სერ ალექს ფერგიუსონი ვან გაალის სატრანსფერო გადაწყვეტილებებით კმაყოფილია და მოსწონს ის ფაქტი, რომ ძვირადღირებულ შენაძენებთან ერთად, კლუბი ტრადიციებს ინარჩუნებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს შანსს. "წითლებმა" ზაფხულში არაერთი მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელეს, მათ შორის სარეკორდო თანხა ინგლისელებმა დი მარიაში გადაიხადეს. ფერგიუსონს ანხელზე თხოვეს კომენტარის გაკეთება: "ვფიქრობ, როცა აღმოაჩენ ასეთი დონის ფეხბურთელს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება, კლუბს აქვს რესურსი ტრანსფერის გასახორციელებლად. მათ გუნდში მსოფლიო კლასის ფეხბურთელები მოიყვანეს. როცა მწვრთნელს "მანჩესტერ იუნაიტედში" ხარისხის გაუმჯობესება სურს, საუკეთესო მოთამაშეებს ყიდულობს, კლუბს კი ამის უნარი აქვს. გუნდი თავიდან შენდება.
ლუკ შოუს შეძენა ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვცადეთ, როცა ის 16 წლის იყო. "საუთჰემპტონმა" უარით გვიპასუხა, მაგრამ შეგვპირდა, რომ თუ შოუს გაყიდვას დააპირებდნენ, პირველად ჩვენს წინადადებას განიხილავდნენ. რა თქმა უნდა, ედ ვუდვორდმა ამაზე იზრუნა და შეთანხმებას მიაღწია. ის ნიჭიერი ბიჭია, კარგი მოთამაშე, რომელსაც შეტევებში ჩართვა მოსწონს.
ანდერ ერერამ ჩვენს წინააღმდეგ 3 წლის წინ ითამაშა ევროპის ლიგაზე. სიმართლე გითხრათ, მათთან თამაში "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან გაგვიჭირდა. ანდერი ნიჭიერი ფეხბურთელია, მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ჩვენი სკაუტები. "იუნაიტედმა" მისი შეძენა წინა წელს სცადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის ათლეტური, აგრესიული და მოძრავი მოთამაშეა.
როხო, არგენტინელი ბიჭი. მას მსოფლიო ჩემპიონატზე ვუყურებდი. ჩემზე მან მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება, ვფიქრობ მას ფლანგზეც თავისუფლად შეუძლია თამაში, უკან დაწეულ ვინგერადაც და ცენტრალურ მცველადაც.
ბლინდი იმ სტილის ფეხბურთელია, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება. ის ახალგაზრდა დარენ ფლეტჩერის ვარიანტია. ბლინდი პროფესიონალი მოთამაშეა, თამაშის კარგი ალღოთი. ის თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს, იცავს მცველებს, ერთვება შეტევებში...
ფალკაოს ტრანსფერი ერთ-ერთი გამორჩეულია. მას ფანტასტიკური საგოლე უნარი აქვს. რადამელს ტრავმა ჰქონდა და ვფიქრობ, კლუბი სწორად მოიქცა, როცა ის იჯარის წესით შეიძინა.
ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ ვან გაალმა შვიდ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა დებიუტის შანსი. ეს ფაქტი კლუბის ტრადიციებიდან გამომდინარე სასიამოვნოა. ვფიქრობ, გულშემატკივრები ბრწყინვალენი არიან, როცა დებიუტანტ მოთამაშეებს ამხნევებენ. თუ ახალგაზრდას დროულად არ მისცემ შანსს, მას ადვილად დაკარგავ. "იუნაიტედისთვის" საამაყოა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ინგლისში მოთამაშე 90-მა ფეხბურთელმა ჩვენს აკადემიაში დაიწყო კარიერა. ეს ჩვენი ახალგაზრდული სისტემის ეფექტურობაზე მიუთითებს" - დაასრულა ფერგიუსონმა.
ვრცელ ინტერვიუში ფერგიუსონმა ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზეც საუბრობს. "სერ ალექსი: ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ" MUTV-ის ეთერში ამ წუთებში გადის.