ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ სულელურად მოიქცა, როცა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" შეფასება 3 თვეში მოეხდინათ.
"წითლების" მთავარი მწვრთნელი მედიასა და ქომაგებს მოთმინებისკენ და შედეგების სამი თვის შემდეგ შეფასებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ახლა მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" თამაშის გამოსწორება უფრო მეტ დროს საჭიროებს. "სულელურად მოვიქეცი, როცა სამი თვე დავასახელე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ვთვლი სისულელედ, რომ თქვენ (ჟურნალისტები) მხოლოდ ამ სამ თვეზე ლაპარაკობთ. ეს ჩემი სულელური სვლა იყო, როცა პერიოდი დავასახელე."
"ეს ყოველთვის თამაშზეა დამოკიდებული. თამაში კი დროისა და მატჩის მიხედვით იცვლება. ამას დრო სჭირდება და შეიძლება უფრო მეტი დროც, ან იქნებ "ვესტ ბრომვიჩთან" თამაში გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი." - განაცხადა ვან გაალმა.
"ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვდება. "ორივე კარგი გუნდია. მაგრამ "ვესტ ბრომთან" გასვლითი შეხვედრაც არ იქნება ადვილი. "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" კი პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო გუნდია. ამ სამი შეხვედრის ჩატარების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ სად ვიმყოფებით."