პრემიერ ლიგის ბოლო ტური და ბოლო იმედი "იუნაიტედისთვის". წითლები მეორე ადგილზე იყვნენ და ლიდერ "ჩელსის" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ ამიტომ ყველაფერი "ეშმაკების" ხელში როდი იყო. მათი მშველელი მხოლოდ "უიგან ატლეტიკი" თუ გახდებოდა, რომელიც სრულიად უმოტივაციოთ ეწვია "სტემფორდ ბრიჯს". თამაშები ერთ დროს დაიწყო და გულშემატკივრებსაც რადიოები მომარჯვებული ჰქონდათ, თუმცა როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა ეს ხელსაწყო არაფერში გამოადგათ. "არისტოკრატებმა" მეტოქე მიწასთან გაასწორეს, შუქფარზე კი 8-0 ეწერა. მიუხედავად "ჩელსის" განაღდებული ჩემპიონობისა, "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ყურები არ ჩამოყარეს და ფეხბურთით ისიამოვნეს. 31-ე და 38-ე წუთებზე თავი ორმა ბრიტანელმა, რაიან გიგზმა და დარენ ფლეთჩერმა, გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტში "ეშმაკებს" ჰიგინბოთჰამი წაეხმარა და ბურთი საკუთარ კარში შეაგდო, "სტოკის" განადგურებას კი წერტილი ჯი სუნ-პარკმა დაუსვა.
5 იანვარი, 2011 წელი| 2-1
გუნდებმა ძველი, 2010 წელი, უკან მოიტოვეს და ახალ წელს დიდი იმედებით შეხვდნენ, თანაც სანტასგან დაპირებულ საჩუქარს ელოდნენ. თეთრწვერება ლაპლანდიელს ხურჯინში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა შემორჩენილი და ამ საჩუქარს ერთ-ერთი მათგანი მიიღებდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და შეხევდრის 27-ე წუთზე ეს უპირატესობა გატანილ გოლშიც აისახა. "იუნაიტედის" ახალწვეულმა, ხავიერ ერნანდესმა, სეზონის მე-7 გოლი გაიანა და ბომბარდირთა დავაშიც ჩაება. საჩუქარი ადვილად ხელმისაწვდომი არ გამოდგა, მეორე ტაიმის მე-6 წუთზე ანგარიში დინ უაითჰედმა გაათანაბრა. "ეშმაკები" გონზე მალევე მოვიდნენ და ზუსტად 12 წუთში ისევ წინ გაიჭრნენ და როგორც აღმოჩნდა საბოლოოდაც. "მეთუნეები" ლუიშ ნანიმ დაამწუხრა და სანტას საჩუქარიც "იუნაიტედს" ერგო.
1 თებერვალი, 2012 წელი| 2-0
"იუნაიტედს", წითლ-თეთრებთან ძალების დაზოგვა ძალიან სჭირდებოდათ. საოცრად გადატვირთული კალენდარი ჰქონდათ ეშმაკებს, 13 დღის შუალედში ისინი "არსენალს", "ლივერპულს", "სტოკ სიტის" და "ჩელსის" უნდა გაჯიბრებოდნენ, რაც დამეთანხმებით ადვილი ნამდვილად არ არის. სერ ალექსი მაქსიმალურად ეცადა ლიდერები დაესვენებინა და "მეთუნეებს" მეტ-ნაკლებად სუსტი შემადგენლობა შეურჩია. ფერგიმ ეს გამოცდაც ჩააბარა და მისმა გუნდმა მეტოქე ორი თერთმეტ-მეტრიანით დაამარცხა. ნიშნულიდან პირველ ჯერზე ხავიერ ერნანდესმა გაახვია ბურთი ბადეში, ხოლო მეორედ დიმიტარ ბერბატოვმა. წითლებმა იმარჯვეს, თანაც დაისვენეს.
20 ოქტომბერი, 2012 წელი| 4-2
რამდენჯერ გინახავთ რუნის "იუნაიტედის" გულშემატკივარი დაემწუხრებინოს თავისი გოლით? ალბათ ერთხელ და ეს სწორედ "ოლდ ტრაფორდზე", "სტოკის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხდა. მატჩი "ეშმაკების" უპირატესობით დაიწყო თუმცა მე-11 წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი უეინმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გაიხსნა. ეს რუნის ერთადერთი გოლი არ იყო ამ შეხვედრაში, ინციდენტიდან 15 წუთში ინგლისელმა შეცდომა გამოასწორა და უკვე მეტოქეს გაუტანა. ტაიმის მიწურულს "იუნაიტედი" წინ გავიდა, მასპინძლები რობინ ვან პერსიმ დააწინაურა და "ოლდ ტრაფორდმაც" 15 წუთი დაისვენა. მეორე ტაიმი არანაკლებ საინტერესოდა დაიწყო, თითქმის პირველივე შეტევაში დენი უელბეკმა მესამეჯერ გახვია მეტოქის კარის ბადეში ბურთი. ამით ყველაფერი თითქოს დალაგდა, თუმცა ჯიუტმა "სტოკმა" თავისას მიაღწია და 58-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამან როგორც ჩანს "შრეკი" გაანაწყენა და 7 წუთში უეინმა მესამე გოლი გაიტანა, მეტოქის კარში კი მეორე.
26 ოქტომბერი, 2013 წელი| 3-2
წინა მატჩიდან ზუსტად 1 წელი გავიდა და წითლ-თეთრები "ოლდ ტრაფორდს" ისევ დიდი ამბიციებით ეწვიენ. "ეშმაკების" სათადარიგოთა სკამთან ნაცნობ სახეს, წითელი ცხვირით და გამოდმებით საღეჭი რეზინით პირში, ვეღარ ნახავდით, "იუნაიტედს" სათავეში დევიდ მოიესი ედგა. ანგარიში მატჩის სტარტშივე გაიხსნა, თუმცა ალბათ ყველასთვის მოულოდნელად მე-4 წუთზე გოლი პიტერ კრაუჩმა გაიტანა. გოლის შემდეგ წითლებს გონზე მოსასვლელად დიდი დრო დასჭირდათ და კინაღამ მეორე ბურთიც მიიღეს. ტაიმის მიწურულს რობინ ვან პერსიმ ანგარიში გაათანაბრა და შესვენებაზე ყაიმით გასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ამ საკითხს ვეტო მარკო არნაუტოვიჩმა დაადო, რომელმაც როგორც იტყვიან მასპინძლებს გოლი გასახდელში გააყოლა. მეორე ტაიმში "ეშმაკებს" ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ, თუმცა საწადელს მაინც მიაღწიეს, 3 წუთის ინტერვალში ჯერ უეინ რუნიმ, ხოლო 80-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ჩიჩარიტომ, გაიტანეს გოლები და მეტოქე სახლში ისევ ხელცარიელი გაუშვეს.
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.