არც ერთ მცველს არ სურს დასაცინი იყოს. განსაკუთრებით თუ გამოცდილი პროფესიონალი ხარ, რომელიც ბრძოლაში დაბრძენდი და ნაკრებშიც გამოგიჩენია თავი, მაგრამ ახლა 17 წლის ბიჭუნა გატყუებს, რომლის შესახებ არაფერი გსმენია.
სწორედ ეს იყო მიზეზი "ვესტ ბრომის" ფეხბურთელის, გრემ უილიამსის წიხლებისა, რომელიც მან გამხდარ ახალგაზრდას უთავაზა. გამხდარი ყმაწვილი "იუნაიტედის" მარჯვენა ფლანგზე უილიამსის წინააღმდეგ თამაშობდა და უელსის პირველი მცველი მას ისე შეეგება, როგორც პირველ დივიზიონშია მიღებული. ტყვეებს აქ არასდროს იყვანენ შვილად და მეტად ჩემთან გახუმრება აღარ სცადოო.
თუმცა შემოდგომაზე "ოლდ ტრაფორდის" ამ თბილ დღეს - 1963 წლის 14 სექტემბერი, შაბათი - უილიამსმა გაითავისა, რომ ამ ბიჭუნას დაცემა არ არის მარტივი. მას ჰქონდა იმის ვაჟკაცობა, რომ ერთი მეორის მიყოლებით ჩამოეცილებინა მცველები და მათი დარტყმები და ხელის კვრა მოეთმინა. უფრო მეტიც, მას თადარიგში ჰქონდა რამდენიმე ახალი ტრიუკი, რათა გამოცდილი მცველი შემაძრწუნებელი სიმსუბუქითა და რეგულარულობით მოეტყუებინა.
უკომპრომისო გრემ უილიამსი - ბესტის პირველი მეტოქე
მაშინ ჯერ კიდევ არ ესმოდა ეს, მაგრამ უილიამსმა თავის მომდევნო შეხვედრაში, ისევე როგორც 50453-მა მაყურებელმა ისტორიული მოვლენა იხილეს. ეს მოვლენა იყო დებიუტი, შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი. "ოლდ ტრაფორდზე" გაკეთებული მსუბუქი ნაბიჯები იქნება პირველი გზა, რომელსაც ბესტი საფეხბურთო დიდებისკენ მიმავალ ბილიკებს ლეგენდის, კუმირის, საერთაშორისო ცნობადი სახისა და ყველა დანარჩენის სტატუსით გაივლის.
ბასბის გადაწყობა
თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით. ჯერ 1963/64 წლების სეზონის სტარტს დავუბრუნდეთ. გარი კეტერიკის "ევერტონმა" 1962/63 წლების სეზონში დიდებულ "ტოტენეჰემს" პირველი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული 6 ქულიანი სხვაობით წაართვა, რომელიც თავის მხრივ ისტორიაში თასების მფლობელთა თასის მოგებით შევიდა.
იმჟამად "იუნაიტედში" სამუშაოები ღვივდებოდა. მწვრთნელი მეტ ბასბი (ჯერ კიდევ არ ჰქონდა რაინდის წოდება) გადაწყობის პროცესში იმყოფებოდა, რადგან "ბასბის ჩვილების" გუნდი, რომელიც ჭეშმარიტი და მყარი დიდების ზენიტში იმყოფებოდა 1958 წელს მიუნხენის კატასტროფამ გაანადგურა.
ოფლის ღვრის ხუთ წლიანი პერიოდი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჯერ გუნდი აღედგინათ, შემდეგ ის ინგლისურ ფეხბურთში ნამდვილ ძლევამოსილებად ექციათ, რომელიც ღირსეულად განაგრძობდა თოვლიან გერმანიაში დაღუპული წინაპრების სვლას.
მიუხედავად ამისა, 1962/63 წლების სეზონში საეჭვოა პროგრესი შეემჩნიათ - გუნდი მე-19 ადგილზე გავიდა, რომელიც გასავარდნ ზონასთან სახიფათო სიახლოვეში იმყოფებოდა. თუმცა ბასბის მცდელობამ გუნდს მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა ინგლისის თასის სახით, რომელიც "იუნაიტედმა" ფინალში" "ლესტერის" დამარცხებით (3:1) მოიპოვა.
ბასბის აღდგენილი გუნდი 1963 წლის ინგლისის თასის ფინალში გაჰყავს
იმ დროს ინგლისის თასის მოგებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ დღეს. იმ სეზონის ნამდვილი კულმინაცია უსაზღვროდ მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის და ფეხბურთელებისთვის, რადგან მათ მოიპოვეს თავდაჯერებულობა და გაითავისეს, რომ გუნდს სამომავლო წარმატებებისთვის საფუძველი აქვს, მხოლოდ ასე გაგრძელებაა საჭირო.
უფრო მეტიც, ბასბი ხანდახან მოედანზე მცირე გადაადგილებებსაც ახორციელებდა და მისი თავსატეხი ამოხსნის ზღვარზე იყო. ბობი ჩარლტონი (რაინდის წოდების კიდევ ერთი კანდიდატი) რამდენიმე წლის განმავლობაში ითვლებოდა ძირითადი გუნდის ფუძედ და 1962/63 წლებში ბასბიმ ორი მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა: დენის ლოუ "ტორინოდან" აგვისტოში იმ დროისთვის კლუბისთვის სარეკორდო თანხის სანაცლოდ შეუერთდა "იუნაიტედს", პეტ კრერანდი კი "სელტიკიდან" თებერვალში შეიძინა.
ამრიგად, 1963/64 წლების სეზონის დაწყების წინ ბასბის ჰყავდა ძირითადი გუნდის ფუძე, რომელიც მას წარმოედგინა. დაცვის ფუნდამენტთან, ბილ ფოუკსთან და ნახევარმცველთან, კრერანდთან ერთად ბასბის გუნდში ორი კოზირი თამაშობდა - ჩარლტონი და ლოუ, რომლებიც შემდეგ "იუნაიტედის სამეულის" ორი მესამედის სახელით გახდებიან ცნობილნი.
ბასბი ახალწვეულ დენის ლოუს მაისურს არგებს
აბა მესამე ელემენტი? რა თქმა უნდა იმ დროს ის ჯერ კიდევ შორს იყო ყურადღებისგან, რადგან "იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. მაგრამ ბასბიმ მის შესახებ ყველაფერი იცოდა - ეს იყო ბელფასტელი ყმაწვილი, რომელსაც ჯორჯ ბესტს ეძახდნენ. 1963/64 წლების სეზონი გახდა ის სეზონი, რომელშიც ბასბი თავის ახალგაზრდა ჯინს ლამპრიდან გამოუშვებს.
ბელფასტელი ბიჭის გამოჩენა
ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდა ბესტი ამას კარგად აცნობიერებდა. ლეგენდარული ირლანდიელი სკაუტის, ბობ ბიშოპის მიერ მეტ ბასბისთვის გაგზავნილი ასევე ლეგენდარული ტელეგრამის შემდეგ, ბესტი "მანჩესტერ იუნაიტედის" თვალთახედვის არეში მოექცა. მასში კი ეწერა: "ვგონებ გენიოსი გიპოვეთ." ბიშოპმა ბესტი "კრეგეხ ბოიზის" რიგებში დალანდა, რომელიც ბელფასტის ადგილობრივი ახალგაზრდული კლუბი იყო. ჯორჯი თავისი სუსტი აღნაგობის მიუხედავად გზად ყველას აცამტვერებდა.
როცა 15 წლის ბესტი "ოლდ ტრაფორდზე" გამოსაცდელი ვადით ჩავიდა, იმ თევზს ჰგავდა, რომელიც წყლიდან ახლახანს ამოიყვანეს. მას აქამდე არასდროს დაეტოვებინა ბელფასტი და ის რომ, მას ირლანდიის ზღვის გავლით მანჩესტერში მოუხდა ჩასვლა, სადაც თავისთვის უცნობ ადამიანებთან ვარჯიშობდა, ვინც მასზე გაცილებით მაღლები, ძლიერები და თავდაჯერებულები ჩანდნენ, თანაც ირლანდიური აქცენტით არ მეტყველებდნენ უკვე მეტისმეტი იყო. სულ რაღაც 24 საათში ბესტმა გადაწყვიტა, რომ საკმარისად ნახა ყველაფერი და თავის ირლანდიელ მეგობართან, ერიკ მაკმორდისთან ერთად უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რომელიც ასევე სინჯებზე იყო მიწვეული.
საბედნიეროდ, "იუნაიტედის" სურვილმა, მამის მშვიდმა მხარდაჭერამ და თავად ბიჭუნას გადაწყვეტისუნარიანობამ მომავალი გენიოსი "ოლდ ტრაფორდზე" მოსწავლის რანგში დააბრუნა. ბასბიმ თავის შტაბს მიუთითა, რომ ვუნდერკინდი თავისი "მაგიისგან" არ განეცალკევებინათ. "არ არის საჭირო მისი სტილის გამოსწორება. უბრალოდ მიეცით მას საშუალება თავისებურად განვითარდეს. მასში არის რაღაც განსაკუთრებული" - ამბობდა ის.
თუმცა, ასეთმა განვითარებამ დიდად არ შეუწყო ხელი პირველ გუნდში მის დებიუტს 1963/64 წლების სეზონში - ან მას ეგონა ასე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
დიახ, ბასბიმ 17 წლის ბიჭს დებიუტის საშუალება მისცა. მაგრამ ეს მოთამაშე არ გახლდათ ბესტი. ეს იყო ბესტის მეგობარი, დევიდ სედლერი, რომელმაც "შეფილდ უენსდისთან" მატჩში სასტარტო ტურში თავდამსხმელის მაისური მოირგო. მას გაცილებით კერკეტ ახალგაზრდად მიიჩნევდნენ.
ბესტის მეგობარი - დევიდ სედლერი
ბესტი ძირითადად ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ხანდახან რეზერვების ყურადღებასაც იპყრობდა. მიუხედავად ამისა, ბასბი, რომელიც ახალგაზრდებთან მუშაობით იყო ცნობილი მომავალ გეგმებს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელზე აგებდა.
განაცხადში მოხვედრა
სეზონის დაწყებიდან სამ კვირაში ბესტი ახალგაზრდული გუნდიდან ამოიყვანეს და ძირითად გუნდში გადაიყვანეს. 1963 წლის 14 სექტემბერს მისი სახელი "ვესტ ბრომთან" მატჩში შავით თეთრზე იკითხებოდა.
თუმცა ასეთი სიურპრიზით გამოწვეული სიხარული ბესტს ნაკლებად ეტყობოდა. იგი შესვენების დროს დიდი მოკრძალებით ეხმარებოდა უფროს ამხანაგებს ჩანთების ტარებაში, ჩაის გადუღებაში და სასუსნავად ფორთოხლის დაჭრაში. ის მეთორმეტე ფეხბურთელად ითვლებოდა, ხოლო ინგლისის ლიგაში შეცვლების დაწესებამდე კიდევ სამი წელიწადი რჩებოდა.
ბესტი სწუხდა, რომ მოედანზე გამოჩენის საშუალება არ ეძლეოდა. ამიტომ, როცა დილით პედი კრერანდს წამოსცდა, რომ ჯორჯი ითამაშებდა, ბესტმა მას არ დაუჯერა.
კრერანდმა იცოდა, რომ ბასბი კარგი მმართველი იყო და ბესტის დაყენებას თამაშში იმ მომენტიდან გეგმავდა, რაც ის რეზერვში გადაიყვანა. მას არ უნდოდა, რომ ამ ფაქტის გაცნობიერებას ბიჭზე ზეგავლენა მოეხდინა, ამიტომ გუნდში 7 ნომრად იან მოირა აირჩია, რომელსაც საზარდულის ტრავმა ჰქონდა.
"შეგიძლია საიდუმლო შეინახო, პეტ?" - ბასბი კრერანდთან კონტრაქტს აწერს ხელს
"ოლდ ტრაფორდზე" მიმავალ გზაზე ლანჩის დროს ბასბიმ ბესტს აცნობა, რომ ითამაშებდა. ნერვიულობისთვის დრო აღარ რჩებოდა და ბასბის გეგმაც თავიდანვე ეს იყო.
მაგრამ, როგორც გაირკვა ბესტი არც აპირებდა ნერვიულობას. იმის მიხედვით, თუ როგორ იქცეოდა გასახდელში, იფიქრებდით, რომ "იუნაიტედის" რიგებში არა პირველს, არამედ მეხუთასე მატჩს ატარებდა.
სანამ სხვები მატჩისწინა ნერვიულობას თავისებურად უმკლავდებოდნენ - სედლერი წარა-მარა ტუალეტში დარბოდა, ბობი სტაილზი თავის სათამაშო ფორმას ამოწმებდა, ჩარლტონი ვისკის წრუპავდა - ჯორჯი უბრალოდ იჯდა და მატჩის პროგრამას კითხულობდა, შემდეგ კი უბრალოდ ადგა სასტარტო სასტვენის წინ და ჩაი მიირთვა.
ასე იყო სამომავლო კარიერაშიც - ბესტი უბრალოდ არ ნერვიულობდა. 50 ათასი ადამიანის წინაშე თამაშის პერსპექტივა მას შიშს სულაც არ ჰგვრიდა, თითქოს ეს პირველი ჯერი არ იყოს. გადავსებული სტადიონის გვირაბში გასვლა ჯორჯისთვის უდიდესი სტიმული იყო - ეს მას აღაგზნებდა და აღაფრთოვანებდა, არავითარ შემთხვევაში არ ანერვიულებდა.
ბრძოლაში
გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედმა" და "ვესტ ბრომმა" ძლიერად დაიწყეს სეზონი, ბრძოლა პირველ და მეორე ადგილს შორის მიმდინარეობდა. ბესტს გრემ უილიამსის, მხარბეჭიანი მარცხენა მცველის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, რომელსაც თავისი დროის სტიუარტ პირსს ეძახდნენ. ჯორჯს თანაგუნდელები გრემის შესახებ ყველაფერს უთხრობდნენ, რაც იცოდნენ, მათი მონათხრობი კი საშინელ სურათს ხატავდა.
"მოედანზე მოწინააღმდეგის შემადგენლობაში ვეძებდი ვიღაცას, ვინც ამ უილიამსს ემსგავსებოდა, რომელსაც როგორც მითხრეს ფეხების ნაცვლად მუხები ჰქონდა. ვეძებდი თმით დაფარულ სახეს და ეშვებს. მაგრამ როცა დავინახე გავოცდი. მცველის კვალობაზე პატარა მეჩვენა და მახსოვს როგორ გავიფიქრე ჩემთვის: "ჯორჯი, ბიჭო, არაფერი გაქვს სანერვიულო" - იხსენებს ბესტი თავის მრავალრიცხოვან ბიოგრაფიათაგან ერთ-ერთში - «Best of Both Worlds».
თამაშის დროს ბესტს რამდენიმეჯერ ჰქონდა ეშვების გამოცდის შანსი, რადგან მცველი რამდენიმე უხეში წართმევის განხორციელებას არ ერიდებოდა. ის უხეშად თამაშს აგრძელებდა, მაგრამ ასე მოიქცა ბესტიც, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში მუხლის დაზიანება მიიღო. ის მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე გადაადგილდებოდა, თუმცა ხანდახან ცენტრშიც თამაშობდა.
"ახალგაზრდა ბესტი დიდებული უილიამსის პირადი შევიწროვების ქვეშ იმყოფებოდა" - აღნიშნული იყო ერთ-ერთ გაზეთში, რომელიც იმ თამაშს მიმოიხილავდა. მეორე გაზეთი კი მას აქებდა და იუწყებოდა, რომ "ვესტ ბრომის მცველისგან დაუჯერებელი სიძლიერის დარტყმებს იღებდა, მაგრამ დაზიანებების მიუხედავად არ დანებდა.
"ვესტ ბრომის" მცველი, უილიამსი ორთაბრძოლაში შედის
"იუნაიტედმა" მატჩი 0-1 მოიგო, ბესტმა კი საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, რამეთუ სტაილზს მიაწოდა ბურთი, რომელმაც ის მე-60 წუთის ფარგლებში სედლერს გადაუგზავნა.
რეაქცია დებიუტანტზე
მაშ ასე, მაინც როგორ გაართვა თავი 17 წლის ბიჭუნამ საქმეს? ის იხსენებს, რომ საკმაოდ ხშირად ფლობდა ბურთს: "უილიამსთან ადრეულ შეტაკებას თავი ავარიდე და მას ცოტა სირბილი ვაიძულე. ვმოქმედებდი ასეც და ისეც." - იხსენებს ბესტი თავის კიდევ ერთ ავტობიოგრაფიულ წიგნში «Blessed».
"როგორც კი ბურთი მომდიოდა, არ მინდოდა ვინმესთვის მიცემა, რადგან ახალგაზრდულ გუნდში მის ფლობას მივეჩვიე. და სანამ ჩემი თანაგუნდელები პასს ითხოვდნენ, ვცდილობდი სამი ან ოთხი მოწინააღმდეგე მომეტყუებინა ტრიუკების გამოყენებით, რომელთაც რეზერვის გუნდში ბიჭებს ვუჩვენებდი."
თამაშზე მყოფი რეპორტიორები გაზეთებში შეფასებას მოყვნენ. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ "ბესტის თამაში მაღალი კლასის, მაგრამ მოუფთხილებლობის მაჩვენებელი იყო." მეორე კი ამბობს: "მან ყველას აჩვენა, რომ მეტი გამოცდილების შემთხვევაში "იუნაიტედის" ძირითადში ყოფნის პრეტენდენტი აუცილებლად იქნებოდა." მესამე მას ურჩევს "არ გაბრაზდეს გრემ უილიამსის ილეთების გამო".
თუმცა არ კამათობდნენ ერთ რამეზე - ახალგაზრდა ფეხბურთელმა დიდებული ფეხბურთი აჩვენა, დიდი სიმამაცე და ფიზიკურ ბრძოლაში შესვლის სურვილი გამოაჩინა, მაგრამ რა თქმა უნდა ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი.
თავად უილიამსი კი ორმოცდაათი წლის წინანდელ მოვლენას ასე იხსენებს: "ჯორჯის შესახებ მცირე რამ უკვე გვსმენოდა. მან სარეზერვო გუნდში უკვე ითამაშა ჩვენ წინააღმდეგ, ამასთან ერთად 17 წლის ბიჭის დებიუტი ყოველთვის იწვევს ინტერესს. მაგრამ არ ვღელავდი, ის ხომ სულ ბავშვი იყო."
"ჩემ ფლანგზე მხოლოდ 15 წუთს იდგა. მას ჩემ გარდა არავინ ეთამაშებოდა უხეშად. ამის შემდეგ კი სადაც სურდა იქ თამაშობდა და მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა - უკვე მაშინ შეგეძლოთ შეგემჩნიათ, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელი გახდებოდა."
დასვენება, აღდგენა და დაბრუნება
იმავე დღის ხუთი საათისთვის ბესტი გასახდელში დახრილი თავით იჯდა, რადგან თითოეული უფროსი თანაგუნდელი მას თავზე ადგა სიტყვით "ყოჩაღ". მიუხედავად ამისა, მას ეჩვენებოდა, რომ უკეთ თამაში შეეძლო, რადგან იმდენად გახარებული იყო დებიუტით, რომ თამაში ადვილი ეჩვენა.
მას იმედი ჰქონდა, რომ ორ დღეში "ბლექპულის" წინააღმდეგაც ათამაშებდნენ, მაგრამ არ ათამაშეს. მოირი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ბესტი ისევე სწრაფად დააბრუნეს რეზერვში, როგორც გამოაჩინეს პირველ გუნდში.
საერთოდ ის ამავე დონეზე სამი თვით დატოვეს და პირველი გუნდის მტვერიც კი არ დაასუნინეს. მაგრამ როგორც კი შემდეგი შანსი მიეცა, ის სრულად გამოიყენა. უკან დასახევი გზა არც იყო. თავისი მეორე მატჩის (და პირველი გოლის) შემდეგ "ბარნლისთან" შეხვედრაში ბესტი "იუნაიტედის" განუყოფელი ნაწილი გახდა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
"ბარნლისთან" მატჩში ბესტის გამოძახება ისეთივე მოულოდნელობა იყო ჯორჯისთვის, როგორც პირველად განაცხადში მოხვედრა. გამომდინარე იქიდან, რომ ბასბი პრაქტიკულად ერთ შემადგენლობას ეყრდნობოდა, ბესტის ადგილი შემადგენლობაში ვერ მოიძებნა. მაგრამ როცა "იუნაიტედმა" "ბარნლისთან" 6:1 წააგო 1963 წლის "ბოქსინგ დეიზე" და შემდეგ "ევერტონთან" 4-0 დამარცხდა, ბასბიმ ცვლილებებს მიმართა. მისი ცვლილება პირველ რიგში მდგომარეობდა ბელფასტელი ბიჭის შემადგენლობაში დაბრუნებაში.
კლუბმა ტელეგრამა გაგზავნა ჩრდ. ირლანდიაში, სადაც ბესტი ოჯახთან ერთად შობით ტკბებოდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ჯორჯი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნებულიყო მანჩესტერში. 28 დეკემბერს "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლისთან" საპასუხო შეხვედრა უნდა გამართულიყო. ახლა არც არავითარი თავსატეხი არსებობდა და არც გამოცანა - ბესტი შემადგენლობაში იყო. უსიტყვოდ.
მისი ისტორია ამ დღემდე იყო დიდების გაელვება, გენიოსობის მინიშნება. ამჯერად კი ბესტმა აჩვენა ყველაფერი, რაც შეეძლო. ისევ მარჯვენა ფლანგზე, ისევ ნაკრების მცველის წინააღმდეგ, ისევე როგორც სადებიუტო დღეს.
"ბარნლი"
ამჯერად მისი მოწინააღმდეგე მისი ნაცნობი, ჩრდილოირლანდიელი ალექს ელდერი გახლდათ, მაგრამ ბესტმა მისი დანდობა არ ისურვა. ბესტმა მას ცხელი დღე მოუწყო და ფლანგზე ერთი-მეორეს მიყოლებით ატყუებდა. პედი კრერანდს ოდნავადაც არ ეპარებოდა ეჭვი ბესტის გამოსვლის შეფასებაში.
"ელდერი კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ ჯორჯმა ის მთლიანად გაანადგურა. მან უბრალოდ მოკლა ის - იმდენად, რომ შევწუხდი კიდეც" - იხსენებს კრერანდი.
"ჯორჯი მთელი თამაშის განმავლობაში ასულელებდა მას. და ეს სულაც არ იყო ისეთი უცნაური, როგორც იმჯერად უილიამსის შემთხვევაში. ეს იყო ტოტალური განადგურება. ჯორჯი ბრწყინვალე იყო და ამის შემდეგ მასთან ხუმრობა აღარ შეიძლებოდა."
დესერტად ბესტის პირველი გოლი იქცა. 38-ე წუთზე ძელიდან ასხლეტილ ბურთზე დამატება მესამე გოლი გამოდგა შეხვედრაში, რომელიც "წითლებმა" საბოლოოდ 5:1 მოიგეს, რაც "ბოქსინგ დეის" შემდეგ ორ დღეში რევანშის აღებას ნიშნავდა. ჯორჯი იმავე საღამოს ბელფასტში დაბრუნდა (გუნდი დაარწმუნა, რომ მატჩის შემდეგ სახლში გაეგზავნათ) და მეორე დღეს თავის კრეგეხელ მეგობრებთან ერთად "ბელფასტის ტელეგრაფის" ფურცლებს ათვალიერებდა, სადაც მისი პირველი გოლის ამსახველი ფოტო დაებეჭდათ.
გუნდის სასიკეთოდ
ამის შემდეგ ბესტი ძირითადის ფეხბურთელი გახდა. 1963/64 წლების სეზონში დარჩენილი 26 შეხვედრიდან მან 24-ში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. თავად სეზონი კი ბასბისა და მისი ფეხბურთელებისთვის იმედის გაცრუებით დამთავრდა - მიუხედავად დენის ლოუს გმირობისა, რომელმაც 42 თამაშში 46 გოლი გაიტანა, რაც დღესაც კი "იუნაიტედის" რეკორდია.
ახალგაზრდა მაესტრო ძირითადში თავს იმკვიდრებს
"წითელმა ეშმაკებმა" სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს და "ლივერპულს" ჩამორჩნენ, ინგლისის თასიდან კი "ვესტ ჰემთან" ნახევარფინალში დამარცხდნენ და მიუხედავად პირველ თამაშში მოპოვებული 4:1 გამარჯვებისა, ლისაბონის "სპორტინგთან" საპასუხო შეხვედრაში 5:0 დამარცხების შემდეგ დიდების გარეშე გამოეთიშნენ ევროპის ჩემპიონთა თასს.
თუმცა ბესტის გამოჩენით ბასბის თავსატეხი ამოხსნილი იყო. სამება მწყობრში გახლდათ. დიდების პერიოდი დაბრუნების ზღვარზე იდგა. მომდევნო ოთხი წელიწადი კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი გახდა - ორი გამარჯვება ჩემპიონატში (1964/65, 1966/67) და რაც უფრო მნიშვნელოვანია მიუნხენის ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ 1968 წლის მაისში ევროპის თასის მოგება.
ამ ყველაფრის გული კი იყო ჯორჯ ბესტი, რომელიც მსოფლიოს თავისი უნარებითა და მოედანზე (უფრო მეტად კი მის ფარგლებს გარეთ) ნაჩვენები სუფთა ფანტაზიით აკვირვებდა. ასეთი რამ მანამდე არავის უნახავს. კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო, ძალიან, ძალიან ბევრი რამ. მაგრამ ყველაფერი დაიწყო 50 წლის წინ შემოდგომის იმ დღეს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურზე გამოჩნდა წარწერა BEST.