რამდენიმე დღის წინ, “ეშმაკუნებმა” საკუთარ სტადიონზე მოსისხლე მტერი, “ლივერპული”, დაამარცხეს. მაგრამ ვაღიაროთ, რომ არა დე ხეას გამძლეობა სამი წლის წინ, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო და “იუნაიტედის” კარი ბევრჯერ დაელაშქრათ “ლივერპულელებს”.
მოდი დავუბრუნდეთ 2011 წლის 7 აგვისტოს. დიახ, სწორედ გახსოვთ, ეს ის მატჩია, რომელიც “იუნაიტედმა” ქამბექის წყალობით მოიგო და მისი ყველაზე საშინელი მტერი დაამარცხა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “წითლები” მოახერხებდნენ თამაშის შემოტრიალებას და მიღებულ ორ ბურთს სამი ბურთით უპასუხებდნენ. თუმცა მათ ეს შეძლეს, მაგრამ “იუნაიტედის” მებრძოლ სულზე ხაზგამისა და “ეშმაკუნების” ქების ნაცვლად, პრესა “წითლებს” მხოლოდ და მხოლოდ აკრიტიკებდა. კრიტიკის მიზეზი კი, სამწუხაროდ, “მანჩესტერლების” ესპანელი კიპერი, იმ დროისთვის 20 წლის დავიდ დე ხეა გახდა.
დავიდი კრიტიკის ნამდვილ ქარ-ცეცხლში მოექცა. მას ბრალს დებდნენ ორივე ბურთის გაშვებაში. რამდენიმე თვის განმავლობაში ჟურნალისტები მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ და ეს დე ხეა იყო. ისინი ცდილობდნენ ჩაენიშნათ უმნიშვნელო შეცდომებიც კი. კრიტიკა სულ მალე გადასწვდა “იუნაიტედის” სკაუტებსა და ფერგიუსონსაც. პატრიკ ბარკლი კი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი აღმოჩნდა:
“მე ვუყურებ ამ ბიჭს და არ ვიცი რით დაიმსახურა მან “იუნაიტედის” რიგებში თამაში. ის ძალიან სუსტია და, საერთოდ, მე ვერ ვხვდები რა აქვს დავიდს. როგორ შეეძლო ფერგიუსონსა და მის სკაუტებს მისი შეძენა? ახლაც გაოცებული ვარ. როცა წარმოვიდგენ, რომ ისინი რამდენიმე კვირა აკვირდებოდნენ ამ ბიჭს და შემდეგ… შემდეგ შეიძინეს და მისცეს პირველ გუნდში თამაშის უფლება. არ ვიცი ეს რატომ გააკეთეს. სად არის ალან ჰოდგკინსონი? სად არიან ის მილიონობით სკაუტები, რომლებიც “იუნაიტედს” ჰყავდა?”
კრიტიკას ჟურნალისტებს არც სერ ალექსი აკლებდა, ის დარწმუნებული იყო ახალგაზრდა კიპერის შესაძლებლობებში და სწორედ ამიტომაც იცავდა მას:
“ის არ არის ისეთი ცუდი, როგორც ეს ჩანს, მისგან პრესამ უბრალოდ შეთხზა ცუდი კიპერი. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას. ხანდახან მგონია, რომ მათ ერთი სული აქვთ, როდის იხილავენ დავიდის წარუმატებლობას, დავიდის მარცხს. არ მესმის, მართლა არ მესმის. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ სწორედ ეს ხალხი, რომელიც ასე აკრიტიკებს ამ ახალგაზრდა ბიჭს, ცოტა ხანში ინტერვიუს მოითხოვენ მისგან, რადგან დავიდი საოცრებებს ჩაიდენს.”
თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ პრესამ მიაღწია თავის მიზანს და 31 დეკემბერს, მიიღეს ის, რაც ასე ძალიან სურდათ. დე ხეას ადგილი დროებით ლინდეგაარდმა დაიკავა. დავიდის შეცდომების გამო “იუნაიტედმა” ქულები დაკარგა. პრესა მუდმივად განიხილავდა მის საშინელ თამაშებს გასვლაზე “სტოკთან”, “ლივერპულსა” და “ევერტონთან”, დაუსრულებლად ლაპარაკობდა იმ შეცდომებზე, რომელიც მან “ოლდ ტრაფორდზე” დაუშვა “ჩელსისა” და “ნიუკასლთან”. მაგრამ ამ საშინელ თამაშებშიც კი, დე ხეა რამდენიმე საოცარ მოძრაობას აკეთებდა და იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებს შეექოთ სეივებისა და მოგებული მატჩების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ახვევდნენ ახალგაზრდა კიპერს.
ამ შემთხვევის შემდეგ, ზოგმა იფიქრა, რომ დავიდს კარიერა “მანჩესტერში” ვერ შედგებოდა, რადგან ის არ იყო საკმარისად კარგი “იუნაიტედის” რიგებში სათამაშოდ, მაგრამ თუ დააკვირდებოდით მის თამაშს, დაინახავდით, რომ მას შესაძლებლობები და უნარი კი არა, არამედ საკუთარი თავის რწმენა აკლდა ნამდვილ კიპერად ჩამოყალიბებისთვის. ის იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც დიდი ზეწოლის ქვეშ უწევდა თამაში. ნერვიულობა კი თავის შედეგს იღებდა და დე ხეა შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სჯეროდათ დავიდის. უფრო სწორად ესპანელი კიპერის კი არა, სერ ალექს ფერგიუსონის არჩევნის სჯეროდათ. მაგრამ, საბოლოოდ, მათაც ჩათვალეს, რომ დე ხეას სჭირდებოდა ერთი წელი ინგლისში თავის დამკვიდრებისა და ახალ კლუბთან შეჩვევისთვის. არავინ მოელოდა რაიმე განსაკუთრებულს მისგან, პირიქით, რწმენას უკვე ნელ-ნელა ყველა კარგავდა.
ესპანელისთვის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ის ამართლებდა პრესის ამ უმოწყალო კრიტიკას და გულშემატკივარს გაუმჯობესებას ჰპირდებოდა. მან იცოდა, რომ საშინელი სტარტი აიღო, მაგრამ მტკიცედ სჯეროდა, რომ ის გახდებოდა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი:
“როდესაც რაღაც-რაღაცებს არასწორად აკეთებ, თუნდაც უშვებ სულ რამდენიმე შეცდომას, პრესას უკვე აქვს უფლება იმისა, რომ გაკრიტიკოს. განსაკუთრებით, მაშინ როცა ხარ მეკარე. ჩვენ ხომ ყოველთვის ყურადღების ქვეშ ვართ. რაც მოხდა, ეს ჩემი აზრით სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკამზე მშვიდად ჯდომის უფლება მაქვს. ახლა ყველაფერი ჩემს ხელთაა და ეს ნეგატიური დამოკიდებულება მათ ქებით უნდა შევაცვლევინო.”
“მართალია, მე ვვითარდები თითოეულ ვარჯიშზე და ყოველი თამაშით ვიზრდები, მაგრამ მესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი შესაძლებლობებისა და თავის რწმენაა. ნამდვილად შემიძლია გუნდს სარგებელი მოვუტანო. უნდა მჯეროდეს და მწამდეს ჩემი თავის. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიზრდები როგორც მეკარე და მექნება საკმარისი შესაძლებლობები იმისა, რომ გავხდე გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი.”
დე ხეამ იბრძოლა, კრიტიკამ არ შეაჩერა და ყველას დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ. მართალია, პირველ გუნდში ადგილი უკვე ლინდეგაარდს ეკუთვნოდა, მაგრამ მან ტრამვა მიიღო და ესპანელს მოუწია მისი ჩანაცვლება. ყველაფერი დავიდის ხელთ იყო. მას ჰქონდა შანსი დაემტკიცებინა, რომ ის ღირსი იყო “იუნაიტედში” თამაშისა, მას ჰქონდა შანსი იმისა, რომ დაემტკიცებინა, ფერგიუსონი არ შემცდარა და დავიდმა ტყუილად არ დაიმსახურა დიადი მწრთვნელის ნდობა.
“დრო, რომელიც სკამზე გავატარე გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი განვითარებისთვის. მე მქონდა დრო, მეფიქრა ყველაფერზე. მუდმივად ვფიქრობდი ახალ კლუბზე, ახალ ცხოვრებაზე და მივხვდი, რომ აუცილებელი იყო უფრო მეტი მუშაობა ამ უფსკრულიდან თავდასაღწევად. სკამმა მეტი მოტივაცია მომცა და მოუთმენლად ველოდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას. სწორედ ამიტომაც, როცა მე სერ ალექსმა სტადიონზე შემიშვა, ორივე ხელით მაგრად მოვუჭირე ამ შანსს, მოვიტაცე და აღარ გავუშვი.”
მან ეს შეძლო. მისი თამაშები გაუმჯობესდა, ახლა უკვე პრესას არანაირი შანსი აღარ რჩებოდა ესპანელის გასაკრიტიკებლად. ის საოცრება იყო. მომენტმა, როცა დე ხეამ მატას ჯარიმა აუღო, ყველა დაარწმუნა, რომ ტყუილად ემდურებოდნენ “ატლეტიკოს”, დარწმუნდნენ, რომ ცდებოდნენ. ნამდვილი დე ხეა უკვე სცენაზე იდგა თავისი საოცარი შესაძლებლობებით.
“რთული დრო იყო. ეს არ იყო ჩემთვის მარტივი. არ იყო მარტივი კრიტიკის მოსმენა, მე დიდი ზეწოლის ქვეშ მიწევდა თამაში, მაგრამ ვცდილობდი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საქმეზე მომეხდინა კონცენტრაცია და გავძლიერებულიყავი. ახლა კი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ცუდი დასაწყისის მიუხედავად თქვენ შეგიძლიათ კარგი შედეგის მიღება, მაგრამ მხოლოდ მუშაობისა და რწმენის ხარჯზე.
ძალიან ახალგაზრდას მომიწია ბევრი რაღაცის გადატანა. სულ რაღაც 20 წლის ასაკში მე გამოვიცვალე საცხოვრებელი ადგილი, გადავედი ახალ კლუბში და დავიწყე სრულიად უცხო ენის სწავლა. მე უნდა შევგუებოდი ახალ ხალხს, ახალ თანაგუნდელებს. ეს არ იყო მარტივი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სრულიად ბუნებრივია, რომ ჩემმა ადაპტაციამ დრო მოითხოვა.
ვერაფერს გავხდებოდი თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების გარეშე. კლუბი, გულშემატკივრები, ატმოსფერო… ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია. ჩემი თანაგუნდელები საოცარნი არიან. პირველივე დღიდან მე ვიგრძენი, რომ ვიყავი ნაწილი ამ დიდი ოჯახისა. ისინი აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარებიან და ვიცი, თუ რამე დამჭირდება თითოეული მათგანი ჩემს გვერდშია.”
შესაძლოა დე ხეა არ იყო იმ დროისთვის მსოფლიო კლასის მოთამაშე, არ იყო “იუნაიტედის” საოცარი კიპერების, შმეიხელისა და ვან დერ საარის დონე, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ის გახდებოდა ამ მეკარეების ღირსეული მემკვიდრე. ნუთუ ყველას შეუძლია, გაუძლოს ამ კრიტიკას? ნუთუ ყველას შეუძლია, დაბრუნდეს და თან ასეთი ძლიერი? ბოლოს და ბოლოს, ყველა მეკარე ვერ შეძლებდა ეთამაშა ასეთი წნეხის ქვეშ. არ არის მარტივი მუდმივად ვან დერ სარის გვერდზე გაყენებდნენ და მას გადარებდნენ; არ არის მარტივი იქ დადგა ფეხი სადაც მან; არ არის მარტივი იცავდე იმ კარს, რომელსაც იცავდა დიდი ჰოლანდიელი; არ არის მარტივი მისი მემკვიდრეობა.
მაგრამ ეს დე ხეაა და ის ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ “ოლდ ტრაფორდზე” თამაშის ღირსია; ამტკიცებს, რომ ის ვან დერ სარის ღირსეული მემკვიდრეა. დე ხეამ მიაღწია თავის მიზანს და ნამდვილად გახდა “იუნაიტედის” სასიცოცხლო ნაწილი და კრიტიკოსებსაც დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ.
დავიდ დე ხეა - ვან დერ საარის ღირსეული მემკვიდრე
ასე და ამგვარად, ფერგისა და წითელი სამყაროს თანადგომით, “იუნაიტედმა” შეინარჩუნა “ეშმაკუნების” დღევანდელი მხსნელი და გმირი - დავიდ დე ხეა.
ესპანელი კიპერის თქმით კი, მისი წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ კრიტიკა იქცა. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სთხოვა გაეხსენებინა სამი წლის წინ მომხდარი ამბავი და ჰკითხა, სამი წლის წინ იყო თუ არა შანსი მის მიერ “იუნაიტედის” დატოვებისა, დე ხეამ ასეთი პასუხი გასცა:
“ხანდახან ძალიან რთულია როცა იღებ იმდენ კრიტიკას. მაგრამ მე ძლიერი ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი შემენარჩუნებინა პოზიტიური განწყობა. ეს წლები ძალიან რთული იყო, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. მაგრამ როდესაც შენ თამაშობ ისეთ დიდ კლუბში, როგორიცაა “მანჩესტერ იუნაიტედი”, კრიტიკა სავსებით ბუნებრივია.”
“რაც დასაწყისში მოხდა, დამეხმარა გავმხდარიყავი ის ადამიანი და ის ფეხბურთელი, ვინც დღეს ვარ. როცა გაქვს რთული მომენტები შენ უნდა გაუმჯობესდე, უნდა გაძლიერდე და მე მჯერა, რომ ეს შევძელი და დღეს გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი ვარ ვიდრე სამი წლის წინ ვიყავი.”
ავტორი: მარიამ გეგუჩაძე
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.