"ჰალ სიტი" მზადაა დარენ ფლეთჩერი შეიძინოს თუ შოტლანდიელი იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას გადაწყვეტს.
მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა ფლეთჩერი გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩია და სეზონის პირველ სამ შეხვედრაში ათამაშა, დარენმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და მხოლოდ იშვიათად ეძლევა თამაშის შანსი. 30 წლის ფეხბურთელმა აგვისტოს შემდეგ ჯამში ნახევარ საათზე ნაკლები დრო დაჰყო მოედანზე.
ფლეთჩერს, რომელმაც მცირე ხნის წინ სერიოზული ქრონიკული დაავადება დაძლია კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს ერთ წლიანი შეთანხმების მიღების იმედი.
თუმცა შოტლანდიელი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ გუნდში ანდერ ერერასა და დეილი ბლინდის მოსვლის შემდეგ მისი თამაშის შანსები შემცირდა და შესაძლოა დატოვოს "იუნაიტედი", სადაც პრემიერ ლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული მოიგო.
"ჰალის" ბოსს, სტივ ბრიუსს უკვე დიდი ხანია სურს ფლეთჩერის თავის გუნდში ხილვა, მაგრამ KC Stadium - ზე მისი მიყვანისთვის "ვეფხვებს" სხვა კლუბებისთვის მოუხდებათ კონკურენციის გაწევა.