ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა ნაკრებში ოთხი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გამოიძახა. ესენი არიან უეინ რუნი, ლუკ შოუ, კრის სმოლინგი და მაიკლ კერიკი.
როგორც მოგეხსენებათ მაიკლ კერიკი ინგლისელთა თავკაცმა "მსოფლიო ჩემპიონატის" განაცხადის მიღმა დატოვა. ამიტომ 33 წლის ნახევარმცველს 7 თვე არ უთამაშია "სამი ლომის" მაისურით. გასულ ტურში კერიკი საბოლოოდ დაუბრუნდა მოედანს და ახლა უკვე მზადაა ნაკრებში სათამაშოდაც.
მასთან ერთად ნაკრებში იქნებიან ლუკ შოუ, რომელმაც გასული მატჩები 21 წლამდელთა გუნდში ჩაატარა, სადაც ჰოჯსონის მოწონება დაიმსახურა და კრის სმოლინგი რომელმაც ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ორი მატჩი გამოტოვა.
რა თქმა უნდა ჰოჯსონის განაცხადში პირველ პოზიციას კაპიტანი, უეინ რუნი იკავებს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი მისთვის მეასე იქნება ნაკრებში, ხოლო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე მას მხოლოდ 6 გოლი რჩება.