თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2015, 21:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 7915,
კომენტარები: 6
"სურვილის განსაზღვრისას". (ნაწილი II)
თავი II
შრომისმოყვარეობა

ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება მუშაობდნენ. მამა გლაზგოს გემთშენებაზე, დედა კი ჯერ მავთულების მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ კი, თვითმფრინავების დეტალების საწარმოში. მამა კვირაში 60 საათს მუშაობდა, მისი ცხოვრება რთული, მკაცრი და სახიფათო იყო. გლაზგო იმავე განედზე მდებარეობს, რაზეც მოსკოვი, ამიტომ, როცა ზამთარში კლაიდიდან ქარი დაბერავს, რთული დრო დგება. ჩვეუელბრივ, მამა კვირაში ერთხელ 2-კვირიან შვებულებას იღებდა. 1955 წელს კვირაში 64 საათს მუშაობდა 7 ფუნტსა და 15 შილინგად - დღევანდელ თანხაზე ეს 189 ფუნტია. 1979 წელს მამა გარდაიცვალა, დედამ სახლების დალაგებას მიჰყო ხელი. შესაძლოა, მშობლების მიჯაჭვულობა საქმეზე ნაკარნახევი იყო იმით, რომ მაშინ სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობდა. უსაფრთხოების სტანდარტები საშინელი იყო, სამედიცინო დაზღვევები არარაობანი, სარჩელის პრაქტიკა კი იდიოტური მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყო. არ მახსოვს, მშობლებს არ ემუშავათ. ზაფხულის არდადეგებზე ავტობუსით სოლტკოუტსში მივდიოდით, სადაც ჩემს ძმებთან ერთად ფეხბურთის, შაშისა და ჭადრაკის თამაში შეგვეძლო.

ასე შრომობდნენ ჩემი მშობლები, შეუჩერებლად, მე კი მივეჩვიე აზრს, რომ საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ ბეჯითი შრომით გავაუმჯობესებდი. ასე ვთქვათ, ამ აზრს დედის რძესთან ერთად ვსვამდი. არ შემეძლო უბრალოდ დინებას მივყოლოდი და ყოველთვის მაშფოთებდნენ ისინი, ვინც მიწაში მარხავდა ნიჭს მხოლოდ იმისთვის, რომ გვიანობამდე შრომისთვის მზად არ იყვნენ. გაცნობიერება იმისა, რომ სრული დატვირთვით მუშაობ, სიამოვნებას განიჭებს, ხოლო, როცა შენს შრომას ნაყოფი მოაქვს, უფრო კმაყოფილი ხარ. ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ხსნის, თუ რატომ გამოვედი მოედანზე ჩემი ქორწილის დღესაც და ჩემი შვილის დაბადების დღესაც. "იუნაიტედის" სათავეში ჩატარებული 1500 მატჩიდან მხოლოდ 3 გამოვტოვე. პირველი 1998 წელს მოხდა, გლაზგოში ჩემს ძმასთან მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ უნდა ჩავსულიყავი, შემდეგი 2000 წელს, ჩემი უფროსი ვაჟის ქორწილის გამო სამხრეთ აფრიკაში და ბოლოს, 2010 წელს, როცა დავიდ დე ხეას თამაშზე დასაკვირვებლად წავედი.

"სურვილის განსაზღვრისას". (ნაწილი 2)

სერ ალექსი და დავიდ დე ხეა


"სენტ-მირენსა" და "აბერდინში" მუშაობის დროს კვირაში რაც შეიძლება მეტ თამაშს ვუყურებდი. ჩვეულებრივ, კომპანიას არჩი ნოქსი, "აბერდინის" მწვრთნელის დამხმარე მიწევდა. არჩის მშობლები ფერმერები იყვნენ, თვითონ დანდის სიახლოვეს ფერმაში გაიზარდა. მატჩებზე ერთად დავდიოდით, ხოლო თუ გლაზგოში მივემგზავრებოდით, მანქანას ატარებდა და მე მეძინა, უკანა გზაზე კი - პირიქით, მე ვატარებდი და ის ხვრინავდა. ჩასვლა-ჩამოსვლას 6 საათი სჭირდებოდა. მაგრამ თუ მატჩის გამოტოვების და დასვენების სურვილი გაგვიჩნდებოდა, ერთმანეთს ვეუბნებოდით: "გლაზგოში ერთ თამაშს თუ გამოვტოვებთ, მეორესაც გამოვტოვებთ".

უმრავლესი კლუბების მწვრთნელები უფრო მეტს შრომობენ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრემიერ ლიგაში ყოველთვის მკაცრი ზეწოლაა, მის ფარგლებს გარეთ კი, არასაკმარისი რესურსია იმისთვის, რომ დიდი შტაბი დაიქირავო. ყოველ შემთხვევაში, როცა მე ვიწყებდი კარიერას, ასე იყო. "სენტ-მირენში" ჩემი დაწყების პერიოდში სულ 4 ადამიანი მუშაობდა: მწვრთნელის დამხმარე, სარეზერვო შემადგენლობის მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი და ეკიპირებაზე პასუხისმგებელი. "აბერდინში" კი ტედი სკოტი ეკიპირებაზე პასუხისმგებელიც იყო, რეზერვების გაწვრთნაზეც და საერთოდ ყველაფერზე. ფორმის კომპლექტსაც ის რეცხავდა და აუთოებდა. ტედის ხანდახან ბილიარდის მაგიდაზე უხდებოდა დაძინება, რადგან სახლამდე მიმავალ ბოლო ავტობუსამდე აგვიანებდა. "იუნაიტედშიც" კი, გზის დასაწყისში შტაბში მხოლოდ რვა კაცი იყო.

"აბერდინში" რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ყველა თანამშრომელი, მოსწავლეებისა და კლუბის ელჩის ჩათვლითაც კი, დილის ექვს საათზე მოდიოდნენ, რათა მოედანი თოვლისგან გაეწმინდათ. 1980 წლის მარტში ჩემი პირველი ჩემპიონის ტიტულისკენ გზა დავიწყეთ იმ დღეს, როცა მოედნის გაწმენდა თოვლის 20-სანტიმეტრიანი საფარისგან მოგვიხდა. მაშინ "მორტონი" 1-0 დავამარცხეთ. ის ერთდაერთი შეხვედრა იყო, რომელიც იმ დღეს შოტლანდიაში შედგა.

უმაღლესი დონის ყველა მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი, ჟოზე მოურინიო, არსენ ვენგერი - უმკაცრესად უდგებიან შრომით დისციპლინას. მაგრამ ყველაზე მეტად დაუფასებელი გმირები აღმაფრთოვანებენ - მწვრთნელები, რომლებიც არასდროს ჩაიქნევენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ბედმა დიდ კლუბში მუშაობა არ არგუნათ. შოტლანდიაში წვიმიან ღამეებში, როცა უფრო სასიამოვნო იქნებოდა სახლში ტელევიზორის წინ დაჯდომა, ალექს სმიტსა და ჯიმ მაკლინს ღვთისგან მივიწყებულ ადგილებში დავატარებდი. ალექსი შოტლანდიურ კლუბებს დაახლოებით 40 წელი წვრთნიდა, ჯიმი 22 სეზონის განმავლობაში იყო "დანდი იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი. ლენი ლოურენსისა და ჯონ რაჯის სახელები არასაფეხბურთო პუბლიკისთვის საერთოდ უცნობია, მაგრამ ლენი - ერთ-ერთი იმ მცირედგანია, ვინც მწვრთნელის პოსტზე 1000 მატჩზე მეტი ჩაატარა. ლენი ისეთ კლუბებში მუშაობდა, როგორიც "ჩარლტონ ატლეტიკი", "ბრედფორდ სიტი", "ლუტონ თაუნი" და "გრიმსბი თაუნია". ჯონი კი 16 სეზონის განმავლობაში "პორტ ვეილს" წვრთნიდა, შემდეგ 14 წელი "სტოკ სიტიში" ფეხბურთის განვითარების დირექტორად მუშაობდა. ეს ადამიანები არასდროს ნებდებოდნენ. ისინი ფეხბურთმა ჩაყლაპა. ხშირად მინახავს როგორ სხედან გულშემატკივართა შორის და ჩვენი სარეზერვო შემადგენლობის მატჩებს უყურებენ.

სიბეჯითესა და ამტანობაში ზემოჩამოთვლილ სპეციალისტებს ზოგიერთი ფეხბურთელიც გაეჯიბრება. სამით ვიყავი აღფრთოვანებული: ტონი ადამსი "არსენალიდან", ჯანფრანკო ძოლა, როცა "ჩელსიში" თამაშობდა და ჯეიმი კარაგერი "ლივერპულიდან". ადამსი ყოველთვის "იუნაიტედის" მოთამაშედ მესახებოდა, რომელმაც უბრალო შეცდომის გამო მოირგო სხვა მაისური. ალკოჰოლმა მრავალ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა და ამის გამო გარდაიცვალნენ კიდეც. "იუნაიტედის" მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება ჯორჯ ბესტის სამწუხარო ბედი. ამიტომ ის ფაქტი, რომ 1990-ანი წლების მიწურულს ტონი საკუთარ დემონებს შეებრძოლა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. მაგრამ ჩემი ყურადღება მისი თამაშის დონემ მიიპყრო. როცა ნიჭი ან სისწრაფე არ ჰყოფნიდა, სიცარიელეს შრომისმოყვარეობით ავსებდა. საკმაოდ საშუალო დონის მოთამაშე იყო, რომელმაც მცდელობითა და ბეჯითი შრომით საკუთარი თავი ლიდერად აქცია. ყოველთვის ჰქონდა გამარჯვებულის მენტალტეტი და ჯორჯ გრემსა და არსენ ვენგერს მისდამი რწმენისადმი სრულად გადაუხადა საფასური.

"სურვილის განსაზღვრისას". (ნაწილი 2)

ტონი ადამსი


ძოლას პროფესიონალის შესანიშნავ მაგალითად ვთვლიდი. ყოველთვის უსიამოვნებებს გვაყენებდა და არასდროს ნებდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი იყო, მცველებს, რომლებიც ერთი თავით მაღლები და ძლიერები იყვნენ მასზე, ადვილად უმკლავდებოდა. ცბიერი, დაუჯერებლად შემოქმედი და დაუოკებელი იყო. თამაშისადმი მისი მიდგომა აბსოლუტურად ესადაგებოდა ჩემსას.

ჯეიმი კარაგერი ახალგაზრდობაში "იუნაიტედში" ვარჯიშობდა. ჩვენთან ნახევარდაცვაში მოქმედებდა. "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ როგორღაც მოახერხა და გუნდის სული და გული, მისი მამოძრავებელი ძალა გახდა. მწვრთნელის პოსტზე ჩემს ბოლო სეზონში შეცვლაზე უნდა შემოსულიყო. თამაშს სრულიად ვაკონტროლებდით. კარაგერს ვუჩურჩულე: "ერთ რამეს გთხოვ - ჩვენი ბიჭების ცემა შეწყვიტე". ჯეიმიმ მიპასუხა: "თითოეულ მათგანზე თავდასხმას ვაპირებ". მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა, რამდენიმეჯერ შევხვდით და მართლა გაოცებული დავრჩი. არ გამიკვირდება, თუ მომავალში "ლივერპულს" ჩაიბარებს, მაგრამ ჯერ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ტელევიზიის დატოვება და უფრო რთული საფეხბურთო გამოწვევის მიღება.

"იუნაიტედის" გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მრავალი ფეხბურთელი ჰყავდა. როცა გამარჯვებები ცხოვრების სტილი ხდება, ნამდვილი გამარჯვებულები დაუოკებელნი არიან. თუმც ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელები საკუთარ თავს ეჯიბრებიან, რათა იმდენად კარგად ითამაშონ, რამდენადაც შესაძლებელია. გასაკვირი არ არის, რომ ხანდახან მოედნიდან რონალდუს, ძმები ნევილების, კანტონას, სქოულზის, გიგზისა თუ რუნის გაყვანა ძალით გვიხდებოდა. მათ განვითარებისა და წარმატების მიღწევის თანდაყოლილი სურვილი ჰქონდათ. მაგალითდ, გარი ნევილი განსაკუთრებული მონდომებით შრომობდა, რადგან ესმოდა, რომ ბუნებრივი ნიჭი არ ჰყოფნიდა, რომლითაც სხვა თანაგუნდელები იყვნენ დაჯილდოებულნი. არასდროს ვღელავდი იმაზე, თუ როგორ ატარებდა პარასკევ საღამოს, რადგან ადრე, განსაკუთრებით ადრეულ წლებში, დასაძინებლად ყოველთვის ათ საათზე იძინებდა.

დევიდ ბექჰემიც უნიკალური იყო. როცა კლუბს შემოუერთდა, რაღაც ჭაობში ცხოვრობდა, ამიტომ ვარჯიშებზე დილით და დღისით ვერ მოდიოდა, სამაგიეროდ საღამოს სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვარჯიშობდა. სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელები ძუნძულით დარბოდნენ, რათა მათი ფიზიკური მომზადება შეგვეფასებინა. ბექჰემის შედეგები ყოველთვის სცდებოდა საზღვრებს. იმავეს თქმა შეიძლება რონალდუს შესახებ. მას სურდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყოფილიყო და ამის მისაღწევად ყველაფერს აკეთბდა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ინგლისში გადასვლამდე დიდ ყურადღებას აქცევდა კვებას. იმ დღეებში, როგორც ფანატიკოსი, მატჩის შემდეგ ყინულის აბაზანას იღებდა, რათა იმავე დონეზე გაეგრძელებინა ასპარეზობა, რომელიც თავად დაისახა. ალკოჰოლი არ აინტერესებდა და წონას საჭიროზე სამი კილოგრამით დაბლა ინარჩუნებდა. ახლა, როცა უკვე 30 წლისაა, ეს ყველაფერი ძველი სისწრაფის შენარჩუნებაში ეხმარება.

იდეალში, მოედანზე ყოველთვის გამომყავდა 11 ფეხბურთელი, რომლებიც იმდენად ნიჭიერები იყვნენ, რამდენადაც შრომისმოყვარეები. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდებოდა. არჩევანის გაკეთება რომ მიხდებოდეს ზედმეტად ნიჭიერ, მაგრამ არაშრომისმოყვარე ფეხბურთელსა და კარგ, მაგრამ ბეჯითად და მიზანდასახულად მშრომელ ფეხბურთელს შორის - უყოყმანოდ ავირჩევდი უკანასკნელს. პირველი ტიპის მოთამაშე მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში ითამაშებს კარგად, ასეთი ფეხბურთელები ხანგრძლივვადიანი არ არიან, ამის გარეშე კი კლუბს სტაბილურობა და მუდმივობა არ ექნება.

სამუშაო ეთიკა, რომელიც აღვწერე მრავალ მწვრთნელსა და ფეხბურთლზე საუბრისას, გამოსადეგია ნებისმიერი სპორტის სახეობის კარგ სპორტსმენის შემთხვევაში. ასეთი ადამიანები დაუჯერებლად დამშეულნი არიან სამუშაოზე და თვითკონტროლს სწევენ. შეხედეთ ჟოკეი ე.პ. მაკკოის, რომელმაც 4 000-ზე მეტი გარბენი მოიგო და კარიერის განმავლობაში მთელი ნეკნები და ბევრი სხვა ძვალი მოიტეხა. მისი ჩვეულებრივი წონა - 75 კილოგრამია, მაგრამ 25 წლამდე 63 კგ-ზე ჩერდებოდა. როცა კარიერა დაასრულა, მისმა ცოლმა აღნიშნა, რომ ახლა კარტოფილის მომზადების სწავლა მოუწევს. ნემანია ვიდიჩს, "იუნატედის" დაცვის ყოფილ ბოძს, ჰყავს მეგობარი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ტენისის ჩემპიონია და მსგავსი ენერგეტიკა მასაც აქვს. მხოლოდ გაოცებას თუ შეძლებ, როცა მისი ფიტნეს-რეჟიმისა და დიეტის შესახებ გესმის.

"სურვილის განსაზღვრისას". (ნაწილი 2)

ალექს ფერგიუსონი და ნემანია ვიდიჩი უიმბლდონზე


საუკეთესო ფეხბურთელებიც ასეთივე დისციპლინირებულები არიან, თუმცა ხანდახან ჩნდება მათ დუბაიში ან წვეულებაზე გოგოსთან ჩახუტებული გადაღებული ფოტოები და საპირისპირო შთაბეჭდილება გექმნება. მათ უხდებათ თავდაუზოგავად შრომა. არა მარტო იმიტომ, რომ ეს მწვერვალის მისაღწევად აუცილებელია, არამედ იმიტომაც, რომ ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვისაც მათი ადგილის დაკავება სურთ. ესეც ხსნის მიზეზს იმისა, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა მუშათა კლასიდან მოდის.

გასაგებია, საშუალოშემოსავლიან ოჯახში მშობლები იმაზე ზრუნავენ, რომ ბიჭებმა კოლეჯში ჩააბარონ, ან რამე პროფესიას დაეუფლნონ. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ოჯახებში ფეხბურთს განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობენ. მთელს მსოფლიოში ფეხბურთი აინტერესებთ ბიჭებს, რომლებიც განათლებას აღარ მიიღებენ. არჩევანი არ აქვს - საკუთარი საფეხბურთო ოსტატობის გაზრდაზე აუცილებლად ბევრი უნდა იშრომო, რათა უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა განაგრძო. ჩვენს ცხოვრებაში "მუშათა კლასის" გაგება უკვე აღარ ნიშნავს იმას, რასაც რამდენიმე ათწლეულის წინ, მაგრამ "იუნაიტედის" ფეხბურთელთა უმრავლესობა ამ კლასიდანაა, რომელსაც ახლა "ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებს" უწოდებენ. არ მინდა წუწუნა დედაბერად მოგეჩვენოთ, მაგრამ ახლა ცხოვრების დონემ აიწია, თანამედროვე ფეხბურთელები ცხელი წყლის, ტელევიზიის, ტელეფონის, კომპიუტერის, ავტომობილისა და ბიუჯეტური უზრუნველყოფის ფონზე იზრდებიან, და საერთოდ, გაცილებით მოსახერხებელი გარემო პირობებია იმასთან შედარებით, რაშიც მე მომიხდა გაზრდა. დიდი ხნის განმავლობაში სისუსტეს განვიცდიდი მუშათა კლასის ხალხის მიმართ, რადგან მიმაჩნდა, რომ მათი წარმომავლობა საშუალებას აძლევდა მათ ცხოვრების სირთულეებისთვის მომზადებულიყვნენ.

ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ მოთამაშე თითოეული ბრიტანელისთვის ფეხბურთელი უბადრუკი არსებობის ბედნიერი ბილეთი იყო. რაიან გიგზს რთული ბავშვობა ჰქონდა. როცა დაიბადა, დედამისი მხოლოდ 17 წლის იყო. მამის ხაზით ბაბუა კი, სერა-ლონედან მოდიოდა, ამიტომ ბავშვობაში რაიანს რასისტული გამონათქვამების მოსმენა უწევდა. ოჯახი უელსიდან გაემგზავრა, როცა პატარა ბიჭი იყო. მამამისმა, დენი უილსონმა რაგბის კავშირი დატოვა და ჩრდილოეთ ინგლისში პროფესიონალი მორაგბე გახდა. შემდეგ მამა ოჯახიდან წავიდა, რაიანს დედა ზრდიდა, მას ლინ გიგზი ერქვა. სოლფორდში ცხოვრობდნენ, სწორედ იქ განვითარდა მისი საფეხბურთო ნიჭი. ლინი ორ სამუშაოზე მუშაობდა - ოფიციანტად და ექთნად. რა თქმა უნდა, მარტოხელა დედას საკმარისი ფული არ ჰქონდა იმისთვის, რომ რაიანისთვის საუკეთესო საფეხბურთო ბუცები შეეძინა. მაგრამ მან რაიანს შრომისმოყვარეობა შესძინა. ის - წმინდანია. რაიანმა განადიდა, როცა უილსონის გვარი გიგზით შეცვალა.

დევიდ ბექჰემის ოჯახი აღმოსავლეთ ლონდონის პატარა სახლში ცხოვრობდა, მამამისი სითბოტექნიკოსი იყო. პოლ სქოულზი ლენგლის მუნიციპალურ სახლში იზრდებოდა - ნიკი ბატი გორტონიდან მოდის. ორივე ამ ადგილზე პარკირებულ ბენტლის ვერ დაინახავ. უეინ რუნი წარმოშობით ლივერპულის არახელსაყრელი რაიონიდანაა, სერიოზულად ფიქრობდა, პროფესიონალი მოკრივე გამოსულიყო. დენი უელბეკი და უეს ბრაუნი ლონგსაიტში ცხოვრობდნენ, მანჩესტერის ეს რაიონი ქუჩის ბანდებით არის ცნობილი. ბრაიან რობსონის მამა სატვირთოს მძღოლი იყო, რიო ფერდინანდი პეკჰემში დაიბადა, ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ კვარტალში. სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.

წლებთან ერთად უკეთესად გავერკვიე ბრიტანელ ფეხბურთელებზე წარმომავლობის გავლენაში, რადგან მათ ოჯახებსა და სკოლებზე ინფორმაცია მივიღეთ. როცა ახალგაზრდების მოყვანა სამხრეთ ამერიკიდან ან დასავლეთ ევროპიდან დავიწყეთ, მოთამაშეების მთელ ამ ნიუანსებსა და ხასიათში გარკვევა უფრო გაჭირდა. გარდა ამისა, 1990-ანი წლების შუალედში ახალგაზრდებს ნათლად ესმოდან საკუთარი ადგილი საკლუბო იერარქიაში. მათ ვალდებულებაში შედიოდა ბუცების წმენდა, გასახდელის დალაგება და ბურთებისა და პერანგების შეკრება - მოედანზე გადიოდნენ და ბურთებსა და პერანგებს აგროვებდნენ, რომლებსაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ ყრიდნენ. მაშინ ბიჭებს ესმოდათ, რომ პირველი გუნდის გასახდელ ოთახში შესვლა მკაცრად ეკრძალებოდათ. ასეთი რიტუალები მათ უფრო მეტის მიღწევას აიძულებდა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბიჭებში, რომლებიც სხვა ქვეყანაში გაიზარდნენ, უფრო ხშირად ვამჩნევდი ხასიათს, რომელსაც მანამდე ბრიტანელ ფეხბურთელებში ვხედავდი. კრიშტიანუ რონალდუმ ნამდვილად იცოდა, რა არის ვალდებულება. მადეირას სოფელში ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა, დედა ზრდიდა. ტიმ ჰოვარდი, რომელიც "იუნაიტედის" მაისურით 77-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, წარმოშობით ნიუ-ჯერსიდანაა, მასაც მარტოხელა დედა ზრდიდა, რომელიც აშშ-ში უნგრეთიდან გადასახლდა და ორ სამუშაოზე მუშაობდა მას შემდეგ, რაც ტიმის მამამ მიატოვა. კიდევ ერთი მაგალითი - ძმები და სილვები. წარმოშობით პეტროპოლისიდან არიან, ბრაზილიიდან და ორივე მათგანი სრული პასუხისმგებლობით ირჯებოდა. მანჩესტერის ყველაზე ცივ დღეებში რაფაელი ვარჯიშებზე მაისურითა და შორტით მოდიოდა, ყველა დანარჩენი კი, ჩემი ჩათვლით, რამდენიმე წყვილ ტანსაცმელში ვიყავით გახვეულნი. ერთ-ერთი ბოლო სეზონის მიწურულს ვურჩიე, ზაფხულს კარგად დაესვენათ, მერე კი გაირკვა, რომ მამამ ისინი მშობლიურ ქალაქში ნამდვილი საფეხბურთო მოედნით აღჭურვა, რათა მეგობრებთან ერთად ყოველდღე ეთამაშათ.

"სურვილის განსაზღვრისას". (ნაწილი 2)

ფაბიო და რაფაელ და სილვები


ბევრი უცხოელი ფეხბურთელისთვისაც იყო ფეხბურთი ცხოვრების ბილეთი. მათგან საუკეთესოებს ამ ინდუსტრიის სამუშაოს თანდაყოლილი შესაძლებლობები აქვთ და ესმით, რომ თუ ნიჭისა და შრომის შეერთება მოხდება, მრავალი რამის მიღწევა შეიძლება. ჩემს დროში მამა თვითონ მიკეთებდა სათამაშოს შობის საჩუქრისთვის. ვეჭვობ, რომ ზოგიერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა იცის ეს რას ნიშნავს. მათგან ბევრი, ვინც შევიძინეთ ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ, როგორც ბრიტანელი თანაგუნდელები და შეიძლება, უარესშიც კი. ადნან იანუზაი 16 წლის იყო, როცა 2011 წლის მარტში შევიძინეთ. ბელგიაში დაიბადა, მისი მშობლები ყოფილი იუგოსლავიის მარწუხებიდან გაიხიზნენ. ეკვადორელი ანტონიო ვალენსია ძალიან ღარიბი ოჯახიდანაა, როგორც ბრაზილიელი ანდერსონი. ანდრეი კანჩელსკისი, რომელიც ჩვენს რიგებში 90-ან წლებში გამოდიოდა, წარმოშობით საბჭოთა კავშირიდანაა. კარლოს ტევესი ნარკოტიკული საშუალებებით შეპყრობილ და ნახევრადმიტოვებულ ბუეონოს-აირესის გარეუბან ფორტ ა-პაჩიდანაა. კვინტონ ფორჩუნი სამხრეთი აფრიკის დაბაში გაიზარდა აპარტეიდის დროს.

სამწუხაროდ, არსებობს მოთამაშეთა მაგალითიც, რომლებიც ისეთივე პირობებში გაიზარდნენ, როგორშიც გიგზი და რონალდუ, მაგრამ, მიუხედავად დიდებული ბუნებრივი ნიჭისა, არასაკმარისად ძლიერები აღმოჩნდნენ ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ბავშვობის ტრავმებისა და შინაგანი დემონების გადატანა ვერ მოახერხეს. ყველაზე სამწუხარო რაველ მორისონის ბედი აღმოჩნდა. ისეთივე დაჯილდოებული იყო ნიჭით, როგორც ყველა მოზარდი, რომლებიც შევიძინეთ, მაგრამ ის უსიამოვნებების მოზიდვას აგრძელებდა. ძალიან არასასიამოვნო იყო მისი გაყიდვა "ვესტ ჰემში" 2011 წელს, მას ხომ შეეძლო დიდებული ფეხბურთელი გამხდარიყო. მაგრამ წლები გადიოდა, მისი პრობლემა მოედანს ფარგლებს გარეთ კი მხოლოდ იზრდებოდა, ამიტომ მხოლოდ ერთი არჩევანი დაგვრჩა: ნახევრის მოკვეთა. სავარაუდოდ, რაველი მაინც არ გაიზარდა, 2015 წელს "ვესტ ჰემმა" მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მყარად მჯერა, რომ ხალხში, რომლებიც ბავშვობაში სირთულეებს აწყდებოდნენ, სურვილისა და მოტივაციის პოვნა შეიძლება. როცა "იუნაიტედის" თამაშს რაღაც აკლდა და ფეხბურთელებს სტიმული სჭირდებოდათ, მატჩების წინა შეკრებებს ყოველთვის ფეხბურთელებისთვის შეხსენებით ვასრულებდი, რომ ისინი მუშათა კლასიდან მოდიან, სადაც ხალხი მცირედით კმაყოფილდებოდა. ვამბობდი, რომ ალბათ, მათი ბებია-ბაბუა ან ოჯახის სხვა წევრები მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ყოველდღე ირჯებოდნენ, როცა ფეხბურთელებს მხოლოდ 90 წუთი უნდა ეშრომათ და ამისთვის დიდი თანხა მიეღოთ. მახსენდება და ვფიქრობ, რომ ფრაზა "მუშათა კლასი", შესაძლოა, ზოგიერთ ფეხბურთელს ცოტა რამეს ეუბნებოდა, განსაკუთრებით უცხოელებს, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა მათგანი იცნობდა ადამიანებს, რომლებმაც რთული დრო გადაიტანეს. რაღაც მხრივ თითოეული ჩვენგანი თავს აუტსაიდერად გრძნობდა, ხოლო თუ საქმე ასეა, ორი გზა არსებობს: ან თავი განდევნილი გგონია, ჩივილის მიზეზს ეძებ და ცხოვრებაზე წუწუნებ, ან ამ გრძნობას იმისთვის იყენებ, რომ მაღლა აიჭრა და ტროელივით იშრომო. მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნებოდი: "ზუსტად იმ წუთს, როცა სხვა გუნდებზე მეტად აღარ ვიშრომებთ, აღარც "მანჩესტერ იუნაიტედი" ვიქნებით".

პირველი ნაწილი

წყარო: carrick.ru
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2015 21:06
  • სიახლეები: 6852
  • კომენტარები: 8666
მას, ვისაც წაკითხვის სურვილი აქვს და ელოდება, ვეტყვი, რომ ყოველ ხუთშაბათს დაიდება საღამოობით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2015 22:54
  • სიახლეები: 1387
  • კომენტარები: 12127
ჩემი ფავორიტი სიახლეა. არ ვიცი მიზეზი ეს რატომ არ უნდა წაიკითხო

ფერგის ეს თვისება ჰქონდა ყველაზე კარგი რომ პირველ რიგსი შრომას აფასებდა და მონდომებას, არა ავტორიტეტებს. ამიტომაც შეკრა უმაღლესი კლასის გუნდი, ამიტომ მოიგო ქლევერლით პრემიერ ლიგა

დე ხეა საუკეთესოა რაც ამ გუნდს დაუტოვა, მისი ნდობის დამსახურებაა რომ ესეთი პროგრესი დადო, თორე ვისაც დე ხეა ახსოვს დასაწყისში არამგონია ეს მომავალი ეწინასწარმეტყველებინა. ნიჭიერი იყო ყველამ ვიცოდით და მე პირადად მარტო იმიტომ მჯეროდა რომ გაამარტლებდა რომ ფერგი ამბობდა ამას. ლიდეგაარდი ბევრად უკეთესი იყო კარში მაგ დროს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
22 ოქტომბერი 2015 23:08
  • სიახლეები: 6852
  • კომენტარები: 8666
ცხოვრების ფილოსოფიასთან მიახლოებული პროფესიული ფილოსოფიაა, რომელიც წარმატებისა და გამოცდილების ნაზავია და ნებისმიერ ეპოქაში გამოდგება. როგორც ერთ-ერა რუსმა კომენტატორმა თქვა: "ლეონიდ სლუცკის ფერგის წიგნი სამაგიდო წიგნად უნდა ჰქონდეს".
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Martial
23 ოქტომბერი 2015 00:44
  • სიახლეები: 51
  • კომენტარები: 468
რაფაელი ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ფეხბურთელი გვყავდა. ტრავმები რომ არა დღეს საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებდა, ყველა ესე ახასიათებს ვინც მასთან ერთად თამაშობდა :))
0
№5
ავტორი: Mufc7
23 ოქტომბერი 2015 01:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3019
როგორ ველოდები ხოლმე ამ სიახლეს... წავიკითხე და კომენტარს რამდენი საათის მერე ვწერ. ყველაფრის ერთად თქმა მინდა ხოლმე, მაგრამ აქ ვერ დავატევ,გამიჭირდება. ახლაც მიჭირს რამე დავწერო. უბრალოდ, მადლობა გიორგის, ამ წიგნის ჩვენამდე მოწოდებით რომ გვაბედნიერებს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2015 18:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4671
წარმატებული მხოლოდ მაშინ არ ხარ როცა რამეს მიაღწიე, არამედ მაშინ როცა სხვებსაც მიეცი ბიძგი და მიმართულება რათა გახდნენ წარმატებულნი. ეს კაცი კი კიდევ აგრძელებს სხვებისთვის სამაგალითო პიროვნება იყოს და რაც მთავარია სტიმულს უნერგავს ადამიანს, რათა დაანახოს თვითონ საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა. ასევე სხვა დანარჩენები ვისაც დაეხმარა მან საიდან დაიწყეს და სადამდე მივიდნენ და აგრძელებენ სვლას. ასევე მისი ქცევა გასაოცარი ოპონენტების მიმართ. ყველაზე გამოსარჩევი მაინც მე ვთვლი კარაგერის მომენტია, არა მგონია, რომ ესეთი ერთჯერადი საუბარი ყოფილიყო მას ყოველთვის ჰქონდა მონიწააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთან საუბარი, მაგრამ ყველაფრის ხაზგასმით დამახსოვრება და მერე ამის ფონზე გამოტანა ისე, რომ მიგახვედროს თუ რაში იყო საქმე მართლა გენიოსი უნდა იყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 იანვარი 2019, 19:00
იუნაიტედი
ბრაიტონი
პრემიერ ლიგა
25 იანვარი 2019, 23:55
არსენალი
იუნაიტედი
ინგლისის თასი
29 იანვარი 2019, 23:59
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი19 იანვარი
არსენალი25 იანვარი
ბარნლი29 იანვარი

წინა მატჩები

13 იანვარი 2019, 20:30
ტოტენჰემი0
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
5 იანვარი 2019, 16:30
იუნაიტედი2
რედინგი0
ინგლისის ასოციაციის თასი
2 იანვარი 2019, 23:59
ნიუკასლი0
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი13 იანვარი
რედინგი5 იანვარი
ნიუკასლი2 იანვარი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top