თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2014, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 12
"დროა გლეიზერებმა ჯიბეზე ხელი გაისვან"
ინტერვიუ გოგიტა ესიავასთან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერი საიტი საქართველოში, redarmy.ge გთავაზობთ რიგგარეშე ინტერვიუს თავის მომხმარებელთან, გოგიტა ესიავასთან (Esi). გოგიტა საიტის moderator-ი გახლავთ და სიახლეების მიხედვით ათ საუკეთესო მწერალთა რიგს ასრულებს.

გამარჯობა გოგიტა. გაეცანით საიტის მომხმარებელს.

გამარჯობა, მე ვარ გოგიტა ესიავა, 20 წლის, ვცხოვრობ თბილისში, ვარ სტუდენტი და ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

რატომ გახდით "წითელი ეშმაკი"?

რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი რატომ გავხდი, მაგრამ თავიდანვე მომწონდა "იუნაიტედის" სათამაშო სტილი. შემდგომ, როდესაც ისტორიას უფრო ვრცლად გავეცანი კიდევ უფრო დამაინტერესა ამ კლუბმა, თან აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ კლუბს გენიალური მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი ჰყავდა. ასე და ამგვარად ისეთ კლუბს, რომელსაც თავის დროზე ჩარლტონი, კანტონა, ბესტი, კინი, სქოულზი, გიგზი და კიდევ არაერთი დიდებული ფეხბურთელი ჰყავდა, ასე რომ ვთქვათ, გვერდი ვერ ავუარე.

"იუნაიტედის" მრავალ თაობას სხვადასხვა დონისა და ეპოქის გამორჩეული ფიგურა ჰყავდა. ვის გამოყოფდით მათ შორის?

გეთანხმები, ნამდვილად არაერთი გამორჩეული ფიგურა ჰყავდა "იუნაიტედს" თავის დროზე, მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი ისეთ ფეხბურთელს, რომლის თამაშიც ნანახი მაქვს. საერთოდ არ მიყვარს ისეთ ფეხბურთელზე ლაპარაკი, რომლის თამაშიც ჩემი თვალით არ მაქვს ნანახი. საუბარი მაქვს რაიან გიგზზე, ფეხბურთელზე, რომელმაც "იუნაიტედში" 24 წელი გაატარა და ამ წლების განმავლობაში მან არაერთი ტიტული მოიგო კლუბთან ერთად და ამ მოგებებში მისი წვლილიც ძალიან დიდია. საერთოდ ასეთი ფეხბურთელები დასაფასებელია, მთელი შენი საფეხბურთო კარიერა გაატარო ერთ კლუბში - ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბისთვის ცოცხლობ და ამ კლუბისთვის ხარ დაბადებული. სწორედ ასეთი იყო რაიანი, რომელიც სულსა და გულს დებდა მოედანზე "იუნაიტედის" გამო. იმედი მაქვს ისეთივე წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ექნება, როგორიც საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მჯერა, რომ მწვრთნელის რანგშიც არაერთ ტიტულს მოიგებს "მანჩესტერთან" ერთად.

რაიან გიგზს მცირე სამწვრთნელო გამოცდილება გასული სეზონის ბოლო 4 შეხვედრაში დაუგროვდა. მან "იუნაიტედი" სეზონის ბოლო 4 მატჩში, "ნორვიჩთან", "სანდერლენდთან", "ჰალთან" და "საუთჰემპტონთან" გაიყვანა მწვრთნელის რანგში. შედეგად კი 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი მივიღეთ.

მისი გაწვრთნილი გუნდი როგორ მოგეწონათ?

საერთოდ 4 მატჩით რთულია, როგორც მწვრთნელი ასევე ფეხბურთელი განსაჯო, მაგრამ გიგზის მიერ გაწვრთნილ "იუნაიტედს" ჰქონდა ის "ჟილკა", რაც მთელი სეზონი მოიესის ხელმძღვანელობით გუნდს აკლდა. ასევე ისიც მომეწონა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა შანსი, მახსოვს რამდენიმეს საერთოდ დებიუტი ჰქონდა "იუნაიტედის" მთავარ გუნდში. მოკლედ რომ ვთქვა ამ 4 თამაშში დავინახე ის, რასაც მთელი სეზონი მოიესისგან ველოდი.

სერ ალექს ფერგიუსონის მიერ კლუბის დატოვების შემდეგ, "იუნაიტედი" მისმა თანამემამულემ, დევიდ მოიესმა ჩაიბარა. კლუბში გატარებული 10 თვისა და წარუმატებელი სეზონის შემდეგ მოიესმა კლუბი კონტრაქტით გათვალისწინებულ დროზე ადრე დატოვა.

დევიდ მოიესმა განაცხადა: "იუნაიტედმა" დრო არ მომცა". რამდენად იმსახურება შოტლანდიელი ამას?

კიდევ კარგი, რომ მართლა არ მისცეს დრო, თორემ უფრო ქვესკნელში ჩავიდოდით. თუ შენ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ მაშინ, ვფიქრობ რომ ნახევარი სეზონი სრულიად საკმარისია ახალი გუნდის შესწავლისთვის, რაც მოიესმა ვერა და ვერ მოახერხა. ან რა დროის მიცემაზეა საუბარი, როცა ელემენტალური თამაშის მიმდინარეობისას გუნდს ვერ განაწყობდა შესაბამისად, შესაბამის ცვლილებებს ვერ აკეთებდა, შესაფერის ტაქტიკას ვერ არჩევდა. ეს "იუნაიტედია" და არა რომელიმე საშუალო დონის კლუბი. რაც შეეძლო უმოკლეს დროში უნდა ეპოვნა თავისი ტაქტიკა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ასეთ დონემდე მიგვიყვანა. თავიდან იმედებით ვიყავი, მაგრამ ნახევარი სეზონიც არ იყო გასული, როცა ყველა იმედი გადამიწურა. ვფიქრობ "იუნაიტედის" ხემძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მისი გაშვებით, რაც ამ სეზონში დამტკიცდება კიდეც.

დევიდ მოიესის წასვლის შემდეგ, კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა გახდა. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როცა კლუბს არაბრიტანელი ჩაუდგა სათავეში.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საფეხბურთო ტრადიციები?

ეს ყველაფერი რამდენადაა ტრადიცია არ ვიცი, მაგრამ რა აზრი აქვს ტრადიციას თუ იგი დაღუპავს კლუბს? რა თქმა უნდა ტრადიციებს პატივს ვცემ, მაგრამ თუ იგი კლუბის სასიკეთოდ აღარ მოქმედებს მაშინ უნდა დაირღვეს. აი მაგალითად, "იუნაიტედი" არასდროს იხდიდა დიდ თანხას ფეხბურთელში და ეს ტრადიციად ჩამოუყალიბდა კლუბს, მაგრამ თუ დღევანდელობას გადავხედავთ, სადაც ფული ყველაფერს განაგებს, ვფიქრობ ეს ტრადიციაც უნდა დაირღვეს. აღარ არის ის დრო კლუბში ფეხბურთელები კაპიკებად რომ გადმოდიოდნენ. სამწუხაროდ ჩვენ ისევ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ, მაგრამ როგორც ჩანს ეს ტრადიციაც დაირღვევა და ერთის მხრივ ძალიანაც კარგია. დღევანდელ ფეხბურთში თუ ფული არ დახარჯე შენთვის სასურველ ფეხბურთელში, მაშინ მას ან შეიხი წაიყვანს და ან კიდევ ესპანელი ბიზნესმენი.

ასევეა მწვრთნელის სიტუაციაშიც, რა აზრი ჰქონდა შოტლანდიელის დატოვებას თუ ის კლუბს არ ადგებოდა? ამ დროისთვის კი არც-ერთი ბრიტანელი მწვრთნელი არ მეგულება, რომელიც ტრადიციას გააგრძელებდა და სრულიად გამართებულადაც დაირღვა.


პრემიერ-ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" უელსურ კლუბს, "სუონსის" დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე 1-2 დამარცხდა.

ლუი ვან გაალის ოფიციალური მატჩები წარუმატებლად დაიწყო და ჰოლანდიელმა კლუბის პირველი ანტირეკორდიც დაამყარა - პრემიერ-ლიგის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა "იუნაიტედი" პირველი ტურის შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" მართავდა და მარცხდებოდა.

რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტი ჰოლანდიელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

არანაირად არ იმოქმედებს ვან გაალის ფსიქოლოგიაზე ერთი მარცხი და არც ანტირეკორდით დაწყებული პრემიერ-ლიგა. ჰოლანდიელი ძალიან ძლიერი სპეციალისტია და მჯერა, რომ "იუნაიტედი" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს პირველივე სეზონში, რაც კლუბსაც შეუძლია და მწვრთნელსაც, მთავარია რამდენიმე პოზიცია გაძლიერდეს გუნდში.

"სუონსისთან" მატჩს, რაც შეეხება, იმის ფონზე, რომ მანამდე "იუნაიტედმა" ყველა ამხანაგური შეხვედრა მოიგო, ეს მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია. მოკლედ, რომ ვთქვა არც წაგება დაგვიმსახურებია და არც მოგება პირველ ტურში, მაგრამ სეზონი გრძელია და ამ ერთი მარცხით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაფასოთ არც კლუბი და არც მწვრთნელი.


"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანი უეინ რუნი გახდა. რუნი "სკაუზერია", რაც ზემოაღნიშნულ შეხვედრაში "გედების" გულშემატკივრებმაც გაიხსენეს და რუნის "ოლდ ტრაფორდზე" უმღერეს: "ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია".

რუნის რამდენად შეუძლია გუნდის გაძღოლა?

დღევანდელ "იუნაიტედში" რუნიზე მეტად კაპიტნის სამკლაურს არავინ იმსახურებდა და ვან გაალმა სწორი არჩევანიც გააკეთა. რაც შეეხება იმას, რომ რამდენად შეუძლია გუნდს გაუძღვეს რუნი, კითხვაზე პასუხი მარტივია, თუ რუნის ახალგაზრდობის წლებს გავიხსენებთ, ვფიქრობ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ნამდვილი კაპიტანი იყოს.

რუნის კაპიტნობის პარალელურად ვიცე-კაპიტნის სამკლაური დარენ ფლეთჩერს ერგო.

ფლეთჩერის ვიცე-კაპიტნობაზე რას გვეტყოდით?

ოოო ეს ნაღდად საკამათო თემაა (იცინის). მე პირადად ვიცე-კაპიტნად კერიკს დავაყენებდი, რადგან კერიკი უფრო შეუცვლელი ფიგურა იქნება ვიდრე ფლეთჩერი, მაგრამ ალბათ კერიკის ტრავმის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება ვან გაალმა. ასევე იყო ვარიანტები თუნდაც ვან პერსის ვიცე-კაპიტნობა, ან დე ხეასი, მაგრამ ჰოლანდიელმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერ-ლიგის მეორე ტურში "იუნაიტედი" "სინათლის სტადიონზე" "სანდერლენდს" ეწვევა.

როგორ ფიქრობთ, ვან გაალი თავის ტაქტიკას ხომ არ შეცვლის მომდევნო შეხვედრაში?

ალბათ არ შეცვლის, მაგრამ ჩემი სურვილია რომ შეცვალოს. ჰოლანდიის ნაკრებს კარგად მოარგო 3-5-2, მაგრამ არამგონია პრემიერ-ლიგაში, სადაც გუნდები უპირატესობას მაინც ფლანგიდან თამაშს ანიჭებენ, მთელი სეზონი ორი ფლანგის ფეხბურთელით ითამაშო და ამან გაამართლოს, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უმეტეს გუნდს ძალიან კარგი ფლანგის ფეხბურთელები ჰყავთ. მაგრამ თუ ტაქტიკა უნდა შეცვალოს საჭიროა ფეხბურთელებიც, რომლებიც ახალ ტაქტიკას მოერგებიან. მაინც ვფიქრობ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ ვან გაალი ახალ ტაქტიკას შემოგვთავაზებს.

ანუ თვლით რომ "იუნაიტედი" კიდევ გააკეთებს შენაძენს?

კი რა თქმა უნდა, აგერ 20 წლის ადამიანი თბილისიდან ვხვდები, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელებია საჭირო და დავიჯერო 63 წლის სპეციალისტი ვერ ხვდება რომ ფეხბურთელები სჭირდება? (იცინის) სჭირდება ერთია, მაგრამ რამდენად შეიძენს მეორე. ერთი რამ ნათელია, რომ ფეხბურთელები აუცილებლად უნდა დავიმატოთ, თან სასურველია მაღალი დონის მოთამაშეები, როგორიც მაგალითად დი მარიაა და რომელიც კლუბს ორმაგად გააძლიერებს. მოკლედ მოუწევთ გლეიზერებს ჯიბეზე ხელის გასმა ამდენი წლის შემდეგ პირველად, რათა სასურველი ფეხბურთელები იყიდონ. მართალია იაფად ვერ იყიდიან, რადგან კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე არაა, მაგრამ არც ის თანხები უჭირთ, რასაც ფეხბურთელებს სხვა კლუბები აფასებენ.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ "იუნაიტედი" ასე ვთქვათ ყველამ გარიყა. აქ თამაშის სურვილი უკვე აღარ აღძრავს ფეხბურთელებში წადილს. თქვენი აზრით ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნაა მხოლოდ, თუ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაკარგა ხიბლი სხვების თვალში?

არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც ასეთი ისტორიის მქონე კლუბში თამაშზე უარს ამბობენ, მაგრამ ძირითადად ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც კლუბზე უფრო მაღლა დღესდღეობით ფული უყენიათ. ასე და ამგვარად იქ მიდიან, სადაც უფრო მეტ ხელფასს სთავაზობენ, ზოგსაც თავის ოცნების კლუბში თამაში ურჩევნია, რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი, საბედნიეროდ კიდევ შემორჩნენ ფეხბურთელები, რომლებსაც "იუნაიტედის" დონის კლუბებში ურჩევნიათ თამაში. მაგრამ თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნაც ძალიან დიდი მინუსია. ეს ისეთი ჩემპიონატია, სადაც თითოეულ ფეხბურთელს სურს თავი წარმოაჩინოს, შესაბამისად ასეთი ფეხბურთელები ისეთ კლუბებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ამის საშუალებას მისცემენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა გოგიტა ესიავას სიმპათიები დორტმუნდის "ბორუსიასაც" ერგო. განსხვავებით "იუნაიტედისგან", გერმანელები ჩემპიონთა ლიგაზე წელსაც იასპარეზებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" არ ყოფნის პერიოდში თქვენი ფავორიტი გერმანელები იქნებიან?

"იუნაიტედის" გარეშე ჩემპიონთა ლიგის ყურების სურვილი ნაკლებად მაქვს, მაგრამ ალბათ სწორედ "ბორუსიელები" იქნებიან ჩემი ფავორიტები. ისეთი მწვრთნელი, როგორიც კლოპია ერთ ჩემპიონთა ლიგას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ რამდენად შეძლებენ ეს სხვა საკითხია.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

საერთოდ არ მიყვარს წინასწარ რაიმეზე ლაპარაკი, მაგრამ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ, კერძოდ საბანკო საფინანსოზე. ჯერ უნივერსიტეტის დამთავრებას ვაპირებ, თან სასურველია კარგი სამსახურიც თუ მექნება და რა იქნება ამის შემდეგ დრო მიჩვენებს.

გოგიტა ესიავა საზაფხულო ტრანსფერების შესახებ ჭორების მთავარი მომწოდებელი იყო. ის ყოველდღიურად გვაწვდიდა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ცნობებს.

რატომ შეწყვიტეთ საიტისთვის სიახლის - "სატრანსფერო ციებ-ცხელება"-ს მიწოდება?

ჩემდა სამწუხაროდ რამდენიმე დღე ვერ მოვახერხე ამ სიახლის გაცნობა მომხმარებლებისთვის და თან მობეზრდა ხალხს ყოველთვის ერთი და იგივე ჭორი, ამასთანავე რამდენიმე დღეში დასასვენებლად ვაპირებ წასვლას და იქიდან ნამდვილად ვერ დავწერდი ამ სიახლეს, ამიტომაც გადავწყვიტე შემეწყვიტა ამ სიახლის მიწოდება. ისე ვფიქრობ, რომ გაამართლა და აქტიურობაც ყოველთვის იყო ამ სიახლეში კომენტარების მხრივ, გამიხარდება თუ გამოჩნდება ვინმე კეთილი ადამიანი და ამ საქმეს გააგრძელებს 1 სექტემბრამდე. თუ ვინმეს სურს, არ არის პრობლემა ყველაფერს ავუხსნი და აუცილებლად მივცემ მითითებებს რა და როგორ გააკეთოს.

აქტიურობის პრობლემა - ეს ზოგადი პრობლემაა. როგორ ფიქრობთ, რატომ ზარმაცობს მომხმარებელი აზრის დაფიქსირებისას?

აქტიურობის პრობლემა ნამდვილადაა, მაგრამ ამ პერიოდში უმეტესი ნაწილი დასასვენებლადაა წასული და ნაკლებად თუ აღევლებს ამა თუ იმ სიახლეზე კომენტარისა და საკუთარი აზრის დაფიქსირება. ამასთანავე სოციალური ქსელის მეშვეობით უფრო სწრაფად იგებენ სიახლეებს და იქ უფრო ურჩევნიათ აზრი დააფიქსირონ ვიდრე საიტზე, მაგრამ ეს გამართლებულად ნამდვილად არ მიმაჩნია. მომხმარებელი იმისთვისაა, რომ ბოლომდე მომხმარებელი იყოს, ანუ გარდა სიახლის გაცნობისა სასურველია თავისი აზრიც დააფიქსიროს კომენტარის სახით. შეიძლება ერთი კომენტარი მისთვის არაფერს არ წარმოადგენდეს, მაგრამ დამიჯერეთ, ყოველი თქვენი ერთი კომენტარი სიახლის ავტორისთვის ძალიან დიდი სტიმულია. ვერავის ვერ დაავალდებულებ კომენტარები წეროს და იაქტიუროს, მაგრამ თუ გვინდა, რომ ჩვენი საიტი და ფან-კლუბი გამორჩეული იყოს მაშინ ერთმანეთი უნდა შევავსოთ. ადმინისტრაციამ მომხმარებლებს სიახლეები მიაწოდოს და თავის მხრივ მომხმარებლებმა თავიანთი აზრი დააფიქსირონ ამა თუ იმ გამოქვეყნებულ სიახლეზე. ვფიქრობ არც ისე რთული გასაკეთებელია და მჯერა, რომ ეს პრობლემა მალე გამოსწორდება და საიტი ძველებურად აქტიური გახდება. უბრალოდ ასეთ საიტზე, სადაც ყოველთვის ამომწურავი და გამართული სიახლეები იდება, საკუთარი აზრის არ დაფიქსირება დანაშაულია!

იმედს ვიტოვებთ, რომ გოგიტას სიტყვები ქარწაღებული არ იქნება და ამის ფონზე ტრადიციულ კითხვებზეც გადავერთვებით.

რას უკავშირდება თქვენთვის არასასიამოვნო "მანჩესტერული" მოგონება?

არასასიამოვნო მოგონება "მანჩესტერთან" დაკავშირებით არის ის ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც კატალონიის "ბარსელონასთან" დავმარცხდით. საერთოდ ძალიან ძნელია იმის გაანალიზება და აღქმა, რომ ტიტულთან ასე ახლოს ხარ და ვიღაცა ხელს შეგიშლის. ნამდვილად რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ორივე ფინალი, რადგან მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა გვაკლდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ამ ნაბიჭის გადადგმა ვერ მოვახერხეთ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გოგიტა ესიავას საყვარელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" ამჟამინდელ შემადგენლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელი, ანდერსონია.

როგორ ფიქრობთ, უნდა გაყიდოს თუ არა "იუნაიტედმა" ანდერსონი?

ჩამჭრელი კითხვაა, მაგრამ მიუხედავად ანდერსონისადმი ჩემი სიმპატიისა ვთვლი, რომ მან კლუბი უნდა დატოვოს. საერთოდ არ მიმაჩნია სწორად, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს კლუბზე მაღლა აყენებენ. ანდერსონის შემთხვევაში ის კლუბს ნამდვილად აღარ სჭირდება და ვფიქრობ სხვაგან უნდა წავიდეს, ორივე მხარისთვის სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ამასთანავე არ მეწყინება თუ კლუბში დარჩება

ინტერვიუ კი როგორც ყოველთვის, საიტის შესახებ კითხვით დავასრულეთ.

როგორ მოხვდით საიტზე და რა შეგძინათ მან?

საიტზე მოვხვდი ძალიან მარტივად, როდესაც ამ საიტის შექმნა გადაწყვეტილი იყო მაცნობეს და შემომთავაზეს, რომ ამ საიტზე გამეგრძელებინა მოღვაწეობა და დავთანმხდი კიდეც. მაშინ ეს ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი იყო ამ ახალბედა საიტისა (იცინის).

ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა შემძინა, შემძინა ის, რომ გავიცანი ახალი ადამიანები და დროდადრო ასე ვთქვათ ერთი პატარა ოჯახის წევრი გავხდი. ვისურვებდი, რომ ეს დამოკიდებულება რაც ადმინისტრაციას ერთმანეთთან გვაქვს ასე გაგრძელებულიყოს ბოლომდე და ოჯახის გაფართოებაზეც არ ვიტყოდი უარს, გამიხარდება თუ შემოგვიერთთებიან და ჩვენთან ერთად ბოლომდე იდგებიან საკუთარი ფავორიტი კლუბის გვერდით


გოგიტა ესიავას ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
სიახლეები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Berba 9
22 აგვისტო 2014 09:27
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რა ბიჭი მყავს, რა ბიჭი :))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№2
ავტორი: GeorgeBest
22 აგვისტო 2014 10:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადმინისტრატორი და მანჩესტერელი

სამეგრელო შენთანაა!!!
0
№3
ავტორი: RioManIa
22 აგვისტო 2014 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
კარგი ინტერვიუა ნამდვილად.
0
№4
ავტორი: Best 7
22 აგვისტო 2014 11:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kargia interviua da admini ukve megreli
0
№5
ავტორი: Ferguson
22 აგვისტო 2014 11:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
საინტერესო ინტერვიუა, მე ახლა დავრეგისტრირდი საიტზე, უკვე დიდი ხანია შემოვდიოდი სტუმრის სტატუსით, კარგი საიტია სწრაფად იდება სიახლეები და ავტორებიც საინტერესოდ წერენ, ასე გააგრძელეთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№6
ავტორი: RedTeen
22 აგვისტო 2014 12:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
საინტერესო იყო..
0
№7
ავტორი: chudikone
22 აგვისტო 2014 12:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გოოოგიიტააა შე ისიაავაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: DaToO_o
22 აგვისტო 2014 13:14
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
ძალიან საინტერესო ინტერვიუ არის love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№9
ავტორი: LVG
22 აგვისტო 2014 14:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ისე, ამ გლეიზერების ოჯახში ყველა ერთმანეთს რომ გავს ;დ
0
№10
ავტორი: Lomsa099
22 აგვისტო 2014 14:19
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
დიმარია + ვინმე ნახევარმცველი და წელს გლოცავთ ახალწლამდე ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top