ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ნოემბრის შემდეგ პირველად დაბრუნდა, როცა "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში ითამაშა.
რა თქმა უნდა, შედეგი იმედის გამაცრუებელი იყო, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ გულშემატკივარს პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირი ტრანსფერის დაბრუნება მაინც ესიამოვნა. მიუხედავად იმისა, რომ დი მარიამ ნომინალური ფორვარდის როლი შეითავსა, ნაკლებად თუ იტყვის ვინმე, რომ გუნდის მარცხი მხოლოდ მისი ბრალია.
ტრავმის მოშუშების შემდეგ დი მარიამ პირველი მატჩი ინგლისის თასზე ჩაატარა, სადაც "იოვილის" წინააღმდეგ მატჩში 20 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა. ვან გაალის გუნდში კი სჯერათ, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" დიდ წარმატებას მიაღწევს და "იუნატედის" სამომავლო წარმატებაში დიდ როლს შეასრულებს.
"ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთულია, განსაკუთრებით, თუ შენ ახალ კლუბში ხარ. შენ უბრალოდ გსურს მოხვიდე და აჩვენო რამდენად კარგად თამაშობ. როცა ტრავმას მიიღებ, ეს უიღბლობაა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დაბრუნებისას ყველაზე მნიშვნელვანი იმაში დარწმუნებაა, შემიძლია თუ არა გუნდის დახმარება. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ჩვენება თუ რა შემიძლია და რა დონის ვარ." - განაცხადა დი მარიამ.
დი მარია "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ ფიფას სიმბოლური ნაკრების ერთ-ერთ წევრად დასახელდა. რონალდ კუმანის გუნდმა კი არგენტინელს საუკეთესო საჩუქარი ნამდვილად ვერ გაუკეთა და "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების მოპოვებით მესამე ადგილზე დამკვიდრდა.
თუმცა არგენტინელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და მომდევნო მატჩებს ახალი სერიის დასაწყებად კარგ საშუალებად მიიჩნვს.
"სეზონის დაწყებიდან დღემდე შეამჩნევდით, რომ თანდათან ვიზრდებოდით. დასაწყისში ასეთი კარგები არ ვიყავით, ახლა კი რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ ზედიზედ. არსებობს ხალხი, ვინც ამბობს, რომ ჩვენ კარგ სტილში ვერ ვთამაშობთ ან ძველ "მანჩესერ იუნაიტედს" არ ვგავართ - მაგრამ ასე არ არის. ჩვენ რაღაც ახალს ვიწყებთ. ჩვენ გვაქვს ახალი სტილი, ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კუთვნილ ადგილზე დავაბრუნოთ."
"გუნდურ ზრდაზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენი მიზანი შრომა და იმდენი ქულის აღებაა, რამდენიც შეგვიძლია. ყველამ ვიცით, რომ პრემიერ ლიგა რთულია, ამიტომ მიმდინარე წელს ჩვენი მიზნები გვაქვს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ, ინგლისის თასზე კარგად გამოვალთ და პრემიერ ლიგაში მაქსიმალურ საფეხურს მივაღწევთ." - დაასრულა დი მარიამ.