რამდენიმე დღის წინ პრესაში ფერგიუსონის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის 2013/14 სეზონის წარუმატებლობასა და ლუი ვან გალის შესახებ საუბრობს.
,,იუნაიტედის'' ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გამოტყდა, რომ ზაფხულში კლუბს მართლაც სჭირდებოდა გაძლიერება და ახალი ფეხბურთელების შეძენა, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ ფერგიუსონი თავის თავს იმდენის დახარჯვის უფლებას მისცემდა, რამდენიც ეს ,,იუნაიტედმა'' ზაფხულში გაიღო.
რა იქნებოდა მაშინ, თუ ფერგიუსონი არ დატოვებდა ,,მანჩესტერს'' ? შეინარჩუნებდა ,,იუნაიტედი'' თავის პოზიციებს ?
ეჭვგარეშეა, რომ დევიდ მოიესის კატასტროფულმა შედეგებმა ხელმძღვანელობა ღრმად დააფიქრა იმის თაობაზე, რომ ფულის დახარჯვა და გუნდის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება იყო საჭირო. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ფერგის წასვლას საკმაოდ ბევრი გადაუწყვეტი პრობლემის დარჩენა მოჰყვა.
,,იუნაიტედის'' გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდნენ პროტესტს ხელმძღვანელობის უმოქმედობის გამო. განსაკუთრებით კი მათ ამ აღელვებას ნახევარდაცვა წარმოადგენდა, კარგად მოგვეხსენება, რომ ამ პოზიციაზე სერიოზული ტრანსფერის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ბოლო 6 წლის განმავლობაში ,,იუნაიტედი'' ინგლისის ყველაზე წარმატებული გუნდია: 4–ჯერ ქვეყნის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ძნელად წარმოსადგენია, რომ არსებული ნახევარდაცვით ,,იუნაიტედმა'' ასეთ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ეს პოზიცია ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემას და ყოველი წლის შემდეგ ეს ნათლადაც ჩნდებოდა: 6–1 ,,ოლდ ტრაფორდზე'' წაგებული მატჩი ,,სიტისთან'' და კვლავ ,,ოლდ ტრაფორდზე'' 4–4 ფრე ,,ევერტონთან''.
სერ ალექსის დროს კლუბი სატრანსფერო ბაზარზე დიდად არასდროს არ აქტიურობდა, მაგრამ იყო კი ამის აუცილებლობა ?
ფერგის განსაკუთრებულობა ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღებაში იყო. მან ფლეტჩერთან ერთად შესანიშნავი სამუშაო გასწია, მიუხედავად იმისა რომ 2002/03 სეზონში ფეხბურთელს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. გულშემატკივრებისთვის ფლეტჩერი ბევრჯერ გამხდარა კრიტიკის საგანი, მაგრამ ფერგი მას ენდობოდა. საბოლოოდ 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში სწორედ ფლეტჩერი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა კი დისკვალიფიკაციის გამო ფინალში თამაში ვერ შეძლო.
სწორედ ამ მიზეზების გამო ამბობდა უარს ,,იუნაიტედი'' ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებაზე, მაგალითისთვის ედენ აზარი და უესლი სნეიდერი შეიძლება მოვიყვანოთ. ფერგის წარმატებები ყოველგვარ პრობლემას ფარავდა და ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ,,იუნაიტედს'' მართლაც ჰქონდა რაიმე პრობლემები.
როგორც ბრიტანული Daily Mail – ის ჟურნალისტი ჯონ ტრეიტონი იტყობინება, ფერგის კლუბიდან წასვლის ინფორმაციის გავრცელებამდე ხელმძღვანელობა გეგმავდა ტრანსფერების განხორციელებას და ყველაზე ხმაურიანი შენაძენი არც მეტი არც ნაკლები ,,ბენფიკის'' არგენტინელი მცველი ეზეკილ გარაი უნდა ყოფილიყო.
ფერგიუსონმა ყველაზე უფრო კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა განევითარებინა გუნდი ისე, რომ ის მუდამ დარჩენილიყო თავის პოზიციებზე. ასეც ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ,,სიტი'' და ,,პსჟ'' წარმოუდგენელი რაოდენობის თანხას ხარჯავდნენ, ,,იუნაიტედი'' მაინც რჩებოდა ანგარიშგასაწევ ძალად.
სერ ალექსის დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ,,იუნაიტედი'' კვლავ დარჩენილიყო თავის პოზიციებზე, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ჩავარდნა გარდაუვალი იყო. ახლა გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს ახალი შეხედულებებით. ზაფხულში ,,იუნაიტედმა'' აჩვენა რომ ეს გუნდი ფინანსური თვალსაზრისითაც ერთ–ერთი ძლიერია, დაიხარჯა თანხა რომლის სანაცვლოდაც მაღალი კლასის ფეხბურთელების შეძენა მოხერხდა, რომლებიც მომავალში ,,იუნაიტედს'' აუცილებლად დააბრუნებენ თავის ჩვეულ პოზიციებზე. ყველაფერი ცუდი ახლა უკვე წარსულშია, საჭიროა წინ ხედვა და მრავალი ტიტულის მოგება.
წყარო:
Carrick.ru