"მანჩესტერ იუნაიტედი" კიევის "დინამოსა" და ავსტრიის ნაკრების ცენტრალური მცველის, ალექსანდრ დრაგოვიჩის შეძენით ინტერესდება.
23 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს საუცხოო დონეზე ატარებს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო მასშტაბით, რითაც ევროპულ კლუბებში ინტერესი გამოიწვია.
ESPN-ის ცნობით, "იუნაიტედის" სკაუტები დრაგოვიჩს ყურადღებით აკვირდებიან.
პრესა "იუნაიტედის" სახელს მატს ჰუმელსსა და რონ ვლაარს უკავშირებს, თუმცა ვან გაალის სატრანსფერო სიაში დრაგოვიჩიც იჭერს მაღალ საფეხურს.
გასულ სეზონში ალექსანდრს "ვესტ ჰემის" და "არსენალის" სახელს უკავშირებდნენ. თავად ფეხბურთელი კი მზადაა უკრაინის საზღვრები დატოვოს და წამყვან ლიგებში სცადოს თამაში.
მიუხედავად იმისა, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გაშვება არ სურს, ისინი მზად არიან, წინადადება მოისმინონ.