერთოდაც არ მოგწონთ ეს. აი როდესაც ბურთს აგართმევთ მე წინ გავიქცევი შეტევის დასახმარებლად, თქვენ კი უნდა გამომეკიდოთ რომ გამაჩეროთ. ამისთვის მზად ხართ?"ფაბრეგასს და "არსენალს" თავის დროზე ეს სრულებითაც არ მოსწონდა და არსენ ვენგერმა ამას "ანტიფეხბურთიც" კი უწოდა.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ საუკეთესო 10 მატჩში ლონდონელებთან დაპირისპირება არაერთხელ მოხვდება:
1) ინგლისის თასის ნახევარფინალი 2004 წელი, "არსენალი"-"იუნაიტედი" 0-1. ეს იყო პირველი გამოცდა გამძლეობაში, დარენისთვის და კრიშტიანუ რონალდუსთვის. მათი ძალა და ქარიზმა ძალიან დაეხმარა გუნდს. როი კინის და ფლეთჩერის დუეტმა კი მოედნიდან გააქრო ფრანგი პატრიკ ვიეირა.
2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი 2007 წელი, "იუნაიტედი" - "რომა" 7-1. პოლ სქოულზი დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდა "ეშმაკებს", მისი ადგილი კი დარენ ფლეთჩერმა შეავსო. მართალია, წითლების შემტევები მეტოქის განადგურებისთვის იყვნენ მომართულები, მაგრამ არც ფლეთჩერი ყოფილა უსაქმოდ, რომელიც გასაქანს არ აძლევდა ფრანჩესკო ტოტის.
3) ინგლისის თასის მეხუთე რაუნდი 2008 წელი, "იუნაიტედი"-"არსენალი" 4-0. ფერგიუსონისთვის თანამემამულე პირველი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა ნახევარდაცვის ცენტრისთვის, მაგრამ ფლეთჩერმა თავისი შრომისმოყვარეობით დაიმსახურა ადგილი ძირითადში და 2 ულამაზესი გოლიც გაუტანა "მეთოფეებს".
4) პრემიერ ლიგა 2008/09 წლების სეზონი, "იუნაიტედი"-"ჩელსი" 3-0. როდესაც ნათელი გახდა, რომ მოედნის ცენტრში დარენის, პარკ ჯი სუნის და რაიან გიგზის ტრიო იქნებოდა, გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფუძველიც კი აღარ დარჩა, თუმცა სულ ტყუილად. დარენმა საუცხოოდ ითამაშა, რამაც გიგზს მისცა საშუალება თავი შეტევაში წარმოეჩინა, საბოლოოდ კი ლონდონელები განადგურდნენ.
5) პრემიერ ლიგა 2008/09 წლების სეზონი, "იუნაიტედი"-"ასტონ ვილა" 3-2. ამ მატჩს ყველა ალბათ ფედერიკო მაკედას გამარჯვების მომტანი გოლით გაიხსენებს, თუმცა დარენს უდიდესი წვლილი მიუძღვის გამარჯვებაში. "ლომებთან" შეხვედრაში "ეშმაკებს" რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, პოლ სქოულზი, უეინ რუნი და რაიან გიგზი ვერ ეხმარებოდნენ, ლიდერობა თავის თავზე კი სწორედ შოტლანდიელმა აიღო.
6) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი 2009 წელი, "იუნაიტედი"-"არსენალი" 1-0. მისთვის ალბათ ყველაზე საყვარელი მეტოქის წინააღმდეგ დარენმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა. განმეორებით შეხვედრაში მიღებულმა წითელმა ბარათმა კი წყალში ჩაუყარა შრომა.
7) პრემიერ ლიგა 2009/2010 წლების სეზონი, "იუნაიტედი"-"არსენალი" 2-1. აჰ! ისევ და ისევ "არსენალი". მართალია, მთლიანმა გუნდმა არცთუ კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ერთადერთი ვინც 90 წუთი მაღალ დონეზე ითამაშა - ეს დარენი იყო.
8) პრემიერ ლიგა 2009/2010 წლების სეზონი, "ტოტენჰემი"-"იუნაიტედი" 1-3. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, როცა დარენმა პოლ სქოულზის არყოფნა არც კი აგრძნობინა გუნდს. წითურა პრინცის გაძევებამ, თითქოს რთულ სიტუაციაში ჩააგდო "იუნაიტედი", როდესაც ისინი 1-2 იგებდნენ, თუმცა სწორედ შოტლანდიელის კარგმა თამაშმა და უეინ რუნიზე გაკეთებულმა საგოლე პასმა დაუსვა წერტილი ყველაფერს.
9) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2009 წელი, "ვოლსბურგი" - "იუნაიტედი" 1-3. ტრავმიანობა "იუნაიტედს" ვან გაალის მოსვლამდეც აწუხებდა, ამიტომ მაიკლ კერიკს და დარენ ფლეთჩერს, გერმანიის ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში დაცვის ცენტრში მოუწიათ. შოტლანდიელმა, რომელსაც თამაშის წაკითხვა ძალიან კარგად შეუძლია, ედინ ჯეკოს წინააღმდეგ საოცრად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიელი საუცხოო ფორმაში იყო.
10) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი 2010 წელი, "მილანი"-"იუნაიედი" 2-3. იტალიურმა გუნდმა მოახერხა და ანგარიში გახსნა, თუმცა პოლ სქოულზმა მალევა გაათანაბრა. გოლში დიდი წვლილი მიუძღვის შოტლანდიელს, რომელმაც უკვე გამარჯვების მომტან დარტყმაშიც მიიღო მონაწილეობა, როცა უეინ რუნის საგოლე პასი გაუკეთა. ამ ყველაფერთან ერთად დარენი დაცვაში დაბრუნებას და მეტოქეების განეიტრალებასაც ახერხებდა.
წყარო:
carrick.ru