ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
კიდევ ერთხელ სასტუმროს ოთახიდან გწერთ, რადგან როგორც იცით ხვალ საუთჰეპმტონში თამაში გვაქვს. "სტოკ სიტისთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გასულ ხუთშაბათს, პრემიერ ლიგის ცხრილში ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩვენ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოვიპოვეთ და მესამე ადგილის დაკავება შეგვიძლია, თუკი ამჯერადაც მივაღწევთ სასურველ შედეგს. ეს ძალიან კარგი საშობაო საჩუქარი იქნება ჩვენთვის.
"სტოკის" დამარცხება ნამდვილად არ იყო ადვილი. ის ძალიან სახიფათო გუნდია და ეს "არსენალის" წინააღმდეგაც აჩვენეს, ამიტომ შენ მატჩის ბოლო წუთამდე კონცენტრირებული უნდა იყო. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ სახლში ხელცარიელნი არ დაბრუნებულიყვნენ და ძალიან კარგი მომენტებიც ჰქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად. ბურთს ახლაც ჩვენ ვფლობდით და პირველი გოლიც გავიტანეთ, თუმცა მათ მოახერხეს შესვენებამდე ჩამორჩენის აღმოფხვრა. ბევრმა თქვენგანმა მკითხა მეორე გოლის შესახებ. სიმართლე გითხრათ ვერ დავინახე მარკოსი შეეხო ბურთს თუ არა, მე უბრალოდ ჩავაწოდე ბურთი კართან ახლოს ისე რომ ჩემს თანაგუნდელებს ადვილად შეძლებოდათ მისი კარში გადაგზავნა. ამაზე ვარჯიშებზე ვმუშაობთ და ვიცი რომ, თუ ბურთს არავინ შეეხება დიდი შანსია იგი კარში გავიდეს და ეს ასეც მოხდა, საბედნიეროდ. აი ასე იყო ყველაფერი, ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გამოდგა.
ეს იყო პირველი თამაში, რომელიც სიცივეში ვითმაშეთ, თუმცა მომდევნო მატჩები უფრო რთული იქნება ამ მხრივ. ხშირად შენ გრძნობ ცუდ ამინდს, მოედანზე ყოფნისას, მაგრამ კარგი მატჩამდელი გახურება და შეხვედრის მაღალი ტემპი გეხმარება დაივიწყო ეს.
დავიდ დე ხეამ კიდევ ერთი საოცარი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო მოედანზე. თქვენ მეორედ ზედიზედ დაასახელეთ ის თვის საუკეთსო ფეხბურთელად. მეკარისთვის ნამდვილად არ არის იოლი ამ პრიზის მიღება, თუმცა ის რასაც დავიდი ამ სეზონში აკეთებს უბრალოდ დაუჯერებელია. გილოცავ, მეგობარო.
გაცილებით ძნელი მატჩი გველის "სოტონის" წინააღმდეგ. ისინი მესამე ადგილზე არიან და საუცხოო რეკორდი აქვთ საშინაო მატჩებში. 7 შეხვედრიდან მათ 5-ის მოგება მოახერხეს, ამასთან გაიტანეს 17 და გაუშვეს მხოლოდ 4 გოლი. ეს ჩემთვისაც განსაკუთრებული მატჩია, რადგან ყოფილ მწვრთნელთან შეხვედრა მომიწევს. რონალდ კუმანის ხელში მე პირველი ტიტული მოვიგე, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა და ეს კოპა დელ რეი იყო. ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის, რადგან "ვალენსიაში" ყოფნისას იგი ძალიან დამეხმარა. რონალდი ყოველთვის მენდობოდა და მაძლევდა დიდ სათამაშო დროს, რაც შემდეგ გამომადგა.
სანამ დავიძინებ მინდა მივულოცო მირეირა ბელმონტეს, რომელმაც ოთხი ოქროს მედალი მოიგო და 2 მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, მსოფლიოს ჩემპიონატზე. ასევე ვუსურვებ წარმატებას ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს, რომლებიც კანადაში მსოფლიო პირველობაზე მიემართებიან.
დიდი მადლობა ჩემს გვერდით ყოფნისთვის, შევხვდებით მომდევნო კვირაში.
ყველას გეხვევით!
ხუანი
წყარო:
juanmata8.com