დავიდ დე ხეა თითქმის ყოველ თამაშში ახერხებს გუნდისთვის ქულების მოპოვებას და მატჩების მოგებას, მაგრამ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. United Rant იხსენებს, თუ როგორ გახდა სუსტი მოზარდი "წითელი ეშმაკების" ვარსკვლავი.
"ფეხბურთში იშვიათად ხდება ისე, რომ მატჩი 3:0 დასრულდეს და საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე დასახელდეს, მითუმეტეს გამარჯვებული გუნდის მეკარე" - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მცველმა და აწ უკვე Sky Sports-ის ექსპერტმა, გარი ნევილმა. რა თქმა უნდა, "ლივერპულთან" მატჩში დე ხეას მიერ მოწყობილი სანახაობა დიდ ყურადღებას იმსახურებს. 24 წლის ესპანელმა თავისი წარმატებული თამაშების სია მიმდინარე სეზონში უფრო მეტად შეავსო. დე ხეას ბოლო წლების წარმატებიდან გამომდინარე წინა პლანზე იწევს კითხვა, რატომ არ უფორმებს "იუნაიტედი" დე ხეას ახალ კონტრაქტს, რომლითაც ძლიერ ინტერესდება "რეალი"?
2011 წელს "ეშმაკებმა" მოზარდი მეკარის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მლნ. ფუნტი გადაიხადეს და კვირაში 75 ათასი დაუნიშნეს ხელფასის სახით. ჩვენ კი მხოლოდ 19 წლის ბიჭზე ვსაუბრობთ, რომელმაც გადასვლამდე მადრიდის "ატლეტიკოში" 84 მატჩის ჩატარება მოასწრო. ინგლისში დავიდი სირთულეებს წააწყდა, რაც ჩემპიონატის გამოცვლითა და გამოუცდელობით იყო გამოწვეული. "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული პირველი თვეების განმავლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისური პრესის მხრიდან უმოწყალო კრიტიკას წააწყდა.
"ღმერთო ჩემო" - აღმოხდა BBC-ს ექსპერტს, მარკ ბრაიტს 2011 წელს - "მანჩესტერ იუნაიტედს" ასეთი მეკარით ტიტულის მოგების არავითარი შანსი არ აქვს." ამავდროულად Guardian-ს ჟურნალისტმა, დენიელ ტეილორმა აღნიშნა: "ანდერს ლინდეგაარდი ესპანელს ყველაფერში აღემატება. სწორედ ის უნდა იდგეს "იუნაიტედის" კარში. დანიელი 7 წლით უფროსია, შესაბამისად უფრო გამოცდილია, ამავდროულად, ის გაცილებით თავდაჯერებულად გრძნობს თავს მეკარის საჯარიმოში და პარტნიორთა ნდობით არის აღჭურვილი." მთავარმა კრიტიკოსმა, The Times-მა დე ხეა ასე შეაფასა: "მასში ეურელიო გომესის გაუარესებულ ვარიანტს ვხედავ. მეკარე-ჟელე. მასში ვერავითარ განსაკუთრებულს ვერ ვამჩნევ. თავისი მილიონებითა და სკაუტებით ფერგიუსონმა ასეთი რამ როგორ დაუშვა? ვერაფრით მოვისაზრე!"
დე ხეას ლაფში ამოსვრა ტაბლოიდებში, ბლოგებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანერების საშუალებით გაგრძელდა. კრიტიკის დონე იმდენად დიდი იყო, რომ მელარე ინგლისში გატარებული რამდენიმე ცუდი თვის შემდეგ ესპანეთში დაბრუნებაზეც კი დაფიქრდა. "რთული იყო ჩემი მისამართით გამოგზავნილი კრიტიკის ასეთი დოზის ატანა. ძალიან მიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექსი მხარს მიჭერდა. მაგრამ ვცდილობდი საკუთარ თავში პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმი შემენარჩუნებინა. მთლიანად სავარჯიშო პროცესში ჩავერთე და ამას თავისი შედეგები მოჰყვა - შევძელი მომხდარისგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა და ამასთან ერთად საკუთარი უნარების სრულყოფა. თუმცა თავდაპირველად ძალიან მიჭირდა ზეწოლასთან გამკლავება." - განაცხადა დე ხეამ.
კრიტიკის დრო უკვე წარსულში დარჩა. 2013 წელს დე ხეა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდში შევიდა და იმავე წლის შედეგების მიხედვით "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რისთვისაც სერ მეტ ბასბის სახელობის ჯილდო მიიღო. დე ხეას მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და გუნდის არც თუ დამაჯერებელი სტარტი და დაცვითი ხაზის მუდმივი ცვალებადობაც კი არ აყენებს მის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ.
და საერთოდ, "ლივერპულის", "საუთჰემპტონის", "არსენალისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები მთლიანად და ცალ-ცალკე დე ხეას დამსახურებაა. ის გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. ესპანელი "მანჩესტერ იუნატედის" გასაღებია, რომლითაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგის კარი შეაღო.
და მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" "ლივერპულის" წინააღმდეგ კომფორტული გამარჯვება მოიპოვა, არავინ იცის რა მოხდებოდა, დე ხეას მატჩის დასაწყისში რაჰიმ სტერლინგთან დუელი რომ არ მოეგო. მერსეისაიდელებმა ნათლად და აქტიურად დაიწყეს შეხვედრა და მატჩის საწყის 20 წუთში კარგად იყენებდნენ "იუნაიტედის" დაბნეულობას. მათ შეეძლოთ წარმატებისთვის მიეღწიათ, დე ხეას ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი რომ არ ჰქონოდა. მეორე ტაიმში სტერლინგსა და ბალოტელის ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ესპანელის დიდებული თამაში მათი გადაულახავი ბარიერი გახდა.
მიუხედავად ამისა, ლუი ვან გაალი იშვიათად ანებივრებს დე ხეას კომპლიმენტებით. მაგალითად, "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე თამაშს, ვან გაალმა "შეტანილი წვლილი" უწოდა. მწვრთნელზე დაკვირვების შედეგად შეიძლება იფიქრო, რომ ლუი დე ხეას უფრო საოცარი გმირობებისკენ უბიძგებს. "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ ვან გაალმა დე ხეას თამაშის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მეკარემ სამი დარტყმა მოიგერია. სამი. ეს ნორმალურია თუ არა? თუ ეს რამე სასწაულია?"
დე ხეას უკანასკნელი თამაშები იწვევს გაურკვევლობას იმაში, თუ რატომ არ ჩქარობს "იუნაიტედი" მეკარესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას? საეჭვოა ამის მიზეზი ხელფასი იყოს, თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ზაფხულში დახარჯულ თანხებს გავითვალისწინებთ. ამჟამად დე ხეას ხელფასი ბლინდის, როხოსა და ერერას ხელფასის ტოლია, მაგრამ სავარაუდოდ იგი იანგის, მატას ან შესაძლოა დი მარიას ხელფასის დონემდეც გაიზარდოს.
არსებულ სიტუაციას ინტრიგას ვიქტორ ვალდესის გამოჩენაც მატებს. ის უკვე ორი თვის განმავლობაში ვარჯიშობს "იუნაიტედთან" ერთად და ძალიან დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა დე ხეას გაშვება "ბერნაბეუზე", ხოლო მის ნაცვლად ფსონის გაცილებით ასაკოვან მეკარეზე ჩასვლა. მაგრამ ლუი ვან გაალი არ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ვალდესს კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო დე ხეამ "რეალში" გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს პრესის სპეკულაცია უწოდა.
რა თქმა უნდა, კონტრაქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ 18 თვეა, მაგრამ ესპანელის ღირებულება ყოველი ახალი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას დაეცემა. გაზეთების აზრი ორ ბანაკად გაიყო: ერთნი "რეალში" გარდაუვალ გადასვლაზე საუბრობენ, ხოლო მეორენი "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების გარანტიას იძლევიან. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი რამ შეუცვლელი იქნება - დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედის" წამყვანი ფეხბურთელია. ასევე ის მიმდინარე სეზონში ნაჩვენები წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რაც კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში აისახება. ცუდი არ არის ბიჭისთვის, რომლის სახელსაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ზარმაცი თუ არ დასცინოდა.