პოლ ლამბერტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთი ყოფილი და ერთი მოქმედი (კუთვნილებაში მყოფი) ფეხბურთელის სკანდალში გარკვევას ცდილობს.
ბრიტანული პრესის ცნობით, "იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, ლამბერტის ყოფილი ასისტენტი და ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოქმედი ასისტენტი, როი კინი ცდილობდა ტომ ქლევერლის სახლში შეჭრილიყო, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილას" რიგებში იჯარის წესით გამოდის. გაბრაზებულმა კინმა გადაწყვიტა, რომ "ასტონ ვილაში" მისი ყოფნის დროს მასთან დაკავშირებული სკანდალების შესახებ ინფორმაცია სწორედ ქლევერლის საშუალებით გავრცელდა პრესაში.
საუბარია ჭორზე, რომლის თანახმადაც კინის მიერ "ასტონ ვილას" დატოვების მიზეზი გახდა არა ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტობაზე ყურადღების გადატანა, არამედ გუნდის ლიდერებთან ურთიერთობების გაფუჭება, მათ შორის გაბრიელ აგბონლაჰორთან.
მედია ამტკიცებს, რომ როი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში აკაკუნებდა და ზარს რეკავდა ტომ ქლევერლის სახლის კარზე, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. თუმცა ლამბერტი ირწმუნება, რომ ჟურნალისტები ამ უმნიშვნელო ამბავს მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.
"დღეს დილით ტომს მართლაც ველაპარაკეთ და გვითხრა, რომ ყველაფერი აღწერეს არა ისე, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა."
"მას შემდეგ, რაც როიმ კლუბი დატოვა, იძულებული ვარ მასზე ორჯერ მეტად ვისაუბრო, ვიდრე მაშინ, როცა ის ჩვენთან იყო. მიეცით ადამიანს დასვენების საშუალება."
"მანამდე კინს ვესაუბრეთ და მას ერთი სიტყვაც არ დასცდენია კლუბში არსებული ჭორების უკმაყოფილების შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ საერთო ჯამში მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ასე იქნება მუდამ."
"როიმ გადაწყვიტა მთელი ძალ-ღონე ნაკრების ევრო-2016-ზე გაყვანას მიუძღვნას და ამ მხრივ ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს. ის ჩემი კარგი ამხანაგია. ტომს კი ვესაუბრეთ და ეს საკითხი დაიხურა." - განაცხადა ლამბერტმა.