დევიდ მოიესი მიიჩნევს, რომ ადნან იანუზაი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ყოფილი მწვრთვნელი, რომელმაც მხოლოდ 10 თვე დაჰყო "ოლდ ტრაფორდზე" არის ერთ-ერთი იმათგანი, რომელმაც ადნანში ტალანტი ყველაზე ადრე შეამჩნია და მისცა ბელგიელს პირველ გუნდში თამაშის საშუალება.
პირველ გუნდში ადნან იანუზაი "ქომუნითი შილდის" მატჩში მოხვდა. მას შემდეგ კი ბელგიელმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა ტურნირზე) და 4 გოლის გატანა მოახერხა. მეტიც, იგი ბელგიის ნაკრებთან ერთად გაემგზავრა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
The Telegraph-თან ინტერვიუში მოესმა განაცხადა: "ჩემს სამწვრთვნელო კარიერაში, ადნან იანუზაის ტალანტი უეინ რუნის გვერდით დგას. როდესაც უეინი გვყავდა "ევერტონში" ყველა ხედავდა მის ტალანტს. იგივე ტალანტი აქვს ადნანს იმავე ასაკში. ის ახლაც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მალე მის გვარს ევროპის ტოპ ფეხბურთელებთან ერთად წაიკითხავთ."
მიუხედავად ყველაფრისა, იანუზაი მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის ხანგრძლივობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ვან გაალის მწვრთვნელად დანიშვნის შემდეგ, ადნანს ადგილი 21 წლამდელთა გუნდში გამოუნახეს. თუმცა არც აქ წტვეტს ბელგიელი პროგრესს. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა "ტოტენჰემთან" მატჩში და ულამაზესი ჯარიმით გაახსენა "იუნაიტედის" ქომაგებს თავი.
თუმცა მოიესს ეჭვი არ ეპარება ახალგაზრდა ბელგიელის ტალანტსა თუ ტემპერამენტში და იანუზაის ყოფილ ინგლისელ ფეხბურთელს ქრის უოდლს ადარებს.
"ქრის უოდლი დაგამშვიდებდა და კომფორტულად გაგრძნობინებდა თავს. სანამ რამეს მოიფიქრები, მას უკვე გაკეთებული ჰქონდა ეს. ადნანსაც იგივე უნარი გააჩნია. მას შეუძლია გაანეიტრალოს ხალხი. მას შესანიშნავი უნარები და კარგი ტემპერამენტი აქვს. ამას ემატება ქედმაღლობის სწორი პროცენტულობა. მე მხოლოდ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვხედავ მას." დაასრულა მოიესმა.