"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი სკაუტი, მარტინ ოკიაერი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში რასისტული გამონათქვამის გამო სამსახურიდან დაითხოვა.
32 წლის ჰოლანდიელი "იუნაიტედს" 2011 წელს "ჰამბურგიდან" შეუერთდა.
რამდენიმე დღის წინ მარტინმა თავს უფლება მისცა Facebook გვერდზე პარიზში მომხდარი ფაქტების შესახებ საკუთარი აზრი გამოეხატა. მან დანიის მთავრობას შესთავაზა ჩრდილო ევროპის მუსულმანებისთვის საბაჟო კონტროლი გაემკაცრებინა და იმედი გამოთქვა, რომ "პარიზის მთავრობა ბოლოს და ბოლოს ქვეყნიდან გააძევებს მთელ ამ ემიგრანტულ ნაგავს."
ედ ვუდვორდმა თავის ქვეშევრდომებს დაავალა სამსახურეობრივი გამოძიება ჩაეტარებინათ, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ კლუბი მარტინ ოკიაერთან კონტრაქტს გაწყვეტდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენელმა განაცხადა: "მთელი ინფორმაციის მოძიების შედეგად კლუბმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივი გამოძიებისთვის მიემართა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ბატონ ოკიაერთან კონტრაქტს გაწყვეტდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს თავისი თანამშრომლების ასეთი საქციელი მოითმინოს."
როგორც ცნობილია, მარტინმა პირველად უარყო ბრალდება, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთების წარდგენის შემდეგ აღიარა.
ოკიაერმა თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა მისალოცი ბარათის ფოტო, რომელიც სერ ალექსმა ქორწილის დღეს გაუგზავნა.