ლუკ შოუ ტერფის ტრავმის გამო სამ კვირას გამოტოვებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი "არსენალთან" მატჩში დაზიანდა და შეხვედრის მე-16 წუთზე შეცვალეს.
შოუმ "ემირეიტსი" სპეციალური დამცავი თაბაშირით დატოვა. ტრავმის სერიოზულობის დასადგენად "მანჩესტერ იუნაიტედი" მედიკოსების დასკვნას ელოდა. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ფეხბურთელი სამ კვირას გამოტოვებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრავმირებულები არიან დეილი ბლინდი და მარკოს როხოც, რომელთაც შოუს შეცვლა შეეძლოთ.
ლუი ვან გაალი იძულებული იქნება მარცხენა მცველის პოზიციაზე რომელიმე ცენტრალური მცველი ან ეშლი იანგი გამოიყენოს, რომელმაც შეცვალა კიდეც შოუ "არსენალთან" მატჩში.
მოსალოდნელი იყო, რომ შოუს ახალგაზრდა რის ჯეიმსი ჩაანაცვლებდა, თუმცა ის იჯარის წესით "როტერჰემში" გადადის და თავის შანსს მიმდინარე სეზონში ვერ მიიღებს.