7-12-2014, 19:30
ნანახია: 2632,
კომენტარები: 13
"საუთჰემტონი" - "იუნაიტედი": ბოლო 5 შეხვედრა
თვალი გადავავლოთ "ეშმაკების" ბოლო 5 ვიზიტს "სანტ მერიზე".
1 თებერვალი, 2003 წელი| 0-2
"იუნაიტედი" "სენტ მერის" ნამდვილად კარგ ფორმაში ეწვია, "მიდლსბროსთან" გასვლაზე განცდილი მარცხის შემდეგ გუნდმა ძალები მოიკრიბა და ზედიზედ 4 თამაშის მოგება მოახერხა. წითლებს "სოტონის" შემდეგ სახლში დერბი ელოდათ, თანაქალაქელ "სიტისთან", ამიტომ ადვილი მოგება რაც შეიძლება ნაკლები ძალებით იდეალური იქნებოდა მათთვის. მათ ეს მოახერხეს, "ეშმაკებმა" მეტოქეს 22 წუთში მოუღეს ბოლო. გოლები რაიან გიგზმა და რუდ ვან ნისტელროიმ გაიტანეს. "იუნაიტედი" სრულიად დასვენებული შეხვდა დერბის, თუმცა გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია - მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.
31 აგვისტო, 2003 წელი| 1-0
გასული, 2002/2003 წლების, სეზონი ტრიუმფით დასრულდა, "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო. ჩემპიონებმა ახალი სეზონიც ძალიან კარგად დაიწყეს, სტარტზე ყველა მატჩი მოიგეს და საუთჰემპტონს ფავორიტის სტატუსით ესტუმრენ. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და თუ რიგ ეპიზოდებს არ ჩავთვლით ისინი სრულად დომინირებდნენ, თითქოს ყველაფერი იმისკენ მიდიოდა რომ, წითლები მეოთხე გამარჯვებას მოიპოვებდნენ და ისევ პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში დარჩებოდნენ. ასე მხოლოდ ჯეიმს ბიტი არ ფიქრობდა, რომელმაც მატჩის 88-ე წუთზე შეძლო და აიღო ტიმ ჰოვარდის კარი. მატჩის მიწურულს გაშვებულმა გოლმა, სტუმრებს სეზონში პირველი მარცხი მოუტანა.
15 მაისი, 2005 წელი| 1-2
სეზონის ბოლო მატჩი, "იუნაიტედს" მესამე ადგილი განაღდებული ჰქონდა და არც წინ წასვლის შანსი ჰქონდა. რაც შეეხება "წმინდანებს", ისინი ბოლოები იყვნენ და აუცილებლად გამარჯვება ესaჭიროებოდათ, რათა პრემიერ ლიგაში დარჩენილიყვნენ. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც მალევე, მე-10, წუთზე გაიხსნა. მატჩის სამივე გოლი "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გაიტანეს, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს "ეშმაკებმა" მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოახერხეს გამარჯვება. როგორც უკვე აღვნიშნეთ ანგარიში მალევე გაიხსნა და გოლის, უფრო სწორად კი ავტოგოლის ავტორი ჯონ ოში გახდა. გულშემატკივარმა უზომოდ გაიხარა, მათ შანსი გაუჩნდათ მომავალ წელს საყვარელი გუნდი ისევ უმაღლეს ლიგაში ენახათ, "მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?", ფლეთჩერმა ქალაქის ზეიმი ჩაახშო და მე-19 წუთზე, შუქფარზე თავისი სახელი დაწერა. ბოლო ტურებში ხშირად ხდება, როცა შენი ბედი მარტო შენზე არაა დამოკიდებული და ცოტა იღბალმაც უნდა გაგიღიმოს, სწორედ ასეთი შემთხევა იყო 2005 წლის ზაფხულშიც. შესვენებაზე გასულმა მასპინძლებმა გაიგეს რომ, მოგების შემთხვევაში პრემიერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებდნენ და მინდორს ერთი-ორად მოტივირებულები დაუბრუნდნენ, თუმცა სეზონის მარცხით დასრულებას არც სერ ალექსი და მისი გუნდი აპირებდა. შეხვედრის 69-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ჰოლანდიელმა გოლეადორმა, რუდ ვან ნისტელროიმ, დააფიქსირა. ასე დაემშვიდობა "საუთჰემპტონი" პრემიერ ლიგას.
2 სექტემბერი, 2013 წელი| 2-3
2005-წლის შემდეგ "სოტონი" პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და მესამე ტურშიც ნაცნობი დაპირისპირება დაიგეგმა. არცერთი გუნდი არ შეხვედრია მატჩს კარგ ფორმაში, "იუნაიტედმა" სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო, პირველ ტურში," ევერტონის", წინააღმდეგ განცდილი საგარეო მარცხის შემდეგ სახლში "ფულემს" დაუხვდა და მძიმე ბრძოლაში 3-2 დაამარცხა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა ანგარიში მალევე მე-16 წუთზე გაიხსა და გოლის ავტორი რიკი ლამბერტი გახლდათ. სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, ზუსტად 7 წუთში ჰოლანდიელმა ახალწვეულმა, რობინ ვან პერსიმ, "იუნაიტედის" მაისურით მეორე გოლი გაიტანა. გუნდები შესვენებაზე ამავე ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლები ისევ წინ გაიჭრნენ, 55-ე წუთზე რიკი ლამბერტის პასით თავი მორგან შნაიდერლინმა გამოიჩინა. სტატუსყოს აღდგენა მასპინძლებს 14-იოდე წუთში შეეძლოთ, რობინ ვან პერსის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტ მეტრიანის შესასრულებლად თავად დაზარალებული მივიდა, თუმცა ჰოლანდიელს კელვინ დევისმა აჯობა და ბურთი მოიგერია. "იუნაიტედმა" ზეწოლა გააძლიერა თუმცა მატჩის მიწურულამდე გოლის გატანა ვერ შეძლო. 87-ე წუთზე ძელისგან ასხლეტილი ბურთი რობინს მიუვიდა და მანაც ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე გადაგზავნა ის კარში. წითლები ამაზე არ შეჩერდნენ და მეტოქე საჯარიმო მოედანს მიაჯაჭვეს. რობინის შორიდან დარტყმულს წინ მცველი აღუდგა და ბურთი კუთხურზე გადავიდა, შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო პრაქტიკულად ამოწურული იყო, თუმცა არბიტრმა მისცა წითლებს სტანდარტის შესრულების უფლება. ბურთთან ლუიშ ნანი მივიდა და იდეალური ჩაწოდებაც განახორციელა, ბურთს თავი ისევ და ისევ ვან პერსიმ შეუშვირა და გუნდს გამარჯვებაც მოუტანა. ეს იყო ჰოლანდიელის პირველი ჰათთრიკი "იუნაიტედის" შემადგენლობაში.
11 მაისი, 2014 წელი| 1-1
კიდევ ერთხელ სეზონი ამ მატჩით დასრულდა, თუმცა ამჯერად ორივე გუნდისთვის ყველაფერი გარკვეული იყო და არცერთ მათგანს გავარდნა არ ემუქრებოდა. მატჩის ერთადერთი გამორჩეული მომენტი ის გახლდათ რომ, "იუნაიტედს" თავში, ჯერ-ჯერობით, საბოლოოდ რაიან გიგზი ედგა. მიუხედავად მომქანცველი და გრძელი სეზონისა, გუნდებმა მაინც ლამაზი და კარგი თამაში აჩვენეს. ანგარიში ისევ რიკი ლამბერტმა გახსნა, მაგრამ ამჯერად მისი გვარი დიქტორის მიერ 28-ე წუთზე გამოცხადდა. პირველი ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობიდვე დასრულდა. მეორე ტაიმიც კარგი საყურებელი გამოდგა, 9 წუთში "იუნაიტედმა" ანგარიში გაათანაბრა. გოლი ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ გაიტანა. მან ძალიან ლამაზი საჯარიმო დარტყმით მოუტანა ქულა საკუთარ გუნდს. შეხვედრა ასე დასრულდა და გუნდებმა პრემიერ ლიგაში მეზობელი მე-7 და მე-8 ადგილები დაიკავეს, რაც ერთისთვის კარგ შედეგად ითვლებოდა, ხოლო მეორესთვის საშინელ.
"იუნაიტედი" და "საუთჰემპტონი" ახლაც მეზობელ ადგილებს იკავებენ, თუმცა ახლა ორივე მათგანი უფრო მაღალ საფეხურზეა და უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძვის, ამიტომ ორშაბათს ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება.