"მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდი ორი თვის განმავლობაში ორშაბათ დღეს პირველად ეწვევა Leigh Sports Village-ს, სადაც "ლივერპულს" უმასპინძლებს. შეხვედრაში დარენ ფლეთჩერიც მიიღებს მონაწილეობას და სავარაუდოდ, ეს მისი უკანასკნელი მატჩი იქნება "იუნაიტედის" მაისურით.
შოტლანდიელმა ფეხბურთელმა ბოლო კვირების განმავლობაში "ვესტ ბრომის", "ვესტ ჰემისა" და "ვალენსიას" ყურადღება მიიპყრო და როგორც მოსალოდნელია, ის "ოლდ ტრაფორდს" მალე დატოვებს. "ჩაქუჩებმა" კი ფლეთჩერთან უკვე შეათანახმეს პირობები და მხოლოდ კლუბის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
აგვისტოს შემდეგ 30 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ორჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და ორივე შემთხვევაში ცუდად. "ასტონ ვილასთან" და ინგლისის თასზე "იოვილ თაუნთან" მატჩში ფლეთჩერი წარუმატებელი თამაშის გამო შეცვალეს, ხოლო "კემბრიჯთან" შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზე მოხვდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
შოტლანდიელს სჯერა, რომ მის შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებენ და თუ "ლივერპულის" წინააღმდეგ კარგ მატჩს ჩაატარებს, შესაძლოა მისი დატოვების შანსიც გაჩნდეს.