"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ სულ მალე ფორმის პიკს დაუბრუნდება.
31 წლის პერსის დუბლის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "საუთჰემპტონი" 1:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. ამ 3 ქულით ლუი ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
სეზონის დასაწყისში ვან პერსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მან კრიტიკა საკუთარი მწვრთნელის მხრიდანაც მიიღო. თუმცა ახლა პერსი თანდათან ათამაშდა და თავს კარგად გრძნობს.
"ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ფიზიკურადაც კარგად ვარ. 90 წუთი თამაში ნამდვილად შემიძლია. ყოველ ჯერზე პროგრესი იგრძნობა. გულშემატკივრების გასახარებლად მზად ვარ ბოლო წუთამდე ვითამაშო."
"ფორმაში შესვლისთანავე გოლების გატანას ძალიან მარტივად შევძლებ. უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელო. "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩს მოუთმენლად ველოდები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შედეგები უმჯობესდება. წარმატებული სერიის გასაგრძელებლად ყველაფერს გავაკეთებთ."-განაცხადა ვან პერსიმ